სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით ყოველდღე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და რაც მთავარია, ისინი ერთმანეთს ეწინააღდეგება. როგორც, ჩანს ამასთან დაკავშირებით არათუ საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლებაშიც დიდი კამათი და ბჭობაა. თუკი აქამდე გადაწყვეტილი იყო, რომ უცხოელებზე მიწას მარტოოდენ გამონაკლის შემთხვევებში გაასხვისებდნენ, ახლა ესეც იცვლება.
უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სავარაუდოდ, გამონაკლის შემთხვევებშიც არ შეეძლებათ. როგორ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები აცხადებენ, დეპუტატებმა ორგანული კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტში აქამდე იყო დარეგისტირებული, უკან გაიწვიეს და ახალ, კიდევ უფრო გამკაცრებულ მიდგომაზე მუშაობენ.
„კანონპროექტის არსებული ვარიანტის მიხედვით, უცხოელის მიერ დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს ჰქონდა საშუალება, რომ გამონაკლის შემთხვევაში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა შეეძინა, მაგრამ ახალი ვარიანტით ვფიქრობთ, რომ ასეთი დაშვებაც აღარ იქნება. ჩვენ მხოლოდ გრძელვადიან იჯარაზე ვფიქრობთ. მათ შეეძლებათ საზოგადოების, ან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იჯარის ფორმით აიღონ სასოფლო-სამეურნეო მიწა“, - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გელა სამხარაულმა.
ეს ინფორმაცია ასევე კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ორგანულ კანონს პარლამენტი, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე მიიღებს.
„კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არის გარდამავალი დებულებები, რომლებიც სხვადასხვა დროს შევა ძალაში და ამ ნაწილში, შესაძლოა, ერთ წელიწადშიც არ შევიდეს. ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ ორგანულ კანონზე, რომელმაც უნდა დაასწროს იმ შესაბამისი რედაქციის ამოქმედებას“, - განუცხასდა „საქმის კურსს“ დანელიამ.
არადა, ორი დღის წინ პარლამენტში აბსოლუტურად განსხვავებულ კომენტარებს აკეთებდნენ. დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ შემოდგომაზე ორგანულ კანონში „გამონაკლისის“ სახით მიწის უცხოელებზე გაყიდვა მაინც ჩაიწერებოდა.
„ქართული ოცნების“ წევრის ზაზა გაბუნიას თქმით, კონსტიტუციაში ჩანაწერის ფორმულირება ჯერ ისევ შესათანხმებელია, მაგრამ ზოგადი ფორმულირება იქნება, რომ მიწა არის სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის საკუთრება.
„საკითხის დეტალიზება ორგანული კანონის თემაა, სადაც აღვნიშნავთ გარკვეულ გამონაკლისებსაც. დღეს არ შემიძლია გითხრათ, რა ტიპის გამონაკლისები იქნება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მცირემიწიანი, მაგრამ აგრარული საქართველოს ეს პოტენციალი დავაზღვიოთ განიავებისგან და ამავე დროს მიწამ არ დაკარგოს ეკონომიკური მიმზიდველობა, რისთვისაც რაღაც ტიპის ფორმულირებები იქნება კანონში განსაზღვრული.
მთავარია, რომ უსაფუძვლო შიში, რაც ზოგიერთმა დაინტერესებულმა ჯგუფმა ხელოვნურად გააჩინა, თითქოს ჩვენ გავასხვისებთ მიწას, ამით სპეკულაცია დასრულდება“, - ამბობს გაბუნია.
ცნობისათვის, პარასკევს პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, რადგან „ოცნების“ გეგმაა, რომ შემოდგომაზე ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღონ.
უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს. 2013 წელს ქვეყნის პარლამენტმა მსგავსი აკრძალვა შესწორებებით დაადგინა კანონში „მიწით სარგებლობის შესახებ“. მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან შესწორებებს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია. თუმცა, მოგვიანებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ქვეყნის მთავარი კანონის შეუსაბამოდ აღიარა.