ვალის ტვირთი ყველგან მძიმდება, მათ შორის საქართველოშიც

ვალის ტვირთი ყველგან მძიმდება, მათ შორის საქართველოშიც

ვალის მოცულობა მთელ მსოფლიოში იზრდება და გამონაკლისი არც საქართველოა. ტენდენცია არასახარბიელოა როგორც გლობალური მასშტაბით, ასევე ჩვენს ქვეყანაში. კრიტიკული ზღვარი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ რაც დროს გადის ქვეყნის ვალდებულებები სულ უფრო მძიმდება.

2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გლობალური ვალის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გლობალური მშპ-ის 327% შეადგინა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ინფორმაციით, გლობალური ვალის ოდენობამ 217 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, 500 მილიარდი დოლარით მეტია. ვალის მოცულობის გაზრდა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საბანკო, კორპორაციულმა და საოჯახო მეურნეობის ვალებმა გამოიწვია.

ვალის ყველაზე დიდი მატება აშშ-ის და ჩინეთის ეკონომიკამ აჩვენეს. ორივე ქვეყანაში იგი 2 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. ჩინეთში ვალმა - 32.7 ტრილიონ აშშ დოლარს, ხოლო აშშ-ში - 63 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე აღსანიშნავია, რომ განვითარებადი ქვეყნების ვალი 3 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 56 ტრილიონი აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია, რაც მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 218 %-ია.

საერთაშორისო ტენდენციას არ ჩამორჩა საქართველოც. ჩვენთანაც ვალის მოცულობა წლიდნა წლამდე მატულობს. ბოლო მონაცემებით საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 15.7 მლრდ აშშ დოლარი (38.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 108.2 პროცენტია; მხოლოდ 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 188.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (აქედან ვალი საკურსო ცვლილებების გამო 148.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 24.1 და 51.4 მლნ აშშ დოლარით).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 46.5 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.8 მლრდ აშშ დოლარი (11.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 198.1 მლნ აშშ დოლარი (484.3 მლნ ლარი; მშპ-ს1.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 887.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი) და 876.2 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.2 მლრდ აშშდოლარი (7.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.3 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.1 მლრდ ლარი; მშპ-ს34.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.5 პროცენტი).

ფაქტია, რომ რამდენიმე წლის წინანდელი მოწოდება თითქოს საქართველოს ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკისკენ მიისწრაფვოდა, ფუჭი აღმოჩნდა. ბოლო 3 წლის განმავალობაში საგარეო ვალის ნიშნული მუდმივად მაღლა მიიწევს, თუმცა ჯერჯერობით კრიტიკულ ნიშნულს არ მიუღწევია.

„როდესაც შენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა, იძულებული ხარ ვალი აიღო. მთელ მსოფლიოში მიღებულია პრაქტიკა, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვენ შემთხვევაში 46%-ია და ეს კატასტროფული მაჩვენებელი არ არის. არაერთი სახელმწიფოს ვალი მშპ-ს რამდენჯერმე აღემატება, მათ შორის, აშშ-შიც.

სამწუხაროდ, ვალუტის კურსის ცვლილება ვალის მოცულობაზე პირდაპირ აისახება და ლარში გამოსახული ვალის რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის. მთავრობას შემოსავლები ლარში აქვს და ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ რას ვიზამთ - ასეთია დღევანდელი რეალობა.

ვფიქრობ, საქართველოსთვის კერძო სექტორის დავალიანება უფრო სახიფათოა, რადგან ეს ვალი გასულ წლებშია აღებული და პირდაპირ გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ამიტომ, კერძო სექტორის ვალს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და მის გასტუმრებაზე დროულად ვიზრუნოთ“, - აცხადებს ფინანსისტი ვაჟა კაპანაძე.