როგორც კი დედაქალაქში ჩამოცხა, მაშინვე აქტუალური გახდა ტრადიციული და მუდამ მოუგვარებელი პრობლემა - ყვითელი მირკოავტობუსების კონდიცირება. მგზავრები უკვე ჩივიან და მძღოლებთან კონფლიქტს არ ერიდებიან, ხოლო შპს „თბილისის მიკროავტობუსში“ თერმომეტრს აკვირდებიან.
„დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში კონდიციონერი მას შემდეგ ჩაირთვება, რაც ტემპერატურა 27-28 გრადუსს მიაღწევს“, - აცხადებენ „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 3-4 დღეა თერმომეტრის სინდიყმა უკვე 30 გრადუსს გადააჭარბა ყვითელი „მარშრუტკების“ მფლობელ კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით კონდეციონერების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც არ ცხელა.
მგზავრთა ნაწილი კი პრეტენზიას გამოთქვამს იმის გამო, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კონდიციონერს არ რთავენ და წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, არც ჩართონ. თბილისელები უკვე ჩივიან ტრანსპორტში არსებულ ვითარებაზე.
ია მელაძე ამბობს, რომ თბილისში შიდა ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა არა მხოლოდ მიკროავტობუსის მგზავრებისათვის, არამედ მთელი ქალაქისთვის.
„პიკის საათებში მიკროავტობუსები ისეა გადაჭედილი, ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ რჩება. მიუხედავად ამისა, მძღოლები მაინც უჩერებენ ხალხს. ეს ყველაფერი ზამთარშიც ძნელი ასატანია, მაგრამ ზაფხულში, როცა ამას კონდიციონერების ჩაურთველობაც ემატება, უკვე გაუსაძლისი ხდება.
როგორც წეეის, ყველა მძღოლი თავს იმართლებს და ამტკიცებს, რომ კონდიციონერი გაფუჭებულია. რომელ ტრანსპორტშიც უნდა ჩაჯდე, ყველას ერთი და იგივე ტექსტი აკერია პირზე. როგორ შეიძლება, ერთად ფუჭდებოდეს ყველგან? თანაც, ხომ იციან, რომ ზაფხული მოდის და მზად უნდა იყვნენ, უნდა შეაკეთონ“, - ამბობს ია მელაძე და მის აზრს იზიარებს უკლებლივ ყველა მგზავრი.
რაც შეეხება სანქციებს იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც კონდიციონერებს არ ჩართავენ, კომპანიამ მათ, შესაძლოა, ხელშეკრულებაც შეუჩეროს.
„პირველ შემთხვევაში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა აეკრძალება, განმეორების შემთხვევაში, აკრძალვა რამდენიმე თვის განმავლობაში გავრცელდება, ხოლო ფაქტის მესამედ განმეორების შემდეგ, კომპანია მძღოლთან კონტრაქტს გაწყვეტს“, - აღნიშნავენ „თბილისის მიკროავტობუსში“.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია მიქიაშვილი ამბობს, რომ მძღოლის მიერ ნებისმიერი შეუფერებელი ქცევის შემთხვევაში მგზავრებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე და შეატყობინონ მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომერი. მიქიაშვილი ამბობს, რომ კონდიციონერით გამოწვეულ დამატებით ხარჯებს კომპანია ფარავს და არა მძღოლები.
„ყველა მიკროავტობუსში გამოკრულია ცხელი ხაზის ნომერი და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მგზავრს შეუძლია, დარეკოს და შეატყობინოს კომპანიას. ხშირია მძღოლების მხრიდან არგუმენტი, თითქოს კონდიციონერს იმიტომ არ რთავენ, რომ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, სიმართლეს არ შეეფერება. სინამდვილეში, სხვაობას „თბილისის მიკროავტობუსი“ ანაზღაურებს“, - აღნიშნა მიქიაშვილმა.
რაც შეეხება თბილისში უახლოესი დღეების ტემპერატურას, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, ამჟამად თბილისში ტემპერატურა დაახლოებით 31-32 გრადუსის ფარგლებშია და მომდევნო დღეებში მატებაა მოსალოდნელი. ამიტომ სავარაუდოა, რომ მძღოლებსა და მგზავრებს შორის ვითარება უფრო გამწვავდება.