საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა საშემოდგომო სესიაზე მოხდება. თუმცა, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 6 სექტემბერს, სტრასბურგში ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.
როგორც ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ტომას მარკერტმა აღნიშნა, კომისია შეხვედრაზე შეეცდება ხელი შეუწყოს მხარეებს შორის კომპრომისის გამონახვას. მისი თქმით, რამდენიმე ოპოზიცურმა პარტიამ უკვე დაადასტურა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს შეხვედრაში. შეხვედრისთვის მზად არის საქართველოს მთავრობაც.
კომისიაში დაგეგმილ შეხვედრამდე კონსულტაციების გამართვას ოპოზიცია არაკომპეტენტურ ინიციატივას უწოდებს. როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციების გამართვა შესთავაზა და ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე კონკრეტული წინადადებების წარდგენა მოსთხოვა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, რა შეიძლება დათმოს მმართველმა პარტიამ.
„ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მათ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია. რა ცვლილებები შევა კონსტიტუციაში, დამოკიდებულია პირველ რიგში ოპოზიციის მოთხოვნებზე. დოკუმენტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული. მიღებულია ორი მოსმენით. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. სწორედ მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები კი, უცვლელია - მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. სტრასბურგში გამგზავრებამდე შიდა კონსენსუსის აუცილებლობაზეც საუბრობს ინტერპარტიული ჯგუფი. საპარლამენტო ოპოზიცია კი, მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების გამართვა საკონსტიტუციო კანონპროექტის უკან გაწვევის შემთხვევაშია შესაძლებელი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთლი ამბობს, რომ შეთავაზება უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან.
„საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაც უნდა გამოვაცხადოთ და ვთქვათ და შევთავაზოთ, მგონი არასწორი მიდგომაა. პირიქით, ხელისუფლებამ უნდა თქვას რა უნდა მას, უნდა თქვას, რაში შეიძლება კომპრომისი და იმ მთავარ საკითხამდე მისვლა, რომ იყოს კონსენსუსი და იყოს შეთანხმება“, - აცხადებს გიგი წერეთელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა თვლის, რომ ოპოზიცია მზად არის ვენეციის კომისიაში დაგეგმილ შეხვედრამდე უმრავლესობას კონსულტაციებზე დათანხმდეს, თუ მას რეალური შედეგი მოჰყვება და შეხვედრა არ იქნება მხოლოდ შეხვედრისთვის.
„აუცილებელია ეს პროცესი იყოს ღია იმიტომ, რომ კულუარული ვერ იქნება, აქ ღირებულებით შეუთანხმებლობაა და ჩვენ მხარს დავუჭერთ დემოკრატიულ ღია ჩართულობით გამორჩეულ პროცესს და ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, უკეთესი კონსტიტუციის დეტალებზე სასაუბროდ“, - ამბობს ნიკა რურუა.
„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ის მოცემულობა, რაზეც ნახევარი წლის მანძილზე იყო მსჯელობა.
„ქართულ ოცნებას“ თუ რეალურად სურს კონსენსუსით მიღება ამ კონსტიტუციური ცვლილებების, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღადგინოს ის მოცემულობა, რომ ქვეყანა 2020 წელს გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.
კოლეგებისგან განსხვავებით შეფასებებში მკაცრია „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, რომლის განცხადებით, მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებას გეგმავს.
„პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ასეთი განცხადება, უსინდისობასთან ერთად, არის არაკომპეტენტურობა, გადახედოს ოპოზიციის მოთხოვნებს. ოპოზიციას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, რომ პრინციპული საკითხია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ არჩევნებზე მანდატების სამართლიანი გადანაწილება, რაც გულისხმობს სხვა კომპონენტებსაც და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის საკითხსაც“, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
ხათუნა სამნიძეს ტონს უწუნებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, რესპუბლიკელებს თავი მოსწონდათ მაღალი პოლიტიკური კულტურით, სამნიძის რეაქცია კი, დიდი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი არ არის.
„რეალობას ხომ უნდა გაუწიონ ანგარიში? პარტიების შემოწირულობის წყარო იყო გამოქვეყნებული. აღმოჩნდა, რომ რესპუბლიკელებს 20 ლარი შესწირეს. პარტიას, რომელსაც მისი გულშემატკივარი 20 ლარად აფასებს, ალბათ, რაღაცა პერიოდი მორიდება მაინც უნდა ეტყობოდეს. საერთოდ, უკეთესი იქნება, თუ გაჩუმდება და დაფიქრდება, რატომ აფასებენ რესპუბლიკელებს 20 ლარად. ანალოგიური შეცდომები აქვს ბევრ ოპოზიციურ პარტიას.
ნიშნის მოგებით არ ვამბობ, გაბრაზებით ვამბობ, მათმა შეცდომებმა, მე როგორც მოქალაქე, დამტოვეს ერთპარტიულ სახელმწიფოში. მათმა გაუაზრებელმა ნაბიჯებმა და უაზრო ხმაურმა, როგორც სამნიძის ეს რეაქცია იყო, დამტოვეს იმ მდგომარეობაში, რომ რეიტინგებით ერთი პარტიაა საქართველოში. ნაციონალებს თავისი ჩვეული და შეყვარებული მხარდამჭერი ჰყავს. დანარჩენი პარტიები თითქმის არ არსებობენ. უნდა დაფიქრდნენ ეს პარტიები, რატომ არის მათთდამი ასეთი დამოკიდებულება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს, რაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, საყვარელიძე ამბობს, რომ პარტიები არ დაინტერესებულან რამდენად ითვალისწინებდა საზოგადოება მათ მოთხოვნებს.
