უამინდობა და მაღალი ფასი - საკურორტო სეზონის ცუდი სტარტი

უამინდობა და მაღალი ფასი - საკურორტო სეზონის ცუდი სტარტი

წლევანდელი საკურორტო სეზონი არასახარბიელოდ დაიწყო. მუდმივმა უამინდობამ კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობა შეამცირა. საოჯახო სასტუმროებისა და სხვადასხვა მომსახურების ობიექტების მფლობელები ტურისტების ნაკლებობას უჩივიან, ხოლო თავად დამსვენებლები გაზრდილ ფასებს.

საოჯახო სასტუმრო „ფიჭვნარის“ მფლობელი თამაზ გოგიბერიძე ამბობს, რომ დაბალმა ტემპერატურამ კურორტზე დამსვენებლის რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

„წვიმისა და გრილი ამინდების გამო დამსვენებლები არ გვყავს თბილისიდან, ქუთაისიდან, თელავიდან, ზუგდიდიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან. სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ ქობულეთში დამსვენებლების რაოდენობა მცირეა. მხოლოდ ბავშვები არიან, რომლებიც ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობენ. ჩვენც ძალიან დაბალ ფასად ვემსახურებით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. ყველას ბანკის ვალი გვაქვს, თანაც, ყოველ სეზონზე სარემონტო სამუშაოებს ვატარებთ, რადგან აქ ნესტიანი ჰავაა და ყველაფერს აზიანებს.

თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი მოგება სასაცილოა და თუ ბიზნესი მომგებიანი არ არის, მაშინ რაღა ბიზნესია? ჩემი სასტუმრო შარშან რუსმა და უკრაინელმა ტურისტებმა ამუშავეს, ალბათ, წელსაც ასე იქნება. ისინი 10-12 დღით ჩამოდიან და იმ პირობებს ეგუებიან, რაც აქ ხვდებათ. მთავარი მათთვის კეთილგანწყობილი მასპინძელი და კარგი მომსახურებაა, თორემ გრილ ამინდს ყურადღებას არ აქცევენ“, - ამბობს თამაზ გოგიბერიძე.

მახინჯაურში მდებარე სასტუმრო „ბაგრატიონის“ მეპატრონე ლაშა ბაგრატიონი სულ სხვა მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ტურისტების რაოდენობა შავი ზღვისპირეთში შემცირებულია.

„წელს ტურისტები არ გვყავს, ძალიან ცოტა ჩამოვიდა და კიდევ უფრო ცოტა ჩამოვა იმის გამო, რომ ყველაფერი გაძვირდა, პირველ რიგში კი - მგზავრობა. არა მარტო მატარებლის, არამედ თვითმფრინავის ბილეთებიც გააძვირეს. ადრე მატარებლის ბილეთი 18-20 ლარი ღირდა, ახლა კი ლამის სამმაგი ფასი დაედო. წარმოიდგინეთ, რამდენად გაუძვირდა ყველა ოჯახს დასვენება...

მარტო ქართველი ტურისტები კი არ დაბრკოლდნენ, რუსეთიდან და უკრაინიდან თვითმფრინავით რომ მოდიოდნენ, ის ხალხიც ავტომანქანებით აპირებს ჩამოსვლას. თუ ასეთი ამინდები გაგრძელდება და ბილეთების ფასს არ მიხედავენ, სეზონი ჩავარდება“, - განუცხადა „ბიპიენს“ ლაშა ბაგრატიონმა.

ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოში მართლაც გაძვირდა. უცხოელები ასე თუ ისე უმკლავდებიან ფასებს, მაგრამ ადგილობრივი დამსვენებლები საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუარესდა, ხარჯი გაიზარდა, შესაბამისად, შიდა ტურიზმის მასშტაბები თანდათან იკლებს.

ტურიზმის სფეროს ექსპერტი მარინა მეტრეველი ყურადღებას სწორედ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებაზე ამახვილებს.

„ადგილობრივი ტურისტების შემცირება ნამდვილად იგრძნობა. ხალხს ურჩევნია, იმავე ფასად სხვაგან დაისვენოს, გარემო შეიცვალოს. ეს გარკვეულწილად გემოვნების საკითხიც არის. შვებულების დროს თითქმის ყველა მიდის ევროპაში. იქ უფრო მეტი გასართობია, უცხო გარემოა და, შესაბამისად, იქ ურჩევნიათ.

საქართველოში ფასები ისეა გაზრდილი, რომ თითქმის უტოლდება იქაურ ხარჯს. ოფიციალური მონაცემებით, რამდენად შემცირდა, ვერ გეტყვით, მაგრამ კურორტებზე ადგილობრივმა დამსვენებელმა, რა თქმა უნდა, იკლო. ტურისტების რაოდენობა მატულობს უცხოელთა ხარჯზე“, - აცხადებს მეტრეველი.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოში დასვენება თანდათან შეუძლებელი ხდება, რადგან მომსახურება არაადეკვატურად ძვირია. გამოდის, რომ ტურიზმის განვითარება საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად წაადგათ.