შეშინებული სამოქალაქო სექტორი

შეშინებული სამოქალაქო სექტორი

[თეონა ხარაბაძე]

უკვე რამდენიმე დღეა, ისმის, რომ ხელისუფლებამ ლამის არის, აქციების ჩატარება აკრძალოს. შესაძლოა, ეს შიში გაზვიადებულიც არ იყოს, თუკი გავითვალისწინებთ იმ ცვლილებების შინაარსს, რომლის ინიცირებაც საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე დღის წინ მოახდინა.

მაგრამ ეს უკვე ძველი ამბავია. ძველია ისიც, რომ ამ ცვლილებებს საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მწვავე პროტესტი მოჰყვა. მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამ სამოქალაქო სექტორიდან ხმის ამომღები არავინ აღმოჩნდა.

პარლამენტში საგანგებოდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც მათთან ერთად უნდა განხილულიყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში და „სისხლის სამართლის“ კოდექსში ცვლილებების პროექტები. მაგრამ ამ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორიდან თითქმის, არავინ მოსულა და საკუთარი პოზიციების დაცვას მხოლოდ საია (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციების ჩატარებისას დაწესებული აკრძალვები, რომელიც 2009 წელს იქნა მიღებული, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საუბარია აქციის ჩატარებისას ადმინისტრაციულ შენობებთან 20 მეტრიანი რადიუსის ბარიერის დაწესებაზე და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ნორმები გაუქმდა. რამდენიმე დღის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, პავლე კუბლაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილის, კახა ანჯაფარიძის და აკაკი მინაშვილის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომელიც გარკვეულწილად ამ ნორმას აბრუნებს.

გარდა ამისა, ინიცირებულია მეორე კანონპროექტიც, რომელიც „სისხლის სამართლის“ კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილებებით 7-20 წლამდე და უვადო პატიმრობა წესდება პოლიციელსა და საჯარო მოხელეზე, ასევე მათ მანქანებსა და საცხოვრებელ და სამუშაო შენობაზე თავდასხმის შემთხვევაში.

ამ ცვლილებებს რომ კრიტიკული შენიშვნები მოჰყვა, გასაგებია. მაგრამ ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ შეხვედრაზე რატომ არ მივიდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისი მოვალეობაც სწორედ ასეთი საკითხების კურირებაა. ბოლოს და ბოლოს, ეს ორგანიზაციები გრანტებს ამაში იღებენ.

ძალიან ძნელია, ადამიანს რაიმე დააბრალო, მაგრამ ფაქტია, რომ შეხვედრაზე ის ორგანიზაციები, ვისაც ეს ცვლილებები უნდა გაეკრიტიკებინა, არ მივიდა.

ამიტომაც ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები აქ შეგნებულად არ მივიდნენ, რადგან, მისვლის შემთხვევაში, რაიმე კრიტიკულის თქმა მოუწევდათ. ეს კრიტიკა კი ხელისუფლებისთვის აღარ იქნებოდა მოსაწონი. როგორც ჩანს, ისინი ვერც გრანტებს ელევიან და არც იმის დაფიქსირება უნდათ, რომ შავზე შავის თქმა უჭირთ.

ცხადია, ეს ვარაუდია, რომელიც მათი ქმედებებიდან გამომდინარეობს და, თუკი ეს ასე არ არის, მაშინ ახსნან, რატომ არ იყვნენ ამ შეხვედრაზე. მით უმეტეს, რომ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო და ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა, ვრცელდება. ამასთან, არ დარიგებულა არანაირი მოსაწვევი და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, მისულიყო და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.

სამაგიეროდ, საია აღმოჩნდა ის ერთად-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა კიდეც და მისი დასაბუთებაც შეძლო.

როგორც საია-ის წარმომადგენელმა გიორგი ნარმანიამ განაცხადა, მის ორგანიზაციას შენიშვნები გააჩნია რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.

პირველი შენიშვნა ეხება აქციის ჩატარებისას გარკვეული შეზღუდვების დაწესებას.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო თავად განსაზღვრავს, შენობიდან რამდენი მეტრის დაშორებით შეიძლება აქციის ჩატარება, ოღონდ ეს არ უნდა იყოს 20 მეტრზე მეტი.

საია კი მიიჩნევს, რომ „ეს შეზღუდვა უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და დასაბუთდეს შეზღუდვის აუცილებლობა“.

თუმცა, როგორც პავლე კუბლაშვილი განმარტავს, ეს ვალდებულა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს ისედაც აკისრია და ამ კანონში კიდევ ერთხელ ჩაწერა ზედმეტი იქნება.

ამასთან, საია გაუმართლებლად მიიჩნევს იმას, რომ აქციის ჩატარება აიკრძალოს სასამართლო შენობებთან, ასევე აეროპორტებთან, რკინიგზასთან და პორტებთან,  რასაც ახალი ცვლილებები ითვალისწინებს. როგორც გიორგი ნარმანია აცხადებს, ეს უნდა იყოს სასამართლოს და ამ სტრუქტურების დისკრეცია და აქციის ჩატარება აპრიორი არ შეიძლება, აიკრძალოს.

ამ შენიშვნასთან დაკავშირებით კი უმრავლესობას პასუხი არ გააჩნია. გარდა ამისა, საია-თვის მიუღებელია ისიც, რომ მთავრობას ეძლევა დამატებით ფუნქცია, ჩაერიოს აქციის გამართვის საქმეში. უმრავლესობა კი თავს იმით იმართლებს, რომ ეს ნორმა „ვენეციის კომისიასთან“ არის შეთანხმებულიო.

საია-თვის ასევე მიუღებელია ის, რომ ხელისუფლებას ევალება ბალანსის დადგენა აქციის მონაწილეთა და გარემოვაჭრეთა ინტერესებს შორის. მათ ასევე გაუგებრად მიაჩნიათ, რა შეიძლება ჩაითვალოს ძეგლების შეურაცხყოფად, რადგან, როგორც გიორგი ნარმანია განმარტავს, ძეგლების დაზიანებისთვის სანქციები უკვე არსებობს და „ძეგლის შეურაცხყოფა“ არის სუბიექტური შეფასების საგანი.

ამასთან, საია ასევე ითხოვს, რომ აქციის ჩატარების უფლება მიეცეს უცხო ქვეყნის მოქალაქესაც, რასაც უმრავლესობა კატეგორიულად არ იზიარებს. არგუმენტი კი ის არის, რომ ეს უფლება მათ აქამდეც არ ჰქონიათ და შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რატომ უკავშირებენ ამ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს არც უმსჯელია და არც დასკვნაში არ არის ამაზე რაიმე ნათქვამი.