თბილისის მერიაში ტაქსების სფეროს რეგულაციებზე ინტენსიურად საუბრობენ. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში ცვლილებების პირველი ეტაპი დაიწყება. დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტაქსების ლიცენზირება აუცილებელია, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით მოკვლევა ჩავატარეთ და ეტაპობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით გარკვეული წინადადებები გვაქვს. აუცილებელი იქნება ეტაპობრივი რეგულირება, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამის აუცილებლობა თავის დროზე დადგება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ, მაგრამ
რეგულაციების დასაწესებლად გარკვეული ვადები თბილისის მერს არ დაუსახელებია.
ტაქსების უსაფრთხოებასა და გამართულობასთან დაკავშირებით მსჯელობა წლების განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ვითარება უცვლელია. ტაქსების კომპანიებში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს თავად აწესებენ და ირწმუნებიან, რომ მძღოლების მიმართ მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ესენია: გამოცდილება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დახვეწილი ქცევის წესი, ჰიგიენის ნორმების დაცვა. მათი მტკიცებით, სათანადო ყურადღებას აქცევენ მანქანის ტექნიკურ გამართულობას, თუმცა არც ერთი ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შესახებ ცნობის წარდგენას მათ კანონი არ ავალდებულებს.
საქართველოში სპეციალისტები კერძო კომპანიების თვითრეგულაციაში გამოსავალს ვერ ხედავენ და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო დონეზე დადგენილი, ერთიანი სტანდარტების ამოქმედებას მოითხოვენ.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს წელიწადში ერთხელ მაინც. ასევე აუცილებელია ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არ არის აღრიცხვაზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. უნდა იყოს ასაკობრივი შეზღუდვაც, ესენია ის საბაზისო მოთხოვნები, რაც ძალიან მალე უნდა დაწესდეს“, - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელი ეკა ლალიაშვილი.
თბილისის მერიას აქვს ტაქსების რეგულირების რამდენიმე პროექტი, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ. საუბარია 4-ეტაპიან ცვლილებებზე, რომელიც დროთა განმავლობაში განხორციელდება.
„ჩვენთან ტაქსების ბაზარი არ რეგულირდება და არანაირი კონკრეტული რეგულაცია არ არსებობს, რაც არის პრობლემატური რამდენიმე მიზეზის გამო. მთავარ პრობლემას წარმოადგენს მგზავრთა უსაფრთხოება და ურბანული მობილობის რიგი საკითხები. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვერსია, რომელიც დამუშავების პროცესშია. შემდეგ გვინდა, რომ ეს მასალა წარვუდგინოთ საზოგადებას“, - აცხადებს დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე.
მისივე განმარტებით, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ტიპის მანქანები მოძრაობს, ვინ არიან მძღოლები და როგორია მათი მდგომარეობა. ძირითადი რასაც ტაქსების რეგულირების დოკუმენტი დაეყრდნობა, უსაფრთხოების პრინციპები იქნება. კერძოდ, საუბარია ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებასა და მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ცვლილებები მოიცავს ოთხ ეტაპს. როგორც ლექვინაძე აცხადებს, ახალი რეგულაციები ეტაპობრივად განხორციელდება და სექტორში დასაქმებულებს მინიმალური დანახარჯებით მომზადების საშუალებას მისცემს. მაგალითად, ტაქსების ტექნიკური დათვალიერების ვალდებულება, წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში საყოველთაო ტექნიკური დათვალიერების შემოღების პროცესს დაემთხვევა.
თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურშიც რეგულირების პირველი ეტაპის ამოქმედებაზე საუბრობენ, რომელიც მალევე შევა ძალაში. მერიის ჩინოვნიკები პირობას იძლევიან, რომ იგი მაქსიმალურად უმტკივნეულო იქნება ტაქსის მძღოლებისთვის.