„მე, საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა, რომელზეც ატეხილი აქვთ ასეთი ხმაური, მაგათვისვე არის მომგებიანი. რა დაემართათ ვერაფერს რომ ვერ ხვდებიან?! მოსახლეობა აფასებს მათი პოზიციის ლოგიკურობას და არ გამოიყურება დიდად ლოგიკურად მათი პოზიცია საკონსტიტუციო საკითხებში. ყველა საკითხში პირადი ინტერესი იკითხება.
ასევეა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, მცირე ნაწილმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, თუ მთელმა საქართველომ, რა მაგათი ინტერესის საქმეა?! იმ დროისთვის ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი არავინ იცის.
დავუშვათ, რომ აირჩიეს მათთვის მისაღები პრეზიდენტი, რა ძალა აქვს ამ პრეზიდენტს? აი, ეს ყველაფერი არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს და ამიტომ აქვთ მათ დაბალი რეიტინგი, ისევე, როგორც სამნიძეს და კარგი იქნება თუ დაფიქრდება 20 ლარზე მეტს მათში რატომ არ იხდიან. იგივე შეიძლება ითქვას მთელს ოპოზიციაზე“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, როგორც წესი, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის კონსტიტუციონალისტს ელაპარაკები საკონსტიტუციო პროექტზე, ასეთ შემთხვევაში კვალიფიციურ ოპოზიციას აუცილებლად მომზადებული უნდა ჰქონდეს ალტერნატიული პროექტი საკონსტიტუციო ნორმების სახით, რაც მისი თქმით, ქართული ოპოზიციის შემთხვევაში არ არსებობს.
„საკონსტიტუციო საკითხი პოლიტიკურო პროცესია, მაგრამ შეთანხმება ხდება კონკრეტულ საკონსტიტუციო ნორმებთან დაკავშირებით. მათ არანაირი პროექტი საკონსტიტუციო ცვლილების სახით არ აქვთ და ამას ამბობს იარკლი კობახიძე. რახან ეს ხათუნა სამნიძეს არ ესმის და ჰგონია, რომ ყველაზე ჭკვიანია, ეგონოს ასე. ჯერ ერთი, ასეთი ეპითეტები პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, ხელს არ შეუწყობს კონსენსუსს და მეორეც, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ კვალიფიკაცია არ ჰყოფნის ოპოზიციას. იმდენად ბრიყვები არიან, რომ ვერ იგებენ იმას, რასაც ეუბნებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მომეცით წინადადება პროექტის სახით. სტრატსბურგში რომ ჩავლენ, იქ საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ევროპელი კონსტიტუციონალისტები იქნებიან, იქ ლაპარაკი და დისკუსია იქნება ნორმების თაობაზე და არა პოლიტიკაზე.
სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია მიეჩვია იმას, რომ რასაც იტყვიან ყველაფერი დაეჯერებათ და იოლად გადიან ფონს ამ აჟიტირებული განცხადებებით და გადადიან ღია უზრდელობაში. პარლამენტის თავმჯდომარეს ენა შეაჩვიეს და ეს ძალიან ცუდად დამთავრება. ქვეყანას არ გამოადგება და მით უმეტეს მათ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, ქართულ პოზიციას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის. შესაბამისად, ამ ოპოზიციის პირობებში რაიმე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია.
„მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს კონსნესუსი გამონახულიყო. ლაპარაკი ბონუსების სისტემაზე, რაც ჩემთვის სრულად მიუღებელი იყო, დათმო მმართველმა გუნდმა. მივიდა იმ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ყველაზე მეტად უნდა აწყობდეს ოპოზიციას, ის რომ კვალიფიციური იყოს. საუბარია 3%-იან ბარიერზე, ეს არის პირველი ეტაპი იმისათვის, რომ ამ ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში პარტიებმა ადაპტაცია გაიარონ და შემდეგ, უკვე, მომავალ საპარლამენტო ცხოვრებაში პარტიებად ჩამოყალიბდნენ. არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური პარტია, ამაზე უნდა იფიქრონ.
ამ პარტიებთან კონსენსუსი შესაძლებელია ერთ შემთხვევაში - შეიკრიბონ, შეადგინონ 20-კაციანი სია და პირდაპირ წარუდგიონ პარლამენტს. თქვან, რომ ეს სია ჩაწერეთ კონსტიტუციაში, ჩვენ ვიქნებით მუდმივი ოპოზიცია ყველა პარლამენტში, ყოველგვარი არჩევნების გარეშე. ამას დათანხმდებიან, სხვა ესენი არც ერთ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდებიან. რატომ? - იმიტომ, რომ არც ერთ საარჩევნო სისტემაში მათ რესურსი არ აქვთ. წარმოიდგინეთ მათი კვალიფიკაციის დონე, როდესაც ვერც კი გაიგეს კობახიძემ რა თქვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.