ჯანმრთელობისთვის მავნე ნატურალური წვენები

ჯანმრთელობისთვის მავნე ნატურალური წვენები

როგორც იქნა დაიწყო საუბარი, რომ თითქმის ყველა გამაგრილებელი სასმელი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამიტომ მთავრობა ნატურალური წვენებისა და სპირტიანი სასმელების რეგლამენტირებას აპირებს. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ თავად ამ დარგში მოღვაწე ბიზნესმენები არ მალავენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ნატურალური წვენების რეგლამენტირების მოთხოვნა სწორედ ბიზნესიდან წამოვიდა და ამ საკითხზე სამინისტრო მუშაობს. რაც შეეხება სპირტიანი სასამელების რეგლამენტს, მინისტრის განმარტებით, საქართველოში აქამდე არ ხდებოდა ისეთი პროდუქციის წარმობა როგორიცაა ჯინი და ვისკი, შესაბამისად, არც რეგლამენტის საჭიროება იყო.

კომპანიების ნაწილი წვენების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას ბოლო პერიოდში მართლაც აქტიურად ითხოვს. მათ შორის არის “კოკა-კოლა”, “კამპაც”, “ქართული ლიმონათი”. როგორც “კამპას” გენერალური დირექტორი  ამბობს, რეგულაციის შემოღებით განისაზღვრება როგორც ეტიკეტირების სტანდარტები, ისე ბაზრის მოთამაშეებს შორის დარეგულირდება თამაშის წესები.

კომპანია „ქართული ლიმონათის“ ხელმძღვანელი ვარაზ ასპანიძე კი აცხადებს, რომ ბაზარი ადრე თუ გვიან უნდა დარეგულირდეს, რაც მომხმარებლის უფლებების დაცვაშიც უნდა გამოიხატებოდეს. რასაც ნექტარი აწერია, ის რეალურად ნატურალური არ არის. მისი მტკიცებით, ნატურალური წვენების ბაზარი რეგულაციებს საჭიროებს, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია უალკოჰოლო სასმელების, ამ შემთხვევაში ლიმონათების რეგლამენტირებაც.

ბიზნესმენის განმარტებით, დღეს უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე ხარისხის კუთხით პრობლემაა. კერძოდ, ტარტრაზინი, რომელსაც ლიმონათის წარმოებაში იყენებენ, არის საკვები საღებავი და მისი მიღება კარგი არ არის, თუმცა მეწარმეები იძულებული არიან აღნიშნული საღებავი გამოიყენონ.

„ისეთი ხასიათის პროდუქციას შეხვდებით, მათ შორის ლიმონათებს, რომლებიც მომხმარებლისთვის არასასურველია. ეს ვითარება ჩვენ და ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული, არასახარბიელო მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ ტარხუნის ლიმონათს ტარხუნისგან ვაკეთებთ, ნაყენს ჩვენვე ვამზადებთ, თუმცა ამას ემატება საკვები საღებავი გამომდინარე იქიდან, რომ ფერი, რომელსაც ტარხუნა გამოყოფს, არის ძალიან ღია. შესაბამისად, ამას ასე ვერ გავყიდით, მომხმარებელი ამას არ მიიღებს. ამიტომ იძლებულები ვართ საკვები საღებავი დავამატოთ. ეს მომწამვლელი არ არის, თუმცა, ბავშვებისთვის და მეძუძური დედებისთვის მის მიღება სასურველი არ არის“, - განუცხადა “კომერსანტს" ასპანიძემ.

კიდევ უფრო კატეგორიულია ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც ადასტურებს, რომ ბაზარზე წარმოდგენილი ნატურალური წვენების 90 პროცენტი ნატურალური არ არის. ბიზნესმენი ამბობს, რომ უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე 40 წლის განმავლობაშია და იცის, რომ ყველაფერი, რასაც დღეს რეკლამირებას უწევენ, არის ტყუილი. აქედან გამომდინარე, ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და სფეროში ცვლილებები და კონტროლი უნდა განახორციელოს.

“ეს არის ტყუილი, ეს არის მოხმარებლის შეცდომაში შეყვანა. იყენებენ ადამიანის ფსიქოლოგიას, თითქოს აწარმოებენ ჯანსაღ პროდუქტს. მაგალითად, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ტარხუნისა და მსხლის ლიმონათი ნატურალური წვენებისგან არის დამზადებული, ეს არის აბსურდი. ეს არის კატასტროფა. მწვანე ფერის შემადგენლობა, სადაც შედის მაგალითად, ტარტრაზინი, საშინელებაა. ბევრ ქვეყანაში ეს ინგრედიენტები აკრძალულია“, - აცხადებს ჭყონია. მისი მტკიცებით. ნატურალური წვენების 90 პროცენტი სტანდარტებს არ შეესაბამება და ის ნატურალური არ არის.

ცნობისათვის, ტარტრაზინი საკვები საღებავია, რომელიც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, იწვევს ალერგიას, კანის დაავადებებს, ყურადღების დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, მხედველობისა და ძილის დარღვევას.