შემოდგომაზე დიდი დავისა და აურზაურის საგანი გახდება მთაწმინდის მაჟორიტარის, არჩილ გეგენავას ახალი პროექტი, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, ძველი თბილისის "გადაშენებას" ეხება.
ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ძველი თბილისის "ჰამქარის" დამფუძნებელი აცხადებს: "პარლამენტის მიერ ამ პროექტის დამტკიცება ერის ღალატის ტოლფასია და მის განხორციელებაში ცნობილი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების დიდი ფინანსური ინტერესები დევს..."
მაგალითისათვის - პარიზი, მსოფლიოს ულამაზესი ქალაქი, იმიტომაცაა ულამაზესი, რომ დღემდე აქვს "ლათინური კვარტალი", ამ რაიონით დაიწყო პარიზის შენება. "ლათინური კვარტალი" შუა საუკუნეების სახეა და პარიზელ ბიზნემენებს, მაღალ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს აზრადაც არ მოსვლიათ ამ კვარტალის აღება.
აქ პარიზული სურნელიაო - ამბობენ პარიზელები "ლათინურ კვარტალზე", აქ ყველა შენობა თუ ქუჩა საფრანგეთის ისტორიის ნაწილია და ყვებიან მუშკეტერებზე, ულამაზეს ანჟელიკაზე და ა.შ.
ძველი პარიზი შთაგონების წყარო იყო არა მარტო ფრანგი მწერლებისა და მხატვრებისათვის, არამედ პოეტურად მოაზროვნე უცხოელი ხელოვანებისთვისაც. პარიზის "ლათინურ კვარტალში" ყოველ შენობას, ქუჩას, ქვასა და კენჭს იცავს კანონი და "იუნესკოს" მსოფლიოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შესული.
პარიზზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ არც "თბილისია" პარიზზე ნაკლები. ალბათ, ბევრს გაუგონია: "თბილისი პატარა პარიზიაო". ასე ამბობდნენ თბილისზე ჯერ კიდევ წინის წინა XIX საუკუნეში, რადგან ძველი თბილისი რაღაცით ჩამოჰგავდა ძველ პარიზს - არქიტექტურა, მიხვეულ-მოხვეული, მოკირწყლული ქუჩები... არც არის გასაკვირი, ძველი თბილისის ბევრი შენობა ფრანგი და იტალიელი არქიტექტორებისა და ინჟინრების აშენებულია.
მიუხედავად დასავლური სტილისა, რომელიც აქტიურად შემოვიდა XVIII-XIX საუკუნეში, თბილისი მსოფლიოს უძველესი ქალაქია და დიდი აბრეშუმის გზაჯვარედინზე უდიდეს ისტორიულ ფუნქციას ასრულებდა.
სულ ახლახან, თბილისში ჩამოსულმა ფრანგმა არქიტექტორმა, რომელიც პირველად იყო საქართველოში, მითხრა: თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და ამას ვამბობ არა როგორც სტუმარი, არამედ, როგორც არქიტექტორი, აღრფთოვანებული ძველი თბილისის თვითმყოფადობით. თბილისი მსოფლიოს არცერთ ქალაქს არა ჰგავს და, ამავე დროს, ამ ქალაქში მთელი მსოფლიოს კულტურის ექსპრესიაა, რელიეფი და არქიტექტურა ისე დინამიურადაა ერთმანეთთან შერწყმული, რომ საოცარ ეფექტს ახდენს მნახველზეო, - ამბობდა ფრანგი სტუმარი. მაგრამ არ არის გამორიცხული, შემდგომ ჩამოსვლაზე სულ სხვა სურათი დახვდეს ფრანგ არქიტექტორს.
ძალიან მალე, თუ არ ვიაქტიურეთ, ძველი თბილისის სილამაზე შესაძლოა მხოლოდ ფოტოებზე დარჩესო, ამბობს ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ძველი თბილისის უმდიდრესი ფოტოარქივი აქვს და თავის "ჰამქართან" ერთად აპირებს "ბარბაროსებისაგან" დაიცვას ქალაქი.
ვისი გახდება "გადაშენებული" ძველი თბილისი მერიასთან დიდი მშენებლობა მიმდინარეობს, შემოღობილია ფიცარნაგით, რომელზეც სხვადასხვა წარწერებია: "არ დაანგრიოთ", "ნუ ამახინჯებთ ქალაქს" და სხვ. რამდენადაც ვიცი, ეს თქვენი "ჰამქარის" ნამოქმედარია, რატომ?
- არჩილ გეგენავას ინიციატივით პარლამენტში შეიტანეს ახალი პროექტი ძველი თბილისის კულტურული ძეგლების სტატუსის თაობაზე. ამ პროექტის დამტკიცება საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს თბილისისათვის, რადგან კულტურული ძეგლების სტატუსის ჩამორთმევას, მათი დემონტაჟის გამარტივებასა და მოცულობის შეცვლას ითვალიწინებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა გეგენავასთან და ვუთხარით - არ იჩქარონ, კარგად აწონ-დაწონონ პროექტი და ძველი თბილისის იერსახე არ დაამახინჯონ, უნიკალური ძეგლები არ გაანადგურონ.
