წინასაარჩევნოდ გაძვირებული ცხოვრება

წინასაარჩევნოდ გაძვირებული ცხოვრება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. წინა დღეს სემეკ-მა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაუდგინა. თბოელექტროსადგურებისთვის, „ყაზბეგი გაზისთვის“, „დუშეთი გაზისთვის“ და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ს გარეშე), ხოლო ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა. გაზი ასევე გაუძვიდა თბილისის მოსახლეობასაც - გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაიზარდა, როდესაც სემეკმა „ყაზტრანსგაზ თბილისის“ 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაუდგინა.

შეგახსენებთ, აქამდე მოქმედი ტარიფი დედაქალაქის მოსახლეობისთვის 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, 45.620 თეთრი იყო, გუშინ კი სემეკმა 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრი დაადგინა (დღგ-ს ჩათვლით). ტარიფი ძალაში იქნება 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროგნოზები გაზის გაძვირების შესახებ რამდენიმე თვით ადრე კეთდებოდა, ენერგეტიკოსთა ერთი ნაწილი ამას ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით „გაზპრომთან“ ხელისუფლების წარუმატებლობის საზღაურად მიიჩნევდა, ნაწილი კი თვლიდა, რომ „გაზპრომი“ არაფერ შუაშია და მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ.

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ამიერიდან სემეკი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის ტარიფებს ყოველწლიურად დაითვლის. თავის დროზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია განმარტავდა, რომ 2017 წელს მოსახლეობას ახალი ტარიფები ექნებოდა, რაშიც სემეკი კომპანიებისთვის ლარის გაუფასურების შედეგებსა და ქსელში განხორციელებულ ინვესტიციებს გაითვალისწინებდა.

როგორც სემეკში აცხადებენ, ბუნებრივი აირის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2006 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა, ანუ 10 წელია, გაზგამანაწილებელი კომპანიები ერთი და იმავე ტარიფით მუშაობდნენ, რაც წინა ხელისუფლების დროს დადებული ხელშეკრულებების შედეგი იყო.

რატომ გადაწყვიტა ამ ხელისუფლებამ ტარიფის გადახედვა, რეალური მიზეზი უცნობია, თუმცა ამ თემის განხილვისას ენერგეტიკოსი რეზო არველაძე თვლიდა, რომ მართალია, 2006 წლის შემდეგ გაზის შესასყიდი ფასი არ შეცვლილა, მაგრამ ვალუტის კურსმა გარკვეული გავლენა მართლაც მოახდინა. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ გაზის გამანაწილებელი ყველა კომპანია შეიტანდა განაცხადს.

ენერგეტიკოსთა ნაწილი გაზის გაძვირებას რამდენიმე საშუამავლო კომპანიის არსებობას უკავშირებს - დღეს თბილისის გაზგამანაწილებელმა კომპანიამ გაზი რომ მიიღოს, სამი საშუამავლო კომპანია უნდა გაიაროს, პლუს საქართველოს ტრანსპორტირების კომპანია. ენერგეტიკოსები თვლიან, რომ თუ დღის წესრიგში საშუამავლო კომპანიების თემა დადგებოდა, გაძვირების ნაცვლად გაიაფების მიმართულებითაც შეიძლებოდა ტარიფის გადახედვა.

როდესაც მოსახლეობისთვის მტკივნეულ, სოციალურ თემებზეა საუბარი პოლიტიკოსები ყოველთვის ახერხებენ მის გამოყენებას. ამიტომაც ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რატომ გაძვირდა გაზი მაინც და მაინც არჩევნების წინ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციამ თემა აიტაცა და ამაზე კიდევ დიდხანს ისაუბრებს.

„ის რაც ხდება გაზის ტარიფთან დაკავშირებით ცუდი მენეჯმენტის კლასიკური მაგალითია“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

გაზის გაძვირებას ბაქრაძე ცუდი მენეჯმენტის გარდა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებასაც უკავშირებს.

„ის რაც დღეს გაზის ტარიფთან დაკავშირებით ხდება, საერთაშორისო გაზის ფასს არ უკავშირდება, არამედ ეს ცუდი მენეჯმენტისა და „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ბრალია, რომლის ღირებულებასაც დღეს თითოეული ჩვენგანი გადავიხდით ჩვენი საკუთარი ჯიბიდან, ამიტომ გაზის ტარიფის გაძვირება გახლავთ კლასიკური შემთხვევა „ქართული ოცნების“, ჩვენი ამომრჩევლის მოტყუება და დაპირების არშესრულება და ცუდი მენეჯმენტის შედეგად ვითარების კიდევ უფრო გაუარესება. ამის ფასს ჩვენი თანამოქალაქე გადაიხდის საკუთარი ჯიბიდან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას მოუწევს არგუმენტებზე ღიად საუბარი, რადგან „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, რომელიც ენერგეტიკის მინისტრი იყო, საკმაოდ ხშირად დაუსვამენ კითხვებს ამ თემაზე.

„თუ არ ვცდები, გაზის ტარიფი ბოლოს 2007 წელს იყო დადგენილი და მას შემდეგ არ მომხდარა მისი გადახედვა, თუ არ ჩავთვლით 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და 5 თეთრით შევამცირეთ ბუნებრივი აირის ფასი“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოხდეს სუბსიდირება, კალაძე პასუხობს, რომ მას ამ საკითხზე პასუხი არ აქვს.

რამდენად სერიოზულ გავლენას მოახდენს გაძვირებული გაზი ადგილობრივ წარმოებაზე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცხოვრება კიდევ უფრო რომ გაძვირდება, ცხადია.