„თავისუფალმა დემოკრატებმა“ პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღეს

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღეს

„თავისუფალ დემოკრატებში“ შიდა პარტიული დაპირისპირება იმით დასრულდა, რომ პარტია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პარტიამ დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც პარტიიდან ინფორმაციამ გაჟონა. მეტიც, გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ რესპუბლიკელები, რომელთანაც მათ საარჩევნო ბლოკი შექმნეს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა. შესაბამისად, როგორც პარტიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანი იყო პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც, მათივე თქმით, არსებითად გაართვეს თავი. მაგრამ, შექმნილი მდომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა პარტიის ძალებს აღემატებოდა.

როგორც „თავიუსფალ დემოკრატებში“ ამბობენ, რამდენიმე თვის წინ „რესპუბლიკური პარტიისგან“ მიიღეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან საკმაოდ რეალური დაპირისპირება.

სწორედ, ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოაცხადეს საარჩევნო ბლოკი „რესპუბლიკურ პარტიასთან“. თუმცა, ამ პროექტის განხორციელება პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირების გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა.

for.ge-ს ინფორმაციით, მიზეზი პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძეა, რომელთანაც პარტიის წევრების უმრავლესობა დაპირისპირებაშია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სწორედ კეკენაძესთან შიდა დაპირისპირების გამო, პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას შეუდგა. მისი თქმით, საინტერესო შემოთავაზება მიიღეს „რესპუბლიკური პარტიისგან“, ამ პროექტის პირველი საფეხური ითვალისწინებდა ბლოკის შექმნას „რესპუბლიკურ პარტიასთან“. თუმცა, როგორც შავგულიძე აცხადებს, ამ ეტაპზე „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეწყვიტეს აღნიშნული პროექტის განხორციელება.

„ეს ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა და ჩვენი მიზეზით არ მომხდარა ის, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. ასეთ ვითარებაში ისევ დავდექით საკითხის წინაშე, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ამ პროექტის გარეშე მონაწილეობა არჩევნებში“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განმარტავს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები და რესპუბლიკელები თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. მისი თქმით, რესპუბლიკელები არ იყვნენ დამოკიდებული არანაირ ფორმატზე.

„ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ეს არ არის მხოლოდ წაგება-მოგების ვითარება, ეს არის პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან გავაგრძელოთ საუბარი, ვიყოთ ერთგული ამ ამომრჩევლის. პარტიაში მიმდინარეობს განხილვა, დავუჭერთ თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს, გამომდინარე პროგრამიდან და გზავნილებიდან, თუ გვეყოლება საკუთარი კანდიდატი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.