სამშენებლო ბუმის პარალელურად, სამშენებლო სფეროსთვის თანმდევი ტრაგედიებიც მატულობს. შეუძლებელია, გულგრილად უყურო მაღლივ კორპუსზე, თითქმის ჰაერში გადმოკიდებულ ახალგაზრდას, რომელსაც უსაფრთხოების ნორმები დავიწყებია და სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს, გასამრჯელოს მოპოვებას.
სამშენებლო სფეროში არსებული განუკითხაობის შესახებ For.ge საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრს, პროფესორ თემურ ვეკუას ესაუბრა.
რამდენად დაუცველნი არიან ჩვენი მშენებლები, რომელთა რიცხვს ძირთადად რაიონიდან ჩამოსული არაპროფესიონალები შეადგენენ?
- პირველ რიგში, უნდა მივმართოთ სტატისტიკას. ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წელს 50-მდე პიროვნებაა სამშენებლო სფეროში დაღუპული. ეს წარმოუდგენელი სტატისტიკაა. არც ერთ ქვეყანაში, ათჯერ მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანაშიც ამდენი მსხვერპლი არ გვხვდება სამშენებლო სფეროში. შესაძლოა, დიდი ავარიების დროს სადმე ბევრი ხალხი იღუპება, განსაკუთრებით, ეს ეხება ჩინეთსა და ინდოეთს, მაგრამ ჩვენისთანა ევროპული ტიპის ქვეყნისთვის ეს სავალალო შედეგია. ეს ნიშნავს, რომ მოუმზადებელია ჩვენი სამშენებლო კადრები, ჩვენი საშუალო რგოლი, რომელიც უნდა ხელმძღვნელობდეს მშენებლობას. გაჭირვება ადამიანებს უბიძგებთ, შავ მუშად წავიდნენ ამ სფეროში.
რამდენად სცოდავენ ამ საქმეში დამსაქმებლები, რომლებიც გამოცდილების არმქონე იაფფასიანი მუშახელის აყვანას ცდილობენ? ხომ არ უბიძგებენ მათ თვითმკვლელობისკენ?
- რამდენადაც ვიცი, სამშენებლო კომპანიებს უსაფრთხოების ტექნიკის მხრივ რაღაც ჟურნალები აქვთ, სადაც მუშახელს აწერინებენ ხელს, თითქოს მათ გაიარეს ინსტრუქტაჟი. სინამდვილეში, ამას ფორმალურ ხასიათი აქვს და არაფერს ნიშნავს. ძველი გაგებით, სულ მინიმუმ, პროფტექნიკური სასწავლებელი უნდა გაევლო მუშას, რომ მას შესძლებოდა მუშაობა. არაკვალიფიციური მუშები საშიშია დენთან, სიმაღლესთან მიმართებით. ჩვენში კი ბევრ რამეს მალავენ. აქ სერიოზული ინსპექტირებაა საჭირო. თვითონ სამშენებლო პროცესი არ არის მოწყობილი ისე, რომ დაცული იყოს პიროვნება ტრავმებისა და სასიკვდილო შედეგისგან. ყველას შეგვიმჩნევია, ზევით, რა სიმაღლეზე დგანან მუშები. არის იქ დაცული უსაფრთხოების ტექნიკა? გამაგრებული, დუბლირებულია მათი დაცვა? მაღალი დონის უსაფრთხო მშენებლობის წარმოებას სერიოზული დანახარჯები სჭირდება. ამ დროს კი ჩვენი ბიზნესი (მარტო სამშენებლო კი არა, ყველანაირი ბიზნესი) ორიენტირებულია დიდ მოგებაზე.
სამშენებლო სფეროს ექსპერტ ანზორ საკანდელიძის თქმით, კომუნისტების დროს მშენებელი რომ მომკვდარიყო, მთავარი ინჟინერი ციხეში მიდიოდა, რაიკომის მდივანს კი გაფრთხილებას მისცემდნენ. დღეს ვინ აგებს პასუხს ტრაგიკულ ფაქტებზე?
- დიახ, ეს სასჯელის მინიმუმი იყო. ძირითადი სასჯელი უცხოეთში მაინც ფინანსური ხასიათისაა. საზღვარგარეთ, თუკი არ ჩანს სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ ხალხს აჯარიმებენ დაღუპული პირის ოჯახის სასარგებლოდ. ოჯახი უზრუნველყოფილია სიცოცხლის ბოლომდე პენსიით. ჩვენთან ლიფტებიც არ არის იმ დონეზე მოწესრიგებული, როგორც უნდა იყოს. ამ სფეროს სპეციალისტებს რომ შევეკითხე, რამდენი შემთხვევაა, როცა ლიფტის გაუმართაობის მიზეზით დაიღუპა პიროვნება, მიპასუხეს, საშუალოდ ერთი-ორიო. სხვა ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი ნულია. გარდა ამისა, სამშენებლო ინდუსტრიას მოჰყვება პროფესიონალური დაავადებები. ეს გამოწვეულია ხმაურით, გაბინძურებთ, დამტვერიანებით. უცხოეთის სამშენებლო მოედანზე რომ გახვიდეთ, ერთ კილოგრამ ნარჩენს, სიბინძურეს ვერ ნახავთ, ყველაფერი იმავე საღამოს მოსუფთავებულია.
