„როგორც ის ხელისუფლება გავისტუმრეთ შესაბამის ადგილას, „სითი პარკსაც“ ასევე უნდა მივხედოთ“

„როგორც ის ხელისუფლება გავისტუმრეთ შესაბამის ადგილას, „სითი პარკსაც“ ასევე უნდა მივხედოთ“

„სითი პარკი“ მთავრობისთვის და თბილისელებისთვის მოურჩენელი თავის ტკივილია. კომპანიის დედაქალაქიდან მოშორება ვერ ხერხდება. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს კანონმა მაინც არ შეუწყოს ხელი კომპანიას, რომელიც ისედაც უზარმაზარ მოგებაშია.

პარლამენტის მიერ, აპრილში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობაზე, ასევე დგომა-გაჩერების წესების დაღვევაზე არსებული 10-ლარიანი ჯარიმის 20 ლარამდე გაზრდა გადაწყდა. გაზრდილი სანქცია 1-ლი ივლისიდან შედის ძალაში, თუმცა ახლა მმართველ უმრავლესობას სხვა აზრი გაუჩნდა. აღნიშნულ კანონში ისევ ცვლილებები შეაქვს და 10-ლარიან ჯარიმას ინარჩუნებს.

როგორც ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა ივლიანე წულაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ჯარიმის გაორმაგებით კომპანია „სითი პარკი“ დამატებით შემოსავალს მიიღებს და ეს თანხა დაახლოებით 5 მილიონი ლარია. ეს კი სულაც არ შედის ხელისუფლების ინტერესებში, რადგან „სითი პარკთან“ დაპირისპირება წლებია გრძელდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ამბობს, რომ „სითი-პარკი“ და მსგავსი კონტრაქტები, დღემდე რჩება მოსახლეობის თავის ტკივილად და ეს როგორმე უნდა გადაწყდეს. დეპუტატმა „სითი-პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს კომპანია მოსახლეობისთვის თავსატეხია, რაც დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

„როდესაც „სითი პარკზე“ ვსაუბრობთ, გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების დროს არის გაფორმებული ეს ხელშეკრულება და რეალურად ახლაც თავსატეხია, არა მარტო ჩვენთვის, პირველ რიგში, მოსახლეობისათვის. მინდა, ერთი ძალიან მკაფიო პოზიცია დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით - ამ საკითხის გადაწყვეტის გზა ჩემთვის, პირველ რიგში, იწყება „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმებით და მისი დედაქალაქიდან გაშვებით. ეს არის ჩემი მოსაზრება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ როგორმე მოვახერხებთ შემდგომში ამ საკითხის დაყენებას და განხილვას.

ახლა შუალედური გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს. როგორც ის ხელისუფლება გავისტუმრეთ ჩვენ შესაბამის ადგილას, „სითი პარკსაც“ და სხვა მსგავსს კონტრაქტებსაც ასევე უნდა მივხედოთ. როგორმე უნდა გადაწყდეს - ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და არა ოპოზიციის. ოპოზიცია ყველაფერზე არხეინად საუბრობს“, - განაცხადა კობერიძემ.

თბილისის მერი დავით ნარმანია კი ადასტურებს, რომ მერია და „სითი პარკი“ დღემდე რჩებიან უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეებად. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს „სითი პარკთან“ საკმაოდ რაციონალური წინადადებები ჰქონდა, კონსენსუსამდე მისვლა ვერ მოხერხდა.

„სითი პარკთან“ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ვინაიდან მათი მხრიდან არ გადმოდგმულა არც ერთი ნაბიჯი ჩვენკენ, შესაბამისად, არც ჩვენ არ გადავდგით არც ერთი ნაბიჯი მათკენ. დღემდე ვრჩებით უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეებად. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, მოგვეწესრიგებინა ის ქაოსი, რაც არსებობს, მაგალითად, სადგომებიდან ავტომანქანების „მოტაცების“ ფაქტები, რომლებსაც ხშირად აქვს ადგილი. ეს შეგვეცვალა ადგილზე დაჯარიმებით.

გვსურდა თანხების განაწილების მექანიზმის ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ბიუჯეტი მიიღებდა მეტ თანხებს და მას მოვახმარდით ახალი ავტოსადგომების მშენებლობას. ერთი სიტყვით, საკმაოდ რაციონალური წინადადებები გვქონდა, თუმცა ვინაიდან საქმე გვაქვს წინა ხელისუფლების დროს კორუფციული გარიგებით დადებულ კაბალურ ხელშეკრულებასთან, მისი შეცვლა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნარმანიამ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, თბილისის მთავრობას ექსკლუზიური ხეშეკრულება „სითი პარკთან“ 2025 წლამდე აქვს გაფორმებული.