“ვიცხოვრე, როგორც გემის კაპიტანმა...”

“ვიცხოვრე, როგორც გემის კაპიტანმა...”

რეპეტიციაა. პარტერში, პირველ რიგში გოგი ქავთარაძე ზის. სცენაზე არაჩვეულებრივი მსახიობები დგანან: ზურა ყიფშიძე, მზია არაბული, გიორგი ნაკაშიძე, გია აბესალაშვილი… ჩემთვის უსაზღვროდ საინტერესოა მათი ყურება, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მაიძულებს, სცენას თვალი მოვწყვიტო და პარტერში მჯდომ რეჟისორს დავაკვირდე. გოგი ქავთარაძეს სახეზე ყველა გმირის ემოცია ეტყობა. ცმუკავს. ხან ისეთ მიმიკას იღებს, რომ სცენისაკენ გახედვა არც გჭირდება - იქ რაც ხდება, ყველაფერი აქაც ვითარდება - ამ ერთი კაცის სულსა და გულში. ცნობილი რეჟისორი, რომელიც ცნობილი მსახიობიცაა, იმდენადაა რეალობიდან სპექტაკლის ცხოვრებაში გადართული, რომ ვფიქრობ: ჩემთან სასაუბრო განწყობა რეპეტიციის შემდეგ ალბათ არ ექნება, ისევ სპექტაკლზე გააგრძელებს ფიქრს-მეთქი. მაგრამ რეპეტიცია მთავრდება და იწყება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ - მოგონებები ცხოვრებაზე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სცენაზე გათამაშებულს... ბატონი გოგი აქაც სულითა და გულით "გადაეშვა".

ჩემი გარიჟრაჟი

1942 წელს მამაჩემი ჯარში წაიყვანეს. მაშინ 2 წლის ვიყავი. რომ ვამბობ, არავის სჯერა: მახსოვს, როგორ მიდიოდა. მხარზე რაღაც ეკიდა. მაკოცა. მე წავეპოტინე. ფორმა ეცვა. ზუსტად ასე იყოო, დედა მეუბნებოდა, მაგრამ მაინც უჭირდა დაჯერება, რომ ეს სურათი მეხსიერებაში მქონდა ჩარჩენილი.

ჩემს დაზე 8 წლით უფროსი ვარ. ის მამაჩემის ფრონტიდან დაბრუნების მერე გაჩნდა, მე მამის სეხნია ვარ. დედას ქეთევანი ერქვა, ჩემი დაც ქეთევანია. რეზო ესაძე მეუბნებოდა: რა უფანტაზიო ხალხი ყოფილა შენი მშობლები, სხვა სახელები ვერ მოიფიქრესო?!

თბილისის მე-19 საშუალო სკოლაში მიმიყვანეს. მაშინ ბიჭები ცალკე ვსწავლობდით, გოგონები - ცალკე. მერე შეგვაერთეს და მეც ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლაში გადავედი.

ერთხელ, მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი, შინიდან მოვიპარე მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები". აკრძალული წიგნი იყო. მასწავლებელმა დამინახა, წამართვა და მერე მშობლები დაიბარა. ეს ძალიან საშიში იყო, მით უმეტეს, რომ ტყვეობაში ნამყოფი მამა ყოველ წუთს ელოდა გადასახლებას... იმჯერად გადარჩა... მამა მწერალი და მთარგმნელი იყო. მახსოვს მწერალთა კავშირში გადაღებული ერთი ფოტო. რამდენიმე კაცს სახე ჰქონდა ამოფხეკილი - ისინი რეპრესირებული იყვნენ.

ზაფხულობით სოფელში ჩავდიოდი (ზესტაფონის რაიონის სოფელი ცხრაწყარო), ვცელქობდი, არ ვიყავი მთლად დალაგებული ბავშვი.

დედაჩემის მამა, დავით ბარბაქაძე, მნათე იყო. ეკლესიაში დავყავდი ქუთაისში. მახსოვს ის სუნი, ეკლესიაში რომ იდგა. რომ წამოვიზარდე, მერეც დავდიოდი ეკლესიაში, ხანდახან მორიგეები რომ გამომიჭერდნენ, ვიტყოდი: სპექტაკლისთვის მჭირდება და იმიტომ ვესწრები წირვას-მეთქი.

ძალიან მოუსვენარი და ფანტაზიორიც გახლდით, მაგრამ ძნელი გასაზრდელი არ ვყოფილვარ. ხანდახან დედა სამსახურიდან რომ მოვიდოდა, იატაკს მოპრიალებულს დავახვედრებდი.

თბილისში კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდი. სულ ქუჩისკენ მიმიწევდა გული, ქუჩაში მყავდა ახლობლები.

