ხილ-ბოსტნეულის შემდეგ ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების ნუსხაში საქონლის ხორცი და სასმელი წყალი მოხვდა. მძიმე მეტალები ორივე მათგანშია აღმოჩენილი.
ტყვიის გადამეტებული ოდენობა, უმეტესად, ადგილობრივი საქონლის ხორცში და ადგილობრივი წარმოშობის სხვა სურსათში (მათ შორის, სასმელ წყალში) დადასტურდა. ეს, სავარაუდოდ, გარემოს ტყვიით დაბინძურების შედეგია. შესაბამის ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტო კვლევაზე დაყრდნობით “მომხმარებელი.ჯი” აქვეყნებს.
“ტყვიის გადამეტებული ოდენობა, უმეტესად, საქონლის ხორცში და ადგილობრივი წარმოშობის სხვა სურსათშია აღმოჩენილი. ეს გარემოს ტყვიით დაბინძურებას უკავშირდება. სიაში მითითებულია, რომ შემთხვევების უმეტესობასთან დაკავშირებით შეტყობინება გაიგზავნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, სამინისტრო შესაბამის მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და ზედაპირული წყლის კვლევას ახორციელებს. თუმცა, დაბინძურების მიზეზების შესახებ არაფერია აღნიშნული. აუცილებელია, რომ დაბინძურების ყველა შემთხვევის მიზეზები იქნას გამოკვლეული და შესაბამისი ზომები იქნას მიღებული მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დასაცავად.
ჩვენ მივმართეთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროებს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ტყვიით დაბინძურების ყველა შემთხვევის მიზეზების კვლევის შედეგების მისაღებად”, - განმარტავს “მომხმარებელი.ჯი”.
პარალელურად ორგანიზაცია სურსათის ტყვიის შემცველობაზე შემოწმების შედეგებს აქვეყნებს. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ტყვიით დაბინძურებული ოთხივე ნიმუში ზუგდიდშია აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია, რომ ერთ-ერთი პროდუქტი იმპორტირებულია.
სანამ ხორცისა და სასმელი წყლის დაბინძურების საკითხი გაირკვეოდა, მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია “ეტიკის” ხილისა და ბოსტნეულის საგანგაშო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მომხმარებისთვის მეტად საიჭრო და პოპულარული პროდუქტი ნიტრატებით აღმოჩნდა გაჯერებული.
“ეტიკის” კვლევის თანახმად, ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქტების თითქმის ნახევარი ნიტრატების საშიშ რაოდენობას შეიცავს. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია საზამთრო, რომელშიც ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას სამჯერ აღემატება. დაახლოებით ამდენივეა შხამქიმიკატის რაოდენობა ვაშლატამაში. რაც შეეხება ბოსტნეულს, ამ მხრივ საფრთხე განსაკუთრებით პომიდორს უკავშირდება, ხოლო კარტოფილსა და ხახვში ნიტრატების შემცველობა ნორმის ფარგლებშია.
“ეტიკის” ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, რომ ხილ-ბოსტნეულის ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გასაძლიერებელია.
სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ კვლევას არ ეთანხმება, მარამ გამონაკლის შემთხვევებს ადასტურებს.
“ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი დარღვევები არ გვაქვს, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებსაც უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებთ. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ორ საკითხს ახლაც იკვლევს: როგორია სანელებელებში ტყვიის შემცველობა და ნიტრატების დონე ხილ-ბოსტნეულში. რამდენიმე კვირაში გამოკვეთილი სურათი გვექნება და საბოლოო დასკვნასაც გამოვაქვეყნებთ. როდესაც ეს კვლევა დასრულდება, ჩვენ უკვე შევძლებთ თამამად ვთქვათ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და როგორ მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ ასეთი შედეგი”, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გია მიქაძემ.