მაგალითად, საბურთალოს ყოფილ ქუჩაზე, ახლანდელ ცინცაძის ქუჩაზე აშენებენ კორპუსს. ამ სამშენებლო უბანზე საშინელი ანტისანიტარიაა. სამშენელო მოედანზე რომ გახვიდეთ და მერე ქვევით ჩაჰყვეთ სარდაფებისკენ, სადაც, სავარაუდოდ, რაიონიდან ჩამოსული მუშები ღამეებს ათევენ, მიხვდებით, რა უბედურებასა და ანტისანიტარიაში ცხოვრობს მუშახელი. ეს ადამიანები ნებისმიერ პირობებს თანხმდებიან. ამიტომ აუცილებელია შრომითი ინსპექციის, უსაფრთხოების ორგანოების ამოქმედება, რათა სამშენებლო ბიზნესი არა მხოლოდ მეპატრონისთვის გახდეს მომგებიანი, არამედ მუშახელისთვისაც გახდეს უსაფრთხო.
არა მგონია, მშენებლობის ხელმძღვანელს აწყობდეს, მის ობიექტზე ვიღაც დაიღუპოს და მისი ოჯახი წყევლოს ვინმემ, მაგრამ მოგების სიყვარული უფრო მძლავრობს, ვიდრე წესრიგი. როგორც მითხრეს, ელიავაზე მდგარ მუშახელს პირდაპირ ხიდის ქვეშ სძინავს. ეს ხომ უბედურებაა. ამ დროს ჩვენი მიზანი ევროკავშირში შესვლაა. ევროკავშირს კი თავისი წესები, ნორმები აქვს. ასოცირების ხელშეკრულება არაფერს ნიშნავს, 63 წლიდან ასოცირების ხელშეკრულება აქვს თურქეთს, მაგრამ ვერ შევიდა ევროკავშირში.
სახელმწიფო რეგულირება სამშენებლო კუთხით არ არსებობს. არანაირი ზედამხედველობა არ ხდება. საინტერესოა, რამდენი საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლია თბილისში ჩაბარებული და ექსპლუატაციაში მიღებული? ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს, რომ იქ შეიძლება შეიქმნას ამხანაგობა, რის შემდეგაც იქ ლიფტს დაამონტაჟებს მერია, ეზოს მოაწესრიგებს, დაზიანებულ სახურავს მიხედავს. თუ სახლი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, იგი ამ პრივილეგიებს მოკლებულია. ასეთი სახლები თბილისში მრავალია. მაგალითად, მარჯანიშვილის 16-ში მდებარე სახლი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. არადა, ეს გახლავთ თბილისის ცენტრში მდებარე ოთხი კორპუსი, რომლის ერთ მხარესაც არის „თიბისი ბანკი“, ხოლო მეორე მხარეს - მარჯანიშვილის თეატრი და განათლების სამინისტრო. სახლი თითქმის ათი წლის წინ აშენდა და კიდევ არ არის ჩაბარებული. ეს ნიშნავს, რომ მისი ვარგისიანობის საკითხი არაა დადგენილი. ეს არასერიოზული მიდგომაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახლებს სახლებში „აჯენენ“. სადაც უნდა იყოს ერთი სახლი, იქ სამი შენდება. თანაც, საკმარის მოგებას რომ ვერ იღებენ, ზრდიან სართულებს. რომელი კომუნიკაციები გაუძლებს ამას? გაუძლებს ამას საძირკველი? სამშენებლო ხმაურსა და ნარჩენებზე საუბარი ხომ ზედმეტია. ჰაერის გაბინძურება მხოლოდ მანქანებით არ ხდება, არამედ სამშენებლო ნარჩენებითაც.
სამშენებლო მასალებით დატვირთული დიდი მანქანები შემოვლითი გზებით უნდა დადიოდნენ, ან სპეციალური ტრასებით. სად გაგონილა, ბეტონით სავსე უდიდესი დიზელის მანქანები დედაქალაქში დადიოდეს?
როგორც ამბობენ, სამშენებლო სექტორში დაღუპულთა 20%-ის გახმიანება არ ხდება.
- ამ მხრივ სერიოზულ პრეტენზიებს გამოთქვამს ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ყოფილი დეპუტატი ანზორ საკანდელიძე, რომელიც თავად იყო მშენებელი, ეროვნული მთავრობის კომიტეტის თავმჯდომარე სამშენებლო კუთხით. ჩვენ არც ის ვიცით, რამდენად არის გაჟღენთილი სამშენებლო მასალები რადიაციით. სამშენებლო ინდუსტრიაში ცალკე პრობლემაა რადონის დაგროვება სახლებში, რომელიც კანცეროგენური გაზია. ამაზე ვინმე ლაპარაკობს? ან ვინმეს გაუზომია როდონის შემცველობა ჩვენს სახლებში? ე.წ. ჩვენი გარემოს დაცვის უწყება ამბობს, ამ ყველაფერს ვზომავთ, იაპონური დანადგარები გვაქვსო. სინამდვილეში, როდონი მსოფლიო პრობლემაა. სართულებს შორის გროვდება როდონი, რომელიც ბეტონიდან გამოიყოფა. ამისთვის მსოფლიოში ახალი ტექნოლოგებია დანერგილი, რომ როდონი არ იყოს. ჩვენში არავინ კითხულობს ცემენტის ხარისხს, მთავარია, იაფი ცემენტი იყიდონ. არც ის იციან, უკრაინიდან შემოსულ არმატურაში რადიაციის დონე როგორია. მილიონი რამეა, რასაც არ ვიცავთ. მათ შორის, რა პარამეტრის არმატურაა შენობებში ჩადებული, რა მარკის ბეტონითაა სახლი აშენებული.
