რომან გოცირიძეს და კომპანიას მოსკოვის ცრემლების სჯერათ

რომან გოცირიძეს და კომპანიას მოსკოვის ცრემლების სჯერათ

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ „ბიძინა ივანიშვილს მისი საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ქართველები, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი ცოდნა, იმისათვის, რომ მისი და ოლიგარქის მართველობა განასხვაოს, მათ თბილისში ჩამოსვლისთანავე წალეკავენ“. ექს-პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე წერს, ახლა საქმე უკრაინაში აქვს, სადაც ქვეყანას მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან ათავისუფლებს.

სააკაშვილის ამ პუბლიკაციას თან ახლავს აუდიოჩანაწერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსმა „პრანკერებმა“ თითქოს შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილთან ჩაწერეს. აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე გამოქვეყნდა სააკაშვილის ჩანაწერიც, სადაც მას ჰგონია, რომ ტელეფონზე პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენელს ესაუბრება და სადაც თავისი მოქალაქეობის დაბრუნების პირობებზე მსჯელობს.

როგორც ცნობილია, Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი „პრანკერების“- „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თნახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან არის შეთანხმებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მსგავსი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. როგორც გიორგი მღებრიშვილის უწყებაში ამბობენ, ზოგადად, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით განიხილავს, არასერიოზულია.

თავად რუსი „პრანკერი“ მზად არის დაამტკიცოს გიორგი მღებრიშვილთან მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრის ფაქტი. ანდრეი სტოლიაროვი, იგივე „ლექსუსი“, მზად არის გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ექსპერტიზას გადასცეს. მისი თქმით, მინისტრმა მათ ღია სატელეფონო კავშირის დროს საქართველოს პრემიერისა და პოროშენკოს საიდუმლო შეთანხმება გაუმხილა, რითაც შიდა ინსტრუქცია დაარღვია.

შინაგან საქმეთა მინისტრისა და რუსი პრანკერის სატელეფონო საუბრის შესახებ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც ჩანს, საკითხის არასერიოზულობიდან გამომდინარე, ეს საკითხი საგამოძიებო ორგანოების ინტერესის სფერო ვერ გახდება. ხელისუფლებისგან განსხვავებით, რუსი „პრანკერების“ ჯერა ოპოზიციას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და აუდიოჩანაწერზე საერთაშორისო საექსპერტო ბიუროსთვის წარდგენას ითხოვს, რათა დადგინდეს ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ხმა გიორგი მღებრიშვილს. ნაციონალები ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

„რატომ არ იწყებს გამოძიებას პროკურატურა, როდესაც ამ საგამოძიებო ორგანოს აქვს გამოძიების დაწყების პირდაპირი ვალდებულება? რაღაც შეთითხნილი დამონტაჟებული საუბრები როდესაც იდებოდა ინტერნეტში და ეხებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მასზე მომენტალურად იწყებოდა გამოძიება.

რატომ არ იწყებს გამოძიებას თავად შსს, რათა შელახული პრესტიჟი აღიდგინოს? გამოძიება არ იწყება იმიტომ, რომ ეს არის 100%-ით ზუსტი ჩანაწერი, პატარა ბავშვსაც რომ მოასმენინო ისიც კი დაადასტურებს, რომ ეს ჩანაწერი არ არის ფაბრიკაცია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, რომლის მტკიცებით, ჩანაწერით გამოჩნდა, რომ ნამდვილად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ და ეს არის უფრო დიდი პოლიტიკური დევნის ნაწილი, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რაც მისი თქმით, ძალიან აზიანებს ქვეყანას.

„ამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული ქვეყნის პრესტიჟით. ისინი დაინტერესებული არიან დივიდენდების მიღებით. ცალკე საკითხი არის ის, რომ ტყუილი თქვეს, როდესაც საზოგადოებას უთხრეს, რომ არ ყოფილა ეს თემა განხილული უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დრო და მეორე, უბრალოდ საცინლად ასაგდები გახდნენ იმ ფორმის გამო, როგორც მოხდა ამ ინფორმაციის გაჟონვა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რუსი „პრანკერების“ პროფესიული ხულიგნობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხი კვლავ ძალაშია. უმრავლესოის ლიდერი იზიარებს შსს-ს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის სატელეფონო საუბრები დაცული ხაზებით ხორციელდება.

