ვინ „მოტეხა“ ლევან ბერძენიშვილი ამერიკული დელეგაციიდან?

ვინ „მოტეხა“ ლევან ბერძენიშვილი ამერიკული დელეგაციიდან?

შიდა ქართლის ძალოვან სტრუქტურებში ცვლილებებს პარლამენტში დიდი ვნებათაღელვა არ მოჰყოლია. დეპუტატებისთვის უფრო საინტერესო თემა იყო 15-კაციანი საპარლამენტო დელეგაციის წასვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა უმრავლესობამ არ იცოდა, თუ როგორ დაკომპლექტდა ეს 15-კაციანი დელეგაცია და რაც მთავარია, არავინ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინათ მათ ამერიკაში.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს დელეგაცია ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიწვევით გაემგზავრა საზღვარგარეთ. დელეგაცია საქართველოში ერთ კვირაში დაბრუნდება, მანამდე კი ჩვენი დეპუტატები აშშ-ში მნიშვნელოვან პირებს შეხვდებიან, ახალ ურთიერთობებს „გაჭრიან“ და თავისუფალ დროსაც საინტერესოდ გაატარებენ. მათ ვიზიტს მთლიანად ამერიკული მხარე აფინანსებს და მოგეხსენებათ, ქართველებისათვის მუქთა ყველაფერი კარგია.

დეპუტატების ყურადღება კი ერთმა ამბავმა მიიქცია: აშშ-ში გასამგზავრებელი დელეგაციიდან ლევან ბერძენიშვილი „მოტეხეს“. რას ერჩოდნენ ამერიკელი რესპუბლიკელები ქართველ რესპუბლიკელებს? პარლამენტში მიწვევა მიიღეს არა მარტო ნაციონალებმა, არამედ ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმაც.

კულუარული ინფორმაციით, პრეზიდენტს აშშ-ში წასასვლელთა სია რომ გააცნეს, იკითხა - ლევან ბერძენიშვილი არ მიდისო? „არა, „ახლები“ მოდიანო“. - იყო პასუხი. სააკაშვილსაც ამ თემაზე საუბარი აღარ გაუგრძელებია, რადგან იცოდა, რომ ამ დელეგაციის მიწვევა ამერიკული მხარის ინიციატივით ხდებოდა და მათ გამოუყვეს პოლიტიკურ ძალებს კვოტა. მაგალითად, ნაციონალებს 10 დეპუტატის გაგზავნა შეეძლოთ. თუ მათ ბესო ჯუღელსაც მივათვლით, რომელმაც ინდივიდუალური მიწვევა მიიღო, სულ 11 გამოდის. ვინ იქნებოდა ის 10 დეპუტატი თავად უმრავლესობის ლიდერებმა შეარჩიეს და პრეზიდენტს წარუდგინეს. ასე მოხვდნენ გასამგზავრებელთა შორის დავით კირკიტაძე, გოჩა კუპრავა, მარიკა ვერულაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, დათო ტყეშელაშვილი, გიორგი არველაძე და სხვები. 4 დეპუტატი ოპოზიციური ძალებიდან უნდა შერჩეულიყო. ახლებიდან ამერიკაში მამუკა კაციტაძე, მანანა ნაჭყებია და გია ცაგარეიშვილი გაემგზავრნენ. შესაძლებელი იყო კიდევ ერთი დეპუტატის გაგზავნა. სწორედ აქ მოხდა ლევან ბერძენიშვილის უგულებელყოფა. „ალია“ მას ესაუბრა.

ბატონო ლევანთქვენ რატომ არ წახვედით ამერიკაში?

- იმიტომ რომ არ დამპატიჟეს. რესპუბლიკური ინსტიტუტი ეს არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საქართველოშიც და რომელმაც დაპატიჟა საქართველოს პარლამენტის წევრები უმცირესობიდანაც და უმრავლესობიდანაც. ეტყობა, ისე იანგარიშეს, რომ უმცირესობაში რესპუბლიკელები ვერ დაინახეს. ასე რომ, ძალიან უცნაურია, ჩვენ რომ არა ვართ ამ შემადგენლობაში. პირადად ჩემთვის გაუგებარია საერთოდ, როგორ დაკომპლექტდა ეს 15-კაციანი დელეგაცია. ფაქტია, ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს ამ დელეგაციის ამერიკაში წასვლის შესახებ, პოსტ ფაქტუმ გავიგე.

ანუთქვენ უარი არ გითქვამთ?

