15 ავტომობილზე მხოლოდ ერთი გასაჩერებელი ადგილი მოდის

15 ავტომობილზე მხოლოდ ერთი გასაჩერებელი ადგილი მოდის

დედაქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მანაქანების პარკირება და სპეციალური ავტოსადგომებია. დედაქალაქში ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების მწვავე დეფიციტია. შესაბამისად, პარკირების სისტემის მოწესრიგება თბილისის მერობის კანდიდატების ლამის მთავარი დაპირებაა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სისტემას ადგილობრივი ხელისუფლება უნდა მართავდეს:

„სითი პარკთან“ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რომელმაც თბილისს მოუტანა ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის. ამიტომ საკითხის მიმართ საჭიროა სამართლებრივი მოკვლევა და კომპლექსური მიდგომა, სწორი გამოსავლის საპოვნელად.

ჩვენ ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს, ხან ახალი კომპანიების შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან ვიღაცის გასტუმრებაზე, რაც მგონია, რომ კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე. რეალურად, ეს არის თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიისგან მეორეზე და არა რეალურად იმ პრობლემის აღმოფხვრა და მოგვარება, რომელიც აწუხებს თბილისს.

მგონია, რომ სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება დაცული მათი უფლებები“, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კი პირდაპირ მოითხოვს კომპანია „სითი პარკთან“ მოქმედი ხელშეკრულების გაუქმებას და გამარჯვების შემთხვევაში საკუთარ ელექტორატს სწორედ ასე მოქცევას ჰპირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილიც აცხადებს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, „სითი პარკთან” ხელშეკრულებას გააუქმებს.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია კი ავტოსადგომების საერთო ფართობის გაზრდის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ქალაქში, სადაც 400 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს, არსებული 38 ათასი ადგილი საკმარისი არ არის. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს სადგომების მოცულობა მიწისქვეშა სივრცეების ხარჯზე და შეიქმნას დროზე მიბმული დგომის სისტემა.

„შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თენგიზ შერგილაშვილი კი ფიქრობს, რომ უნდა შეიცვალოს მთლიანად სატრანსპორტო მოძრაობისა და ავტოსადგომების მართვის სქემა.

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ფონდის თავმჯდომარე გელა კვაშილავა პირდაპირ მიუთითებს, რომ პრობლემას ქმნის ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების ინფრასტრუქტურისა და მართვის ერთიანი გეგმის არარსებობა:

„პარკინგი არის ისეთივე პროდუქტი, როგორიც სხვა პროდუქტები. ბუნებრივია, იქ, სადაც მეტი მოთხოვნილებაა პარკინგზე, უნდა იყოს საათობრივი რეგულაციები. ბუნებრივია, შემოსავლები უნდა ხმარდებოდეს ქალაქში ტრანსპორტის განვითარებას, მობილობის განვითარებას. ესე იგი, ჩვენ ვკარგავთ როგორც სივრცეებს, ასევე თანხებს, რესურსებს, რომელიც თავისუფლად შეიძლება მოხმარდეს ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას“, - აცხადებს კვაშილავა.

ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების ინფრასტრუქტურისა და მართვის სისტემის კრიზისზე ლაპარაკობს ორგანიზაცია „ჰაბჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ვასილ ურუშაძე, რომლის თქმითაც, თბილისში 15 ავტომობილზე მხოლოდ ერთი გასაჩერებელი ადგილი მოდის:

„არ უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს არსებული პრობლემა შეიძლება მოაგვაროს მხოლოდ კერძო სექტორმა. ბალანსი დარღვეულია უკიდურესად: ავტომობილების რაოდენობა ბევრად აღემატება პარკირების ადგილების რაოდენობას. კერძო კომპანიამ შეიძლება უზრუნველყოს სერვისი, მაგრამ ვერ უზრუნველყოს ამ ბალანსის აღდგენა. შესაბამისად, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების, ანუ მერიის, ჩართვა. შესაძლებელია კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ერთიანი ინვესტიციების განხორციელებით ახალი ადგილები შეიქმნას“, - განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ ვასილ ურუშაძემ.