„უკვდავი იქნება სახელი - ლენინ“

„უკვდავი იქნება სახელი - ლენინ“

სეისმოგრაფებს რომ წინასწარმეტყველება შეძლებოდათ, ლენინის დაბადების დღეს უთუოდ აღნიშნავდნენ მოსალოდნელ მსოფლიო მიწის ძვრას.

სად იყვნენ მოგვები, იროდი გაეფრთხილებინათ: მილიონ ბავშვს მაინც გაწყვეტდნენ ლენინის შიშით.

არც ერთი არ მოხდა, რადგან ძველი ქვეყანა განწირული იყო.

და სწორედ მაშინ, როცა ბნელეთი სისხლით მთვრალი, ტყვიის ზუზუნით ზეიმობდა, - მოვიდა ოქტომბრის ამირანი და თან ცეცხლი მოიტანა.

ცეცხლი ჩაუქრობელი.

გრიგალის ფრთებზე დაქანდა ის და არ აქვს საზღვარი მის მძლეობას:

დაიწვა რუსეთი მართლმადიდებელი...

დაიწვა კრუპპის გერმანეთი...

ინგლის-საფრანგეთი ამაოდ აძლიერებენ ცეცხლის მქრობელ რაზმებს...

ამაოა ყოველი ცდა.

ღმერთებმა ხელი აიღეს ქვეყანაზე.

მეფეებმა დაჰკარგეს სამეფო და მონები მოდიან მეფის გვირგვინებით.

იყო სინამდვილე - ახლა ოცნებაა, იყო ოცნება - ახლა სინამდვილეა.

ლენინი...

ყველა ქოხებში იცოცხლებს ეს სახელი,

ყოველ მაღაროში...

გადაშენდება ქრისტიანობა.

ჩინელი ბუდდას დაივიწყებს, არაბი - მაჰმადს, მაგრამ

უკვდავი იქნება სახელი ლენინ, რომელმაც  გააღმერთა მილიონი მონა.

გაივლის დრო...

თავისუფალ ხალხის ლეგენდებში ახალი ილიადით მოვა ჰომეროსი და დასწერს უკვდავ პოემას, მოვა მუსიკის ბეთჰოვენი და შეჰქმნის ახალ გმირულ სიმფონიას ლენინის უკვდავებაზე.

ყოველი დღე გაადიდებს ლენინის სახელს, რომლითაც იწყება ხალხის ნამდვილი ისტორია.

ჭალადიდელი