თავად ბატონი არჩილი თუ დაგპირდათ, რომ პროექტს ხელახლა გადასინჯავდნენ?
- დაგვპირდა, რომ დაელოდება ჩვენს წინადადებას. არსებობს რესტავრატორების სოლიდური ჯგუფი "იკომისი", მათ დამოუკიდებლად დადეს დასკვნა და სამუშაო შეხვედრა გვექნება გეგენავასთან ამის თაობაზე. ამ პირობით დავშორდით ბატონ არჩილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთების ინტერესებშია, რომ ძალიან ჩქარა დაამტკიცონ ეს პროექტი და დიდი ფული იშოვონ. ჯერჯერობით სერიოზულ ხმაურს არ ვიწყებთ ამის შესახებ. აგვისტოა, პარლამენტარები შვებულებებში არიან. შემოდგომაზე გავაქტიურდებით. ტელეკომპანია "კავკასია" სამსაათიან ეთერს გვაძლევს, რომ ეს პროექტი საჯაროდ გავიტანოთ და დებატებში გამოვიწვიოთ არჩილ გეგენავა და მისი თანამოაზრეები. ეს პროექტი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, მისი უყურადღებოდ დატოვება გამორიცხულია.
საფრთხე რაში მდგომარეობს, თუ პროექტი დაამტკიცა პარლამენტმა, რა შეიძლება მოხდეს კონკრეტულად?
- ფაქტობრივად, ძველი თბილისის დანგრევა უნდათ, ძველი ძეგლების განადგურება. ყველაზე საშიშია ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხები კულტურის სამინისტროს აღარ ექნება. ახალი კანონპროექტით, რომელიც გეგენავამ პარლამენტში შეიტანა და უკვე მისი პირველი მოსმენაც იყო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის უფლება გადაეცემა მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურთან არსებულ სამეცნიერო მეთოდოლოგიურ საბჭოს, რომლის თავჯდომარეა მამუკა ახვლედიანი. მას, როგორც თავმჯდომარეს, ორი ხმის უფლება აქვს საბჭოს დანარჩენ 7 წევრს შორის. მის გვერდით ფუთფუთებენ გივი თარგამაძის ძმა - ზაზა თარგამაძე და "მეიდან ჯგუფის" ერთერთი მეპატრონე ნიკა ჩხაიძე, ეს უკვე ინტერესთა კონფლიქტია. მათ ინტერესებში შედის ძველი თბილისის დანგრევა და ახალი გლდანის აშენება ძველ თბილისში.
ძალიან "მძიმეწონიან" ხალხთან მოგიწევთ დაპირისპრება, თქვენი შანსები, რომ ამ პროექტს არ მიიღებენ, დიდი არ არის, გამარჯვების იმედი გაქვთ?
- გააფთრებულ ბრძოლას ვაპირებთ და არც მარტო ვართ, "ჰამქარი" და "იკომასი" ერთად ვართ. "იკომასი" იუნესკოში აპირებს თავისი დასკვნის გაგზავნას. სულ ახლახან, მამუკა ახვლედიანს ინტერვიუ ჰქონდა "ვაშიგტონ პოსტთან" და ბიბისისთან. ამ ინტერვიუში მან განაცხადა, ეს ყველაფერი საიტზეა, რომ თბილისში 1700 ძეგლია აღნუსხული, ისიც არ იცის - 1763 ძეგლი რომ არის აღნუსხული. მხოლოდ 500 ძეგლი დარჩება დაცვის ქვეშ, დანარჩენის დემონტაჟი მოხდებაო, ეუბნება ახვლედიანი ინტერვიუში. ასე თუ გააგრძელეს, მალე ნარიყალაც მოხვდება მათ სიაში და იქ სასტუმროს ააშენებენ.
ძველი თბილისის გამგეობა როგორ უყურებს ამ პროექტს?
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ხელმძღვანელია დათო ნინიძე. ძველი თბილისის გამგეობა შექმნა მერიამ და ნინიძე გაუშვა თავმჯდომარედ, რომლიც თვალებში შესციცინებს გიგი უგულავას. ფაქტობრივად, ძველი თბილისის გამგეობა დეკორაციაა, მათ არავინ, არაფერს ეკითხება.
დასავლეთის დიდ ქალაქებში როგორ, რა პინციპით, რა კანონით იცავენ ისტორიულ ძეგლებს?
- პრაღაში, პარიზში და ყველგან, ბიზნესმენი არ ააშენებს შუშებიან ცათამბჯენს ძველ ქალაქში, ეს წარმოუდგენელია. ძველ ქალაქში შენარჩუნებულია ის კოლორიტი, რაც მოსდევს ამ რაიონს, მას სჭირდება მხოლოდ შეკეთება, გამაგრება. გეგენავასა და ახვლედიანის ინიციატივით კი უნდა დაიწყოს ჯერ ძეგლის სტატუსის მოხსნა, შემდეგ ამ სახლების ხელახალი "გადაშენება" მათი გემოვნების მიხედვით. მათ თუ ამის საშუალება მივეცით, ძველი თბილისი საერთოდ გაქრება.