ბატონმა ანზორმა ამაზე დიდი განგაში ატეხა, მაგრამ შედეგი? კარგი კაცია, მცოდნე ადამიანიო და მეტი არაფერი. ეკოლოგია, სანიტარია, უსაფრთხოება, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ეს გულისხმობს მშენებლობის კულტურას. საქართველოს სერიოზული სამშენებლო კადრები ჰყავდა. საბჭოთა კავშირის დროს ცნობილი ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო სპეციალობა „პრომიშლენნაია გრაჟდანსკაია სტროიწელსტვა“, სადაც ცნობილი დეკანი ნინუა მოღვაწეობდა. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ჩვენი მშენებლები მთელ საბჭოთა კავშირში მოთხოვნადნი იყვნენ. საბჭოთა კავშირი, როგორც ქვეყანა, არ ვარგოდა, მაგრამ მაღალი დონის მშენებლობებს აწარმოებდა. დღესაც მათ მიერ დარჩენილი შენობები იყიდება, თორემ ახლად აშენებული არაფერი გაყიდულა. ვფიქრობ, ბოლო წლებში აშენებული შენობების ძალიან ცოტა პროცენტია მდგრადი. მართალია, არქიტექტორთა, მშენებელთა სერიოზული კორპუსი გვყავს, მაგრამ ფული ჩაუვარდა იმ ხალხს, რომელთაც მოგება უნდათ. თბილისსა და მთლიანად საქართველოში ერთადერთი ბიზნესი, რომელიც არ არის წამგებიანი, ეს არის მშენებლობა, ბანკები, ფარმაცია, კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი. ეს ის სფეროებია, სადაც ცოცხალი ფული ტრიალებს. წესით, ყველა სახლს უნდა ჰქონდეს თავისი პასპორტი ისევე, როგორც პიროვნებას. ამ დროს კი, სანამ ობიექტი აშენდება, უამრავჯერ ხდება პროექტის გადაკეთება.
თბილისის ძველ უბნებში ოთხსართულიანზე მეტი სახლი არ უნდა იყოს. ნახეთ, გერმანიაში, ბონში, თუნდაც მოსკოვში როგორი სახლები შენდება, თითოეული სახლი ხელოვნების ნიმუშია. ერთი უბედურება ახლავს კიდევ სამშენებლო სფეროს. კერძოდ, ხალხი გადადის ახალ ბინებში, რემონტს აკეთებს, ამ დროს კი იმ სახლში კიდევ ათ წელიწადს მაინც გრძელდება რემონტი. ეს ნიშნავს, რომ ათი წელი კიდევ იმ სახლებიდან ცემენტი, გაჯი, ბეტონი ვერ გამოდის. ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. როგორ შეიძლება, უკვე ვცხოვრობდე ახალ სახლში, თეთრი პერანგით დავდიოდე და ამ დროს ჩემს გვერდითა ბინებში ახლიდან იწყებდნენ მშენებლობას? საქართველოში ხომ კულტურა დაკარგეს, პირდაპირ დაკეტილ ბინებში ყრიან ნაგავს. მეორე უბედურებაა კიდევ, რომ თბილისი, პოეტების ეს ძველი ქალაქი, მუსლიმანურ იერს ღებულობს. ვინც არის თბილისში ნამყოფი, ფრანგი, იტალიელი, ინგლისელი სტუმრები - შარდენი, ბროსე, დიუმა, ან კიდევ რუსები - პუშკინი, ჩაიკოვსკი და სხვები თბილისს ამიერკავკასიის ცენტრად თვლიდნენ. რატომ იჯდა აქ მეფის ნაცვალი და ბაქოში რატომ არ იჯდა? რადგან თბილისი იყო ცენტრი ყველანაირი გაგებით. ახლა კი ჩილიმ ბარებით გაივსო დედაქალაქი. ეს უკავშირდება სამშენებლო სფეროსაც, თბილისი გახდა გაუგებარი ქალაქი. თბილისში შერწყმული იყო აზიაც და ევროპაც, მაგრამ ეს ხდებოდა ორგანულად. ახლა კი მუსლიმანური თაუნებია ყველგან, მშობლებს არ აქვთ საშუალება და ჩვენი ახალგაზრდობა იძულებულია, მათთან იმუშაოს, თანაც ყველანაირი სისაძაგლის ჩადენით.