- არა, რა უარი, ვინ შემომთავაზა საერთოდ. უნდა შემოეთავაზებინა ამ მხარის წარმომადგენლებს საქართველოში. ახლა ამის გამო ჩვენ ტირილს არ დავიწყებთ. შესაძლოა, რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს ეგონათ, ჩვენი დაპატიჟება ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა, ჩვენც რესპუბლიკური პარტია გვქვია და ამიტომ. ალბათ, არ შეიძლება, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობა დავამყაროთ. სხვა ახსნას ვერ ვუძებნით.

უმცირესობის სტატუსი ახსენეთ და ამ სტატუსით არც „ახლები“ სარგებლობენ.

- „ახლებს“ უმცირესობის სტატუსი არ აქვთ, მაგრამ აქვთ ფრაქცია. ამიტომ, როცა პარლამენტში რამე იყოფა და ნაწილდება, „ახლების“ ფრაქციას იქედან რაღაც მაინც ეკუთვნით. ჩვენ არა გვაქვს ფრაქცია და ამიტომ სანამ ფრაქცია არ გვაქვს, მანამ პრეტენზიებსაც ვერ გამოვხატავთ. ასე რომ, მარტო „ახლები“ თუ წავიდნენ ამერიკაში, ჩვენთვის გასაგებია, რაც მოხდა. მაგრამ, თუ წავიდნენ „ახლები“ და პლუს კონსერვატორები, აი, მაშინ ცოტა გაუგებარია, ჩვენ რატომ არ დაგვიძახეს რომელიმეს.

რაკონსერვატორებიც წავიდნენ?

- დარწმუნებული არ ვარ, არ მიკითხავს გვერდით ოთახში.

ვისაც პარლამენტის დერეფნებში გაუვლია, კარგად მოეხსენება, რომ ბერძენიშვილის გვერდით სწორედ დავითაშვილი-ძიძიგურის ოთახია. მოკლედ, ისინი „კარის მეზობლები“ არიან. იმ ოთახში ძიძიგური რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, ამერიკაშია წასულიო. რა პრინციპით შეარჩიეს ძიძიგური? იგი რომელიმე ფრაქციის წევრი არ არის. ძიძიგურის თანამებრძოლმა კახა კუკავამ გვითხრა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს რესპუბლიკურ ინსტიტუტთან და ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური ამ დელეგაციის სიაში სწორედ მათ ჩასვესო.

რაც შეეხება ამერიკის რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ის იკვლევს პარტიებს, ეხმარება მათ, ასწავლის როგორ უნდა მიაღწიონ წინსვლას და ალაგ-ალაგ „პიარშიკობს“, როგორც ამას საქართველოში რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი დიმა შაშკინი „ალიასთან“ საუბარში ახადებს. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, დიდი თანხები ღირს, თუმცა დაფინანსება საზღვარგარეთიდან გრანტების სახით შემოდის და ჩვენს პოლიტიკოსებს შაშკინთან თანამშრომლობით გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავება არც ერთი თეთრი არ უჯდებათ.

შაშკინი აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება. მაგრამ რატომ არ ეხმარება იგი ყველა პოლიტიკურ პარტიას? ამასთან დაკავშირებით შაშკინი აცხადებს, რომ იგი თანამშრომლობს რეიტინგულ და პერსპექტიულ პარტიებთან. პარტიების რეიტინგს კი, როგორც ჩანს, საქართველოში თავად განსაზღვრავენ. ერთხელ შაშკინმა „ალიასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მზადაა, ითანამშრომლოს პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებთან, ასწავლოს მათ გარკვეული პოლიტიკური უნარ-ჩვევები და დაეხმაროს წარმატების მიღწევაში.

კულუარული ინფორმაციით კი პარლამენტს გარეთ დარჩენილი ძალებიდან შაშკინისთვის მისაღები ჯერჯერობით მხოლოდ ტრადიციონალისტები არიან, პარლამენტში დარჩენილებიდან კი ახალი მემარჯვენეები და დავითაშვილ-ძიძიგური. სხვათა შორის, დიმა შაშკინი იმ გახმაურებული ვიდეოკასეტების ავტორია, რომელიც პარლამენტარებს ასწავლის, რომ ცხვირში ხელის შეყოფა უზრდელობაა, გადაღების წინ რომ ყავის დალევა არ შეიძლება და ჟალუზებთან ჯდომა რომ ზოგადად კადრს აფუჭებს.

ამ ვიდეოკასეტებით პარლამენტარები თავის დროზე დიდად აღფრთოვანებულები არ ყოფილან. იგი ისეთს არაფერს გვასწავლის, რაც არ ვიცოდითო, - ამბობდნენ ისინი. ისწავლიან თუ არა ამჯერად ამერიკაში რაიმე ახალს, მათი ჩამოსვლის შემდეგ შევიტყობთ.