„რაც შეეხება ამ კონკრეტული ადამიანის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს, რა თქმა უნდა, ძალაშია და რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული. როდესაც ადამიანი ექვემდებარება სამართლებრივი თვალსაზრისით ექსტრადირებას, ის უნდა იყოს გადმოცემული კონკრეტული ქვეყნისათვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერს იუმორისტულ ჟანრში განიხილავს  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია და პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევს, საარჩევნო კამპანიის დროს დაკავდნენ უფრო სერიოზული თემებით, როგორიცაა საარჩევნო პროცესი და თავიანთი შესაძლებლობები მიმართონ უფრო სერიოზული საკითხებისკენ.

„მე ვერ განვიხილავ მოდელირებულ საუბარს სერიოზულად და არ მჯერა, რომ ამას საერთო აქვს რეალობასთან. ფაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები შედეგით უმრავლეს შემთხვევებში სწორედ რუსეთის ინტერესებისა და მათი სპეცსამსახურების ხელწერის გამტარებელი იყო. მოდელირებული ქრონიკები და მოდელირებული ჩანაწერები ეს სწორედაც რომ მიმართული იყო საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

სააკაშვილს ბრალი ოთხი უმძიმესი ბრალდებით აქვს წარდგენილი და მართლმსაჯულება მას ელოდება. ეს არაა პოლიტიკური დევნა. ეს არის სამართლის აღსრულება და უამრავი დაზარალებული ადამიანისთბის პასუხის გაცემა. ამ პროცესს კანონის მოთხოვნებით მივყვებით. შესაბამისი უწყებები სწორედ ამით არიან დაკავებულნი. ჩვენ ვქმნით სისტემას, სადაც არა პიროვნებები წყვეტენ კანონი ვის მიმართ გავრცელდეს, არამედ ვქმნით გარანტიებს, რომ კანონის წინაშე ყველა პირის თანასწორობა იყოს უზრუნვეყოფილი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობის პოზიციას იზიარებს და Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს პროვოკაციას უწოდებს.

„ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებით, მათ შორის უკრაინული „ვიკილიქსიდან“ განხორციელებული არაერთი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. ცხადია, არასდროს, არც მაშინ და არც ახლა, მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მოგვიხდენია და არც ახლა მოვახდენთ რეაგირებას“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 „გახსოვთ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი სატელეფონო საუბრები? იგივე ვანო მერაბიშვილი შს მინისტრი იყო და გახსოვთ უკრაინის რევოლუციაში მონაწილეობის შესახებ ჩანაწერი? ასე რომ, თუ მოსმენა გინდა, ეს ორივე მხრიდან შესაძლებელია. ანუ, თუ დავუშვებთ იმას, რომ შეიძლება უსმენენ უკრაინის შს მინისტრს, ან გიორგი მღებრიშვილს, მერე ამის გაპრავება უნდათ იმისათვის, რომ წყარო არ გასცენ, ინფორმაციას აწვდიან „პრანკერებს“და ვიღაცეებს შემოაგდებენ“, - ამბობს ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი.

მისი თქმით, ზოგადად, „პრანკერები“ საინტერესო თემაა და დიდი ალბათობიოთ,  რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან არიან მართულები.

„ადრე უფრო სპორტსმენებს და მსახიობებს უკავშირდებოდნენ, ეს იყო უფრო ღადაობის სტილი, მაგრამ უკვე ბოლო წლებია რუსეთში ამან პოლიტიკური დატვირთვა მიიღო. სამიზნე ხდებიან რუსეთის არამეგობარი პოლიტიკოსები და ქვეყნები. იქ კიდევ ერთი ფრაზა იყო - „ჩვენ რად გვინდაო“. არ ვიცი, რამდენად შედგა ეს საუბარი და რამდენად ითქვა ეს ფრაზა.

ძნელია იმის თქმა, ამ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩაწერილი და ფარულად მოსმენელი ინფორმაცია გავცელდა თუ არა, მაგრამ მიღებული პრაქტიკაა, როდესაც წინასწარი ხდება კოლეგებს შორის საუბრის მომზადება. მაგრამ ყოველთვის უნდა მოხდეს უსაფრთხოების გადამოწმება. საუბრის შინაარსი უნდა იყოს აბსოლუტურად გაწმენდილი და ნეიტრალური, ეს არის აუცილებელი. პოლიტიკოსს და საჯარო მოხელეს ყოველთვის მეტი სიფრთხილე მოეკითხება, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საუბარში. სამწუხაროდ, ფარული მოსმენები იყო, არის, იქნება და ასევე იქნება მერე ამ ფარული მოსმენების საზოგადოებამდე მიყვანა. ამიტომ, პოლიტიკოსებო და საჯარო მოხელეებო იყავით ფხიზლად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.