40-გრადუსიან სიცხეში მოსახლეობა ხშირად წყლის გარეშე რჩება

40-გრადუსიან სიცხეში მოსახლეობა ხშირად წყლის გარეშე რჩება

ზაფხულის ცხელ დღეებში მოსახლეობა წყლის გახშირებული შეწყვეტით ძალიან უკმაყოფილოა. ისინი ინტენსიურად მიმართავენ ენერგოომბუდსმენს, რათა პრობლემა მაქსიმალურად დროულად გადაიჭრას. თავის მხრივ სალომე ვარდიაშვილის უწყება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ რეკომენდაციით მიმართავს მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში თბილისის სხვადასხვა უბნებიდან პრეტენზიები მკვეთრად გაიზარდა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ხშირად უწყდებათ წყალმომარაგება. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა შექმნილი ვაზისუბანში. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვის შემთხვევები დაკავშირებულია კომპლექსურ სამუშაოებთან, რომელსაც კომპანია ერთდროულად 34 ობიექტზე აქტიურად აწარმოებს.

„ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც მოქალაქეებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეუფერხებელი წყალმომარაგება, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მხრიდან მომსახურების შეწყვეტას სისტემატიური ხასიათი მიეცა.

ენერგოომბუდსმენის სამსახური დადებითად აფასებს კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, რაც მომავალში მკვეთრად შეამცირებს წყალმომარაგების კუთხით წარმოქმნილ პრობლემებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გონივრული გრაფიკის შემუშავება, ვინაიდან ხანგრძლივი გეგმური სამუშაოები უარყოფითად აისახება მომხმარებლებზე, რაც შეეხება დაზიანებებს, ის აღმოფხვრილი უნდა იყოს უმოკლეს ვადებში.

საზოგადოებრივი დამცველი რეკომენდაციით მიმართავს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მაქსიმალურად შეამციროს მომსახურების შეწყვეტა“, - ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

სალომე ვარდიაშვილი აღნიშნავს, რომ მიმდინარე ზაფხული უკიდურესად ცხელია და მოსახლეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია წყლის ხშირი შეწყვეტის გამო.

„40 გრადუს სიცხეში უწყლოდ დარჩენა სრული კატასტროფაა, თანაც საუბარია გეგმიურ შეზღუდვაზე, რის გამოც მოსახლეობა 8-12-საათიანი ინტერვალით რჩება უწყლოდ. ეს დაუშვებელია, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, კომპანიამ უნდა შეიმუშაოს გონივრული გრაფიკი იმგვარად, რომ არ აისახოს მომხმარებელზე ცუდად. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ავარიასა და დაზიანებას, რაც სპონტანურად ხდება და წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია“, -აცხადებს ვარდიაშვილი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციას მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით დედაქალაქში უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბლიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანია 2017 წელს, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულ, 81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. წყალმომარაგების შეზღუდვის შემთხვევები დაკავშირებულია კომპლექსურ სამუშაოებთან, რომელსაც კომპანია ერთდროულად 34 ობიექტზე აქტიურად აწარმოებს, მათ შორის პეკინის, ასათიანის, ცისკარიშვილის, კლდიაშვილის, ინგოროყვას ქუჩებზე.

GWP-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ინტენსიურად იცვლება მოძველებული, ამორტიზებული მილები. ასევე, წყალმომარაგების ქსელზე მონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები - ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები, რაც სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და მინიმუმამდე ამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვებს.

„გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ვაზისუბნის მიკრორაიონების მკვებავ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც მოძველებული ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად სისტემური ხასიათის დაზიანება გამოვლინდა. საკითხის სრულად მოგვარების მიზნით, კომპანიამ ვაზისუბნის მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია დაგეგმა. სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება და ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია წყალმომარაგების შეზღუდვის გარეშე, რის შესახებაც მომხმარებლის ინფორმირებას კომპანია ახდენს წინასწარ - სმს შეტყობინების, ვებ-გვერდისა და ფეისბუქის საშუალებით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაქსიმალურად ცდილობს სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების უმოკლეს დროში შესრულებას“, - აცხადებენ GWP-ში.