ეროვნული ბანკი ინფლაციის ბეწვის ხიდზე

ეროვნული ბანკი ინფლაციის ბეწვის ხიდზე

ინფლაცია ქვეყნის მთავარი პრობლემად იქცა და ამას ადასტურებენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე პარლამენტში. როგორც ჩანს, წელს ეს პრობლემა ვერაფრით მოგვარდება და არც გაისად იქნება ოილი მისი დამარცხება.

პარლამეტის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში გაზრდილ ინფლაციაში საწვავს 25.8%-იანი წვლილი მიუძღვის. საერთოდ, მაისში  ფასების ზრდის ინდექსი 6.6%-ს შეადგენდა და საწვავის გაძვირებიდან მომდინარე ინფლაცია 1.7% იყო.

უფრო დეტალურად ისუბრა ეკონომიკურ გამოწვევებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ. მისი აზრით, ინფლაციასთან მიმართებაში სებ-ს მთლი წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს.

„განვლილმა, 2016 წელმა დაგვანახა, რომ ქვეყნის ეკონომიკისათვის და საფინანო სექტორისათვის მთავარი გამოწვევები ორი ტიპის იყო: ერთი მხრივ, მონეტარული სტაბილურობა და ინფლაცია, ხოლო მეორე მხრივ, საფინანსო-საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სისტემის მდგრადობა და გამართული ფუნქციობა. არსებობს სისუსტეები და ბევრი მუშაობაა საჭირო საბანკო დაწესებულებების მხრიდან კონკურენტული და ანტიმონოპოლიური გარემოს სრულყოფის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა კოვზანაძემ და იმავდროულად ყურადღება გაამახვილა ინფლაციაზეც:

„რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნულმა ბანკმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. პრობლემები ამ მიმართულებით არსებობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მისი მოთოკვის მცდელობა არ იქცეს ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელ ფაქტორად. ეს ძალიან რთულია და მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეროვნულ ბანკს მოუწევს ,,ბეწვის ხიდზე“ გავლა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ეროვნული ბანკის საქმიანობის საწინააღმდეგო არაფერი დასცდენია ოპოზიციასაც. დეპუტატ რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ  კობა გვენეტაძის პარლამენტში წარდგენილი წლიური ანგარიში სრულად ასახავს  ცენტრალური ბანკის გაწეულ საქმიანობას. თუმცა მანაც ყურადღება გაამახვილა სწორედ ფასების უკონტროლოდ ზრდაზე და 0.5 მლრდ-იან საბიუჯეტო ჩამორჩენაზე. გოცირიძის აზრით, სწორედ ინფლაცია იქნება სებ-ის მთავარი სადარდებელი, რომელიც მისი ვარაუდით გასცდება 7%-ს და 8%-ის ფარგლებში იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის თაობაზე ყველა შეშფოთებას გამოთქვამს,  ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა, რითაც ფასების ზრდის წინააღმდეგ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე უარი განაცხადა. სებ-ში ადასტურებენ, რომ ინფლაცია 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. ბოლო თვეების განმავლობაში, ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, იგი გაიზარდა და მაისში 6.6 %-ს მიაღწია. ეროვნულ ბანკში ამტკიცებენ, რომ წლის მეორე ნახევარში შემცირების ტენდენცია ექნება და 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

კობა გვენეტაძე 14 ივნისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის  გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება განაპირობა ინფლაციური მოლოდინის შემცირებამ. წინა სხდომებისგან  განსხვავებით (როცა რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა), ამჯერად ფასების ზრდის რისკი დაბალია.