„დაუვიწყარია ლავრენტი ბერიას მზრუნველობა ჩემი შემოქმედებისადმი“

„დაუვიწყარია ლავრენტი ბერიას მზრუნველობა ჩემი შემოქმედებისადმი“

შალვა დადიანის სიტყვა თბილისის ინტელიგენციის საერთო-საქალაქო კრებაზე 1939 წლის 19 აპრილს

ამხანაგებო! საბჭოთა ქვეყანა, საბჭოთა ხალხი დღითიდღე იზრდება ზღაპრული დევგმირივით.

საბჭოთა ინტელიგენცია, რომელიც ხალხიდან არის გამოსული, ხალხს ემყარება. მას ფართო შესაძლებლობა აქვს თავისი ნიჭისა და ცოდნის გამოყენებისათვის, ყველა პირობები აქვს თავისუფალი, ნაყოფიერი მუშაობისათვის.

საბჭოთა ინტელიგენტი - ხალხის მსახური, თავისი დიადი სოციალისტური სამშობლოს ღირსეული მოქალაქეა. იგი მოწოდებულია იყოს კომუნისტური საზოგადოების აქტიური მშენებელი და ეს მაღალი დანიშნულება მისთვის ღირსებისა და ბედნიერების საქმეა.

ცხადია, რომ წარსულში ასე არ იყო. ქართველი ინტელიგენცია მოწყვეტილი იყო ხალხს, იგი არ ემყარებოდა მასებს, არ ჰქონდა ნიადაგი.

წარსულში ქართველი ინტელიგენტი იყო თვითმპყრობელობის მსახური. იგი სკოლაში თავიდანვე იზრდებოდა როგორც ცარიზმის „მოხელე“. ინტელიგენცია და ხალხი ყოველთვის ერთმანეთს იყვნენ დაშორებულნი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი იყო მაშინდელ ინტელიგენციაშიც. იყვნენ მოწინავე, ნათელი გონების ადამიანები. საკმარისია გავიხსენოთ ისეთები, როგორიც იყო ნიკო ნიკოლაძე და სხვები. აქვე უნდა დავასახელოთ მე-19 საუკუნის დიდი მწერლები ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. მათ ორივეს კარგად ესმოდათ ინტელიგენციის როლი ხალხის ცხოვრებაში და თავიანთი შემოქმედებით ღრმა კვალი გაავლეს კულტურულ სარბიელზე.

საბჭოთა ხელისუფლებამ დაამსხვრია და მოსპო ბორკილები, რომლითაც ხალხი იყო შებოჭილი. ქართველი ინტელიგენცია გაიზარდა და ნამდვილი ხალხური ინტელიგენცია გახდა. იგი გაიწმინდა სიბილწისგან, მის წრეში შეპარული საზიზღარი გამცემლებისა და ჯაშუშებისაგან. ქართველმა ინტელიგენციამ მრავლად წამოაყენა ბოლშევიკური პარტიისა და ხალხის ერთგული, თავდადებული მუშაკები. ჩვენ გვაქვს ჩვენი მწერლების მიერ შექმნილი რომანები, პოემები, პიესები, სიმღერები, რომლებიც გამსჭვალულია ჩვენი დიადი სტალინური ეპოქის მძლავრი სულით.

საბჭოთა ინტელიგენცია გრძნობს პარტიისა და მთავრობის ყოველდღიურ მზრუნველობას. ყველამ ვიცით, რა რიგად აფასებს ჩვენი ქვეყანა თავის ინტელიგენციას, როგორ სტალინურად ზრუნავს იგი ხალხის საუკეთესო და ღირსეულ შვილებზე. ამ მზრუნველობას ღრმად გრძნობენ მწერლები. თითოეულ ჩვენგანს ახსოვს, თუ რა ყურადღებას იჩენდა და იჩენს ჩვენდამი ქართველი ხალხის სახელოვანი შვილი, ჩვენი საბჭოთა დაზვერვის სტალინური სახკომი. მისი საყვარელი სახელის მარტო გახსენება თითოეულ ჩვენგანში სიხარულს ჰბადებს. ეს სახელია ლავრენტი ბერია.

როგორც მზრუნველი პედაგოგი, იგი გულისხმიერად და ყურადღებით ხელმძღვანელობდა საბჭოთა მწერლებს - აღგვაფრთოვანებდა, შთაგვაგონებდა ახალ თემებს და ჩვენ, მისი მზრუნველობითა და დახმარებით წაქეზებულნი, განსაკუთრებული შემოქმედებითი გატაცებით ვმუშაობდით.

პირადად ჩემთვის დაუვიწყარია ლავრენტი ბერიას მზრუნველობა ჩემი შემოქმედებისადმი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მე ვწერდი პიესას „ნაპერწკლიდან“. მან ბევრი საკითხი გამიშუქა და ჩემთვის ყველაფერი ნათელი შეიქმნა.

ამ მზრუნველობით დღესაც გარშემორტყმულია ყველა მწერალი, ხელოვნების ყველა მუშაკი, მთელი ინტელიგენცია.

ამავე დროს კი კაპიტალისტურ ქვეყნებში, განსაკუთრებით ფაშისტურ გერმანიაში, ინტელიგენციას უყურებენ როგორც ზედმეტ ბარგს.

სოციალისტურმა რევოლუციამ ჩვენს ქვეყანაში უდიდესი შესაძლებლობანი გადაუშალა ინტელიგენციას, მთელ ხალხს. დიადი მომავალი აისახება ჩვენს წინსვლაში. ჩვენ მტკიცედ მივდივართ ახალ-ახალი გამარჯვებებისა და მიღწევებისაკენ, იმიტომ რომ ჩვენ მიგვიძღვის ჩვენი ძლევამოსილი კომუნისტური პარტია, ჩვენი ბრძენი და დიდი ბელადი ამხანაგი სტალინი.