[ნატო გოგელია]
რიკოთის უღელტეხილზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი მოიყოლა და გზები გახლიჩა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის ინფორმაციით სამუშაოების დაწყებას მდინარის ადიდებული დონე უშლის ხელს:
„მთელი ღამე აქ ვიყავი და ახლაც აქ ვარ. წყალი მთიდან მოდის. ასეთი სტიქია ჯერ არ მინახავს. თან ღრუბელია და ვშიშობ სტიქია ისევ არ განმეორდეს“, – აღნიშნა პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, უკვე დაზუსტებულია გარდაცვლილთა ვინაობა: „ცნობილია რომ სტიქიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.დასავლეთის მხარეს, რამდენიმე ადგილზე გზა გამორეცხილია. ამ ეტაპზე შეფერხებით, თუმცა საჩხერის გავლით ხდება სატრანსპორტო მოძრაობა“, – გვითხრა მინისტრმა.
ნიკოლაიშვილის თქმით, საქართველოში მოქმედ ყველა საგზაო სამსახურის წარმომადგენელს დღესვე მიეცემა დავალება გზის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღსადგენად – „თუმცა, ამისთვის გამოდარებაა აუცილებელი“, – დასძინა მინისტრმა.