სავალდებულო დაზღვევა არავის მოსწონს, ზარალის ანაზღაურებას კი ყველა ითხოვს

სავალდებულო დაზღვევა არავის მოსწონს, ზარალის ანაზღაურებას კი ყველა ითხოვს

საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ბიზნესი ნეგატიურად ხვდება. ამ დროს ისინი თავად არც აპირებენ რაიმე ნაბიჯი გადადგან ამ მიმართულებით. როცა კი სტიქია ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევა აზიანებს კერძო ქონებას, მაშინვე ყველა სახელმწიფოსგან მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის მსხვილი ობიექტებისთვის სავალდებულო წესით დაზღვევა ამოქმედდება. შესაბამისი ცვლილება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში“ შედის. ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე შემთხვევის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნესს და სწორედ ამან განაპირობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს დაეკისროთ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა. კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს დაზღვევის იმ სახეობების განვითარებას, რომლებიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს.

„ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ, შემოგვაქვს ცვლილება – სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესის ნაწილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას არასწორად მიიჩნევს. „ჰორეკა ჯორჯიას“ ხელმძღვანელის შალვა ალავერდაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაავალდებულოს სახელმწიფომ ბიზნესი, რომ ქონება დააზღვიოს. მისი აზრით, სავალდებულო უნდა იყოს არა დაზღვევა, არამედ სტანდარტების დაცვა სასტუმროებისა და რესტორნებისთვის იმისთვის, რომ ხანძარი და სხვა უბედური შემთხვევები მაქსიმალურად თავიდან იყოს აცილებული.

„სტანდარტების შემოღება და რესტორნისა და სასტუმროს სწორად დაგეგმარება 80%-ით ამცირებს ხანძრის საშიშროებას“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

იმავე აზრზეა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთი კვიჭიძე. მისი თქმით, ქონების დაზღვევის პრაქტიკა რესტორნების ბიზნესში ისედაც არსებობს და ამის დავალდებულება წარმოუდგენელია. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი მცირე ეკონომიკა, ყველაზე ლიბერალური უნდა იყოს და ახალი რეგულაციების შემოღება საჭირო არ არის.

სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას არ იწონებენ არც მსხვილი სავაჭრო ობიექტები. „ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა არ ეთანხმება სავალდებულო დაზღვევის შემოღებას და აცხადებს, რომ ეს კულტურა და თვითშეგნება მოსახლეობაში უკვე ინერგება. მისი აზრით, აუცილებელია სადაზღვევო კომპანიების და სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების ერთობლივი მუშაობა, რაც გახდება კლიენტების მხრიდან დაზღვევის აუცილებლობის სწორად გაგების საფუძველი.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი კოტე სულამანიძე მოუწოდებს ბიზნესს პრემიერის ინიციატივა სწორად გაიგონ და გაგებით მოეკიდონ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. იგი განმარტავს, რომ ობიექტების სია, რომელში დაზღვევა სავალდებულ გახდება მთავრობასთან შეთანხმებით შედგება. სხვადასხვა ობიექტებისთვის, მათი რისკის გათვალისიწინებით, ინდივიდუალური შეთავაზებები იქნება.

„სწორად უნდა იყოს მიწოდებული თუ რა ტიპის დაზღვევებზეა საუბარი. აქ პასუხისმგებლობის დაზღვევაზეა საუბარი, არავინ სთხოვთ მათ რომ თავისი ქონება დააზღვიონ. მათი ბრალეულობით თუ ზიანი მიადგა მესამე პირს, რომელიც მათ ობიექტში იმყოფება მათ უნდა აუნაზღაურდეთ. ობიექტები დადგენილი არაა და ის განისაზღვრება მთავრობის მიერ.

თითოეულ ობიექტს თავისი ბიზნეს სეციფიკიდან გამომდინარე სჭირდება პასუხისმგებლობის დაზღვევის შერჩევა. სწორედ ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე მოხდება ანალიზი თუ რომელი ობიექტია მაღალი რისკის მატარებელი და შესაბამისად პროექტის შედგება მათთვის“, - განუცხადა „საქმის კურსს“ სულამანიძემ.