კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახალ-ახალი ვარიაცები ვრცელდება. ხელისუფლება და ბიზნესმენები ერთმანეთთან ოქროს შუალედის გამოძებნას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში 94-ე მუხლი, შესაძლოა, 12 წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამჟამად განიხილება საკითხი, რომ მუხლის შენარჩუნება 12 წლით გარდამავალ დებულებებში ჩაიწერება.
„რაც შეეხება 94-ე მუხლს, განიხილება გარდამავლ დებულებებში ჩადების საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, 12-წლიანი დათქმაზე კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. მანამდე კი იმოქმედებს ეს რეგულაცია, რომლის მიხდევით პარლამენტს და მთავრობას ეზღუდება საგადასახადო ცვლილებების განხორციელება. 12-წლიანი დათქმის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია ჩვენ გადავიდეთ განსხვავებულ წესზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ინიციატივით კმაყოფილია ბიზნეს სექტორი, რომელმაც სადავო მუხლის შენარჩუნების თხოვნით, წინა კვირას მთავრობას ერთობლივი წერილით მიმართა, თუმცა ახალი ვარიანტი არ მოსწონს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ცნობილია, რომ სსფ მხარს უჭერს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას, რადგან ეს მთავრობას ფისკალური მოქნილობის საშუალებას მისცემს.
ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ პირდაპირ განაცხადა, რომ იგი საკონსტიტუციო ჩანაწერის გაუქმებას ემხრობა. დამატებითი დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა, მაგრამ ამ განცხადებამ ცხადყო, რომ გადასახადების გაზრდის იდეა მხოლოდ მთავრობის სურვილი არ არის და ამას მხარს უჭერენ სსფ-შიც.
12-წლიანი დათქმა არ მოსწონს „ქართული ოცნების“ წევრთა ნაწილს. მაგალითად, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებას კატეგორიულად ითხოვს. დეპუტატი ამბობს,რომ ამ გზით ქვეყანაში თავისუფალი ეკონომიკური მიმდინარეობა დამკვიდრდება.
„ეს არის მიხეილ სააკაშვილის, ბრალდებული სააკაშვილის მიერ მიღებული მისი რეჟიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება აუქმებს წარმომადგენლობით მმართველობას საქართველოში.
ჩვენ მსგავსი მიდგომა აუცილებლად უნდა შევცვალოთ. ერთ მხარეს არის სააკაშვილი და მისი ადეპტები, მეორე მხარეს არის ვენეციის კომისია, ძალიან სერიოზული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ასეთი მიდგომით ძალიან გაოცებული არიან ბიზნესმენები. ისინი ჯერ კიდევ ფიქრობენ ახალ შეთავაზებაზე. გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელს გიგლა მიქაუტაძეს უკვირს სოციალ-დემოკრატების პოზიცია.
„იშვიათად ვეხები პოლიტიკურ საკითხებს, მაგრამ მიკვირს, რატომ აქვს სოციალ-დემოკრატების მცირე ჯგუფს ამხელა გავლენა უმრავლესობაზე. სწორედ მათ ეკუთვნით კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღების ინიციატივა. არადა, ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“, რომელსაც არაფერი უხსენებია გადასახადების გაზრდაზე, პირიქით, მეტ ლიბერალიზაციას გვპირდებოდა და განსაზღვრული ნაბიჯები გადაიდგა კიდეც. ეს იდეა დღეს ნამდვილად ამოვარდნილია კონტექსტიდან“, - აცხადებს მიქაუტაძე.