საქართველო ინტერნეტის სიძვირით ევროპის ქვეყნებსაც უსწრებს

საქართველო ინტერნეტის სიძვირით ევროპის ქვეყნებსაც უსწრებს

საქართველოში ინტერნეტი ძვირია და თანაც უხარისხო. ამაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს, მაგრამ კომუნაკაციების კომისია მხოლოდ ახლა აპირებს რეგულაციები დააწესოს. შედარებისთვის ისიც კმარა, რომ ინტერნეტ ტარიფების სიძვირით საქართველო რეგიონში ლიდერია და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს. რაც შეეხება ხარისხს, აქ საუბარი საერთოდ ზედმეტია.

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ გოთოშია აცხადებს, რომ სომხეთში ინტერნეტი საქართველოდან შედის, მაგრამ უფრო იაფია. ჩვენთან ინტერნეტმომხმარებლები ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტარიფს იხდიან, რომელიც ხარისხთანაც შეუსაბამოა.

მიხეილ გოთოშია ამბობს, რომ ინტერნეტის სიძვირეს სატრანზიტო ქსელზე მაღალი ტარიფები განაპირობებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება. ასოციაცია სწორედ ამ ტარიფის დარეგულირებას ითხოვს, რადგან არ შეიძლება საცალო და საბითუმო ტარიფებს შორის ისეთ განსხვავება იყოს, როგორც საქართველოშია.

„მაღალია საბითუმო ინტერნეტის ტარიფი. საცალო კი პირიქით დაბალია. არ უნდა იყოს ამხელა განსხვავება საცალოსა და საბითუმოს შორის. მაშინ, როდესაც ერთი მეგაბიტი საცალოზე ღირს 1ლარი, საბითუმო ღირს - 30 ლარი.

დაზუსტებით არ ვიცით, რამდენი ინტერნეტი გადის საქართველოზე ტრანზიტულად. ოპერატორი რასაც იტყვის, ის არის: იტყვის რომ ერთი მეგაბიტი გავიდა, ერთი იქნება; იტყვის, რომ მილიონი გავიდა,მილიონი იქნება. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც ჩვენგან შედის ინტერნტი, უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან. მაგალითად, სომხეთში, ამ ქვეყანას არსაიდან არ აქვს სხვა ალტერნატივა, მხოლოდ საქართველოს გავლით აქვს ინტერნეტი.

სატრანზიტო ქსელი ჩვენი ოპერატორებისთვის არის ძვირი,სომხებისთვის კი არის იაფი. ვისაც აქვს ქსელი, მას შეუძლია ნებისმიერ ოპერატორს მისცეს ნებისმიერი ტარიფი, არანაირ რეგულაციაში არ ზის. მარეგულირებელმა უნდა დაარეგულიროს ეს ბაზარი და უნდა ნახოს, რეალური ღირებულება რა არის. მაშინ სხვა ქვეყნის ოპერატორისთვისაც და ჩვენთვისაც ერთნაირი ფასი იქნება. აღარ იქნება ისე, რომ სომხეთში უფრო იაფი ინტერნეტი იქნება, ვიდრე საქართველოში".  - განუცხადა  „საქმის კურსს“  მიხეილ გოთოშიამ.

მრავალწლიანი მითითებისა და მომხმარებლის უკმაყოფილების შემდეგ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, როგორც იქნა,ინტერნეტ ბაზრით დაინტერესდა. ბაზარზე რეგულაციების კუთხით ფუნდამენტური ცვლილებებია მოსალოდნელი.

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ აღნიშნულ ბაზარზე სიტუციის გაუმჯობესება კომისიის პრიორიტეტია, ვინაიდან დღეს ბაზარზე ფასები მაღალია ხარისხი კი- დაბალი.

„ფუნდამენტური ცვლილება მოხდება ფიქისრებული ინტერნეტის ბაზარზე რეგულაციების კუთხით. მთავარი პრიორიტეტი იქნება ფიქსიებული ინტერნეტის ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღება. დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა ვინაიდან ამ ბაზარზე ფასები მაღალია,ხარისხი კი - დაბალი. ეს წლების განმავლობაში დაგროვებული მიზეზებითაა გამოწვეული, რომელსაც ერთ თვეში ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ პირბას გაძლევთ, რომ ძალიან სწრაფად კომისია აქტიურ და ეფექტურ ქმედებებს განახორციელებს, როგორც საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით ასევე ნორმატიული აქტების მოწესრიგებისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.

საბოლოო ჯამში, მთლიანად შეიცვლება სურათი და ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, -აცხადებს ბექაური და დასძენს, რომ ამ შედეგის მისაღწევად რამდენიმე ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტაა საჭირო, რომელზეც კომისია უკვე მუშაობს უცხოელ ექსპერთებთან ერთად.

მანამდე კი ქართველი მომხმარებელი ერთ-ეთრი ყველაზე ძვირ ინტერნეტს მოიხმარს. ჩვენთან 10 მგბ - წმ ოპტიკური ინტერნეტი 27 ლარი ღირს, იგივე სიჩქარის ინტერნეტში უკრაინელები 7 ლარს, ბელარუსი და ყაზახი მომხმარებლები - 25-25 ლარს იხდიან. 50 მგბ_წმ-ში ჩვენი მომხმარებლები 50 ლარს იხდიან, ხოლო უკრაინელები - 10 ლარს, ჩეხები - 28 ლარს, ყაზახები - 38 ლარს,სერბები - 45 ლარს, სლოვაკები - 30 ლარს, ბულგარლები - 15 ლარს, უნგრელები - 43 ლარს და ა.შ.

კიდევ უფრო თვალშისაცემია სხვაობა, როდესაც საქმე 100 მეგაბიტის ღირებულებას ეხება. საქართველოში ამ შემთხვევაში ტარიფი 100 ლარია მაშინ, როდესაც იგივე მომსახურება უკრაინა - 14 ლარი, რუმინეთში - 18 ლარი, ლიტვაში - 22 ლარი, ბულგარეთში - 22 ლარი, ლატვიაში - 33 ლარი.

დღეს საქართველოში რამდენიმე ათეული აქტიური ინტერნეტ პროვაიდერია, მაგრამ საცალო ინტერნეტის ხვედრითი წილი ძირითადად, 4 კომპანიაზე მოდის: „სილქნეტი“, „მაგთიკომი“, „ახალი ქსელები“, „ახტელი“. ბაზრის 3 - 4-ს კი „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ ინაწილებენ.