[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]
რუსთაველებისთვის, რომლებიც კერძო სექტორში არიან დასაქმებული, რეზერვში გაწვევა თითქმის ერთი თვით ოჯახის შემოსავლის გარეშე დატოვებას ნიშნავს.
სახელმწიფო, საჯარო სექტორის დამსაქმებლებისგან განსხვავებით, კერძო სექტორს დაქირავებულისთვის რეზერვში ყოფნის დროს ხელფასის გადახდას ვერ ავალდებულებს.
ხელოსნები, დისტრიბუტორები, ტაქსისტები, ტვირთის მზიდავები, მშენებლობაზე მომუშავე ახალგაზრდები – ეს იმ რუსთაველების დასაქმების ადგილების ჩამონათვალია, რომლთა ოჯახებიც რეზერვში გაწვევით 20 დღე ვერანაირ შემოსავალს ვერ მიიღებენ.
„ჩემი მეუღლე სანტექნიკის სპეციალისტია. შეკვეთებზე მუშაობს. ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს. რეზერვში წასვლის წინ ძალიან ნერვიულობდა. წინა დღეებში ნამუშავარი ფულიდან 30 ლარი ქონდა დარჩენილი და დამიტოვა. ეს ფული 20 დღე ჭამაში და ბავშვის პამპერსში უნდა მეყოს.
ჩვენაირ ოჯახებზე არავინ ზრუნავს. როცა ჩამოვა მაშინაც, ღმერთმა იცის უცებ გამოუჩნდება, თუ არა სამუშაო. წინაზეც იყო წასული რეზერვში. ამბობდა, არაფერი გვასწავლესო. ტყუილად წაიყვანეს ამდენი ახალგაზრდა, გააციეს და გამოუშვეს. რამეს საჭიროს, რომ ასწავლიდნენ კიდე ექნებოდა ამას გამართლება. ის, რომ რეზერვისტებს არანაირი პირობები არ აქვთ ეს ყველამ იცის. ჩემმა ქმარმა, ახლა რეზერვში წასაღებად სახლიდან აიღო ყველაფერი - საპირფარეშოს ქაღალდიც კი, რადგან წინა რეზერვის დროს ამ მხრივ რა ხდებოდა კარგად იცის“. – გვიყვება ერთ-ერთი რეზერვისტის მეუღლე, მარიამ თიბიაშვილი.
მიუხედავად ამისა, რუსთაველებმა რეზერვში ოჯახის მარჩენალები მაინც გაუშვეს.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის რუსთავის სამსახურმა, რეზერვისტები 15 ივნისს შეკრიბა და კრწანისის სასწავლო ცენტრში ავტობუსებით სამედიცინო შემოწმერბისთვის, რამდენიმე რეისით გადაყვანა სცადა.
პირველი ავტობუსი, რომელიც რეზერვისტებით იყო სავსე, რუსთავში შარტავას გამზრიზე ავარიაში მოყვა.
„მე იმ დროს მივედი, როცა რეზერვისტები ავტობუსიდან გადმოსულები იყვნენ. სერიოზულად დაშავებული არავინ იყო, მაგრამ შეშინებულები იყვნენ. როგორც თქვეს რეზერვისტების ავტობუსის მძღოლი დაეჯახა ავტომობილს“ – გვიხსნიდნენ თვითმხილველები მომხადირიდან სამი საათის შემდეგ.
„დამირეკა ჩემმა შვილმა და მითხრა, რომ ავარია მოუვიდათ რუსთავში, მაგრამ კარგად არის და სამედიცინო შემოწმებაზე მიყავთ სხვა რეზერვისტებთან ერთად. ძალიან ვინერვიულე. მესმის, რომ უბედური შემთხვევა ხდება, მაგრამ როცა სხვისი შვილები გყავს ჩაბარებული შეცდომის უფლება არ გაქვს. რეზერვისტების ავტობუსი, ტექნიკურად სრულად მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო. მე არ ვიცი ეს შემთხვევა რისი ბრალი იყო, მაგრამ კეთილი ინებოს სამხედრო გაწვევების სამსახურმა და ჩემი შვილი, როგორც ჩავაბარე ისეთი დამიბრუნოს“. – გვეუბნება რუსთაველი რეზერვისტის მშობელი.
პრესაგე.ტვ რუსთავის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსს, მინდია აფციაურს სამი დღეა ეძებს. ჩვენ ორი დღე დავდიოდით რუსთავის სამხედრო გაწვევის სამსახურში. აფციაურს დღის 12-დან 2 სათამდე ველოდით.
შესაბამისად, აფციაურის კაბინეტის კართან ორი საათი ვუყურებდით ობობის ქსელერბში გახვეულ შინდისფერ დაფაზე გაკრული საბჭოთა ჯარისკაცების ფოტოებს. ის, თუ რომელ წელს არის ეს სურათები გადაღებული სამხედროების ფორმებზე ჩანს. ეტყობა აფციაური, რომელსაც არანაირი სამეხდრო განათლება არ აქვს მიღებული თვლის, რომ საამაყო და დაფაზე გასაკრავი ახალ ქართულ ჯარს არაფერი აქვს.
„მომხართან დაკავშირებით, ბატონი მინდია არ აკეთებს კომენტარს“. – მესამე დღეს ასეთი პასუხი მივიღეთ რუსთავის მერიის პრესსამსახურისგან.
პრესაგე.ტვ რეზერვისტების თემას კვლავ მიუბრუნდება. 20 დღის შემდეგ ჩვენ ჩავწერთ იმ რუსთაველებს, რომლებიც გაიწვიეს რეზერვში. გავარკვევთ რა პირობებში იმყოფებოდნენ ისინი და რა სახის სამხერო სწავლება გაირეს.