გალაქტიონ ტაბიძე - ბუნებისა და ადამიანის სულის მესაიდუმლე

გალაქტიონ ტაბიძე - ბუნებისა და ადამიანის სულის მესაიდუმლე

საქართველო მგოსანთ ქვეყანააო, სთქვა ვიღაცამ. თუ რითმებით ამბების მწერალთ აიღებთ, ეს აზრი იქნება მართალიც იყოს, მაგრამ ჭეშმარიტი მგოსანი კი, ისეთი, რომელმაც შეიცნობოს ბუნება და ადამიანის სულისკვეთება, მსოფლიოს გარე-მიდამო იგრძნოს და ნაგრძნობი სხვასაც აგრძნობინოს, ისეთი მგოსანი მაინც და მაინც ბევრი არ მოიძებნება ჩვენს ახალგაზრდა მოლექსეთა შორის.

ადამიანის სულის კვეთების, შინაგან განცდის გადმოცემა ერთია და რომელიმე, წინადვე აღებულ, აზრის გარითმულ პწკარებში ჩამოყალიბება მეორე. ჩვენი მწიგნობრობა ჯერ კიდევ ელის კრიტიკოსს და ვიდრე მაღალ-ნიჭიერი კრიტიკოსი მოგვევლინებოდეს, ჩვენი მწერლობა განუვითარებელი იქმნება და ყოველ მოლექსეს მგოსნის სახელით დააგვირგვინებენ.

გალაქტიონ ტაბიძე-კი, რომელმაც პირველი ორიოდე ლექსი 1908 წელს გამოაქვეყნა, ხოლო უფრო მეტად 1910 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრებაში“ და სხვაგან გაშალა ფრთა და თვის ლექსთა თაიგული გასულ წელს გამოსცა ცალკე წიგნად, არ ეკუთვნის იმ მოლექსეთა ჯგუფს, რომელთა სახელიც ლეგიონია...

გ. ტაბიძე, - ეს ბუნებისა და ადამიანის სულის ბგერათა მესაიდუმლე, - სრულიად განკერძოებითა სდგას და თვისი შემოქმედებით იგი მსოფლიო სევდის მგოდებელთ (ჩვენში ნ. ბარათაშვილს) უახლოვდება. სამართლიანად შენიშნავს კრიტიკოსი ივ. გომართელი, როდესაც ამბობს: „ტაბიძემ ღრმად იგრძო ყოველი შეგნებული ადამიანის სევდა და სულის სწრაფვა, ბარათაშვილს გამოეხმაურა და თავისი მკვნესარე ხმები მსოფლიო სევდას შეუერთაო.“

ჩვენი პოეზიის ქურუმნი მეცხრამეტე საუკუნეში და ახლაც უმეტესად მამულიშვილურ-მოქალაქეობრივ ჰანგთა მღერამ გაიტაცა, უკანასკნელ ხანში ხომ „პროგრამულ“ ლექსებს სწერენ. ეს იქნება სწორედ ასეც იყოს საჭირო, მაგრამ ჭეშმარიტ მგოსანს კიდევ სხვა მიზანი აქვს: ადამიანის სულის განცდათა გამომჟღავნება, ჩვეულებრივ ადამიანისათვის მიუწდომელის შეცნობა.

გ. ტაბიძემ თავის ლექსთა მშვენიერ თაიგულში საუცხოვოდ გადაგვიშალა მუდამ მაძიებლის, სულით ღელვილი ადამიანის სწრაფვა, აღბეჭდა უკანასკნელ ათეულ წლების ინტელიგენციის რწმენის მერყეობა, ახალი გზების ძებნა, იმედის გაცრუება, უუნუგეშობა.

ამ პატარა საბიბლიოგრაფიო წერილში მოუხერხებელია მკითხველს გადავსცეთ ყოველივე ის, რითაც გასულდგმულებულია გ. ტაბიძის ნაზი ლექსები, ვიტყვით-კი, რომ ახალგაზრდა მგოსანი დიდის ყურადღების ღირსია, და ვისაც ჰსურს განიცადოს სულიერი კმაყოფილება, უაღრესი სიტკბოება, მან თვით ნაწერები - მგოსნის შემოქმედება უნდა გაიცნოს.