15 წლისაც არ ვიყავი, მამამ ჯიბეში სიგარეტი მიპოვა. მშვიდად მითხრა, - ეს არ ვარგაო. ნელ-ნელა გადავაგდე სიგარეტი.

კარგად მახსოვს, პირველად რომ გამოვთვერი. სასადილოში შევედით, კატლეტები ვჭამეთ და დავლიეთ. მერე ჩემმა მეგობარმა, ჯემალ იმნაძემ მიმიყვანა თავის სახლში. დამაწვინა. ყველაფერი ტრიალებდა. მამამისის სიტყვები მახსოვს: ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ასე ვიყავი მეცაო.

მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს ვცხოვრობდი და ეს თეატრი ჩემი სახლივით იყო...

ჩემი დილა

თეატრის გარდა არც არაფერზე მიოცნებია.

სკოლაში დრამწრე გვქონდა. ჩვენი ხელმძღვანელი იყო რეზო ესაძე - იმავდროულად ჩვენი ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი.

ჩემზე რეზო ესაძემ დიდი გავლენა მოახდინა. შემდეგში, უკვე მოწიფულობაში, ასევე დიდი გავლენა ჰქონდა რობერტ სტურუას.

სკოლა რომ დავამთავრე, მოსკოვში წავედი. სხვათა შორის, მოსკოვში იმ წელს ვგიკ-ში აბარებდა რეზო ესაძეც - გამოცდების ნახვა ჰქონდა დაგეგმილი, მერე მოვემზადებიო. ბედად, მიხეილ რომმა შეამჩნია და ჩაირიცხა. ეს დიდი სიხარული იყო. მე კი სტაჟი არ მქონდა და გამოცდებზე გასვლის უფლება არ მომცეს.

ჩამოვედი და მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა სცენის თანამშრომლად. ეს ნიშნავს მასობრივ სცენებში დამხმარე შემადგენლობაში ყოფნას. ბედნიერი ვიყავი, ვუყურებდი მარჯანიშვილის თეატრის კორიფეებს. შალვა ღამბაშიძის გარდა, ყველას მოვესწარი. რეჟისორობაზე ვოცნებობდი, ამიტომ საკუთარი ინიციატივით გავხდი რეჟისორის თანაშემწის თანაშემწე. ვიჯექი და ვიწერდი ყველაფერს.

ერთ მშვენიერ დღეს, მაშინაც, როგორც ყოველთვის, თეატრს უჭირდა, დირექტორი კი აკაკი დვალიშვილი იყო. გამოაკრეს განცხადება: ყველა შტატგარეშე თანამშრომელი და შტატიან სცენის თანამშრომელთა ნაწილი გათავისუფლებულია თეატრიდანო. მე შტატგარეშე ვიყავი, ამდენად, კითხვაც არ მჭირდებოდა, ვიცოდი, გათავისუფლებული ვიყავი. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის.

რამდენიმე დღის მერე ქუჩაში შემხვდა აწ განსვენებული ბონდო გოგინავა,  - თეატრში რატომ არ მოდიხარო... გათავისუფლებული ვარ-მეთქი. შედი და ბრძანება წაიკითხეო. მივედი. გამოკრულია: სცენის შტატგარეშე თანამშრომელი გიორგი ქავთარაძე ჩარიცხულ იქნას შტატში სცენის თანამშრომლად და დაევალოს რეჟისორის თანაშემწის ფუნქციაცო. ამაზე დიდად სასიხარულო ჩემს ცხოვრებაში მერე არაფერი მომხდარა.

1962 წელს ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში და თუმანიშვილის სტუდენტი გავხდი.

ერთ დღეს ისევ ბონდო გოგინავა შემხვდა, გილოცავო. განაწილდა "მე ვხედავ მზეს" და შენ სოსოიას როლი მოგცესო. რაც დაწერა ნოდარ დუმბაძემ, ყველაფერი ვითამაშე, გარდა ზურიკელას როლისა. მერე კი, როცა რეჟისორი გავხდი, ყველა მისი ნაწარმოები დავდგი, მათ შორის 4 სპექტაკლი საზღვარგარეთ.

ერთ დღეს კარზე ზარი დაირეკა. გავაღე - რობიკო სტურუა დგას. მცირე სცენაზე ვდგამ სპექტაკლს "ვახშმობის წინ" და წაიკითხე, მინდა გათამაშოო. ასე აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში. დაიწყო ჩემი და რობიკოს დიდი მეგობრობა.

სადიპლომო სპექტაკლი რუსთაველის თეატრში დავდგი. სერგო ზაქარიაძე მყავდა მთავარ როლში.

1967 წელს დავდგი "ჩვენ, მისი უდიდებულესობა". მთავარ როლს ისევ სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. ეს იყო პირველი სპექტაკლი ქართული თეატრის ისტორიაში, რომელიც საზღვარგარეთ გავიდა - გასტროლზე იყო რუმინეთში. ცხადია, შემთხვევით მოხდა, მუშათა კლასზე იყო, ლენინს ეძღვნებოდა და ამიტომ.

ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო. ამ ფილმით დაიწყო ჩემი კინოკარიერა.

ჩემი შუადღე

კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა დამიბარა. მივედი. მითხრა: ბათუმში მთავარ რეჟისორად ხომ არ წახვიდოდიო. მართლა მეუბნებით, ბატონო ოთარ-მეთქი? რა, არასერიოზული კაცი ვარო?! თუ ამას მანდობთ, წავალ-მეთქი.

29 წლისა უკვე ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი ვიყავი. ეს იყო საუკეთესო წლები. "ალუდა ქეთელაური" და "სტუმარ-მასპინძელი", "რევიზორი". კიდევ რამდენი სპექტაკლი დავდგი.  დავდგი "დრო 24 საათი". ახლა რომ გადის მარჯანიშვილში "გიორგი მაზნიაშვილი", ამ შინაარსის სპექტაკლი იყო. დამიბარეს - უნდა გააჩერო სპექტაკლიო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. სხვა მითითება არასოდეს მქონია.

გულისტკენა რა მახსოვს? ალბათ ის, რომ ბათუმიდან რუსთაველის თეატრში დაბრუნებულმა დავდგი "რომეო და ჯულიეტა", თეატრი გასტროლზე მიდიოდა მოსკოვში და ეს სპექტაკლი არ წაიღეს. ძალიან მეწყინა.

თუმანიშვილი სულ ამას მეუბნებოდა: - შენ რომ IV კურსზე "სტუმარ-მასპინძელი" დადგი, მსგავსი არაფერი დაგიდგამსო!

მერე იყო ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორობა და დირექტორობა. ქუთაისიდან სოხუმში გადავედი. იური კაკულიამ და მე ადგილები გავცვალეთ.

მერე 7 წელი რუსული თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი თბილისში. მერე რუსთავის თეატრს ვხელმძღვანელობდი. მოკლედ, ვიცხოვრე, როგორც გემის კაპიტანმა - მოგზაურობაში.

სოხუმში ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. დედა კი 1989 წლის 9 აპრილს გარდამეცვალა - მაშინ მოსკოვში სტალინის როლში მიღებდნენ. სასტუმროში მივედი და მომახალა ერთმა: თბილისიდან დარეკეს, დედა გარდაგეცვალათო. რა უნდა მექნა. დილამდე თბილისში ვერ წამოვიდოდი. სულ ერთი გადაღება მქონდა დარჩენილი. რეჟისორმა - რა ვქნათ, სამძიმარს გიცხადებთ, მერე გავაგრძელოთო. არა-მეთქი. საღამოს მოვალ და გადავიღოთ-მეთქი. ძალიან გაუკვირდათ.

დილით პირველ რეისზე ამიღეს ბილეთი. აეროპორტში ყური მოვკარი, ორი კაცი ერთმანეთს ეკითხებოდა, - მსხვერპლი დიდიაო? მაშინ გავიგე, რა მოხდა თბილისში. გავქვავდი რაღაცნაირად. ჩამოვედი და აეროპორტში კაციშვილი არ დამხვდა მგლოვიარე კაცს.

ჩემი საღამო

გაისად 70 წლისა ვხდები. ვწერ წიგნს, რომელსაც ერქმევა "შეცდომები".

ახლა თავისუფალი შემოქმედი ვარ. თანამდებობაზე აღარავინ დამნიშნავს. სერიოზულ ოპოზიციონერად აღმიქვამენ და აბა, რა იქნება. მაგრამ სულაც არ ყოფილა ცუდი თავისუფალი შემოქმედის მდგომარეობა.

სამწუხაროა, რომ სოფელი არ მაქვს. ჯერ მამამ გაყიდა სახლი სოფლად, მერე დედულეთშიც გაყიდეს. მიყვარს ზესტაფონის რაიონი. სოხუმის თეატრის გასტროლები იყო ზესტაფონში. დახურვაზე მოულოდნელად მომანიჭეს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება. სიტყვა მომცეს. ვთქვი: ამ დარბაზში 20-მდე კაცი მაინც არის, ჩემგან თუ კაცი დადგებოდა, რომ არ ეგონათ და ახლა საპატიო მოქალაქე გავხდი-მეთქი. მართალიაო, - დარბაზიდან იყვირეს. არასერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდიო.

ეს, თქვენ გგონიათ, რომ დილაზე, შუადღესა და საღამოზე ვსაუბრობთ. ჩემთვის სულერთია. როგორიც წლების წინ ვიყავი, ისეთი ვარ. არც 70 წლის კაცს ვგავარ.