ბაჩო ახალაიას ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია

ბაჩო ახალაიას ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბაჩანა ახალაიამ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაცია 2005 წლის 23 დეკემბერს, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე შეავსო. იგი თბილისში, წინამძღვრიშვილის 17-ში ცხოვრობს მეუღლესა და ვაჟთან ერთად. მათ შესახებ დეკლარაციაში ვკითხულობთ:

ბაჩანა ახალაია დაიბადა 1980 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში. ბაჩო ახალაიას გერმანელი მეუღლე ჰყავს - ირინა ჰაიბელი, რომელიც 1979 წლის 19 მარტს არის დაბადებული ქალაქ ვისბადენში. ვაჟი - მაქსიმ ახალაიაც გერმანიის ქ. ვისბადენშია დაბადებული 2003 წლის 18 აგვისტოს.

ახალაიების ოჯახის უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს ბინა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, რომელიც 2005 წელს შეუძენიათ და რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 20 000 ლარია. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბინა შეძენილია ბაჩო ახალაიას პირადი დანაზოგითა და ბანკიდან აღებული სესხით. სხვა უძრავი ქონება ან ძვირფასი ნივთი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

დეკლარაციის თანახმად, ახალაიას არა აქვს ფასიანი ქაღალდები, არ ფლობს წილს საწარმოებში, საანგარიშო წლის განმავლობაში არ შეუძენია ძვირფასი ნივთი, არ მიუღია ძვირადღირებული საჩუქარი. დეკლარაციის შევსების დროისათვის ხელთ არ ჰქონია ნაღდი ფული.

„თი-ბი-სი“ ბანკში 2005 წლის ნოემბერში მას საკრედიტო ანგარიში გაუხსნია, რომელზეც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის დროს 1980 ლარი და 600 აშშ დოლარი ერიცხებოდა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, საკრედიტო ბარათზე რიცხული თანხა წარმოადგენს ხელფასს, გრანტსა და საკრედიტო ხაზს. დეკლარანტის მეუღლეს ირინა ჰაიბელს კი 2000 წელს გერმანიაში, ვისბადენში აქვს ანგარიში გახსნილი, რომელზეც დეკლარაციის შევსების დროს 5 000 ევრო ერიცხებოდა.

2005 წლის ნოემბერში ბაჩო ახალაიამ სს „თი-ბი-სი“ ბანკთან 3 წლის ვადით გააფორმა ხელშეკრულება 10 000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტის გამოტანის თაობაზე.

სულ ეს არის, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის შესახებ შევიტყვეთ მისი დეკლარაციიდან.