საქართველოში შენობები ენერგორესურსების ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებლები არიან. ენერგოეფექტურობის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე ქართველი სპეციალისტები ჩვენს მოსახლეობას ეფექტური ზომების მიღებას ურჩევენ, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მოსახლეობის პირად ხარჯს, ისე მათ მიერ მოხმარებულ ენერგორესურსებს.
For.ge-ს ენერგოეფექტურობის ცენტრის საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი ლიანა ღარიბაშვილი ესაუბრა.
საქართველოში შენობები ენერგორესურსების ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებლები არიან. სანამ ძალაში შევა ენერგოეფექტურობის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობა, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ და რამდენად წამგებიანია ჩვენთვის ენერგოეფექტურობის დაუცველობა?
- ამისთვის სხვადასხვა ღონისძიება უნდა გავატაროთ. ეს შეეხება როგორც საზოგადოებრივ ნაგებობებს, ისე ჩვეულებრივ შენობებს, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ღონისძიებები უნდა იყოს ნაკლებხარჯიანი, ან საერთოდ არაფერი არ უნდა დაგვიჯდეს. გააჩნია, რა ღონისძიებას ჩავატარებთ. შეიძლება, მარტივ ღონისძიებებშიც იყოს გამოსავალი. მაგალითად, თუკი მოსახლეობა დაგმანავს კარ-ფანჯარას, შეცვლის ნათურებს და დაათბუნებს შესასვლელ კარებს, შეიძლება, 10%-ით მაინც დაზოგოს თავისი ენერგოდანახარჯები. ხოლო, თუკი ვარვარა ნათურებს ენერგოდამზოგავი ნათურებით შეცვლიან, მაშინ შეიძლება ხუთჯერ შეამცირონ ენერგომოხმარება. თუნდაც ავიღოთ ჩვენში ასე გავრცელებული 100-ვატიანი ვარვარა ნათურა, ასეთი ნათურა 20-ვატიანით ან უფრო ნაკლებით რომ ჩავანაცვლოთ, ისეთივე განათებას მოგვცემს, როგორც 100-ვატიანი ნათურა და ამ დროს ხუთჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამით დავზოგავთ ჩვენს დანახარჯებს განათებაზე.
აქ, ალბათ, არა მარტო ჩვენს პირად დანახარჯზეა საუბარი, არამედ ჩვენს ქვეყანაში არსებული ელექტროენერგიის დანახარჯების დაზოგვაზეც.
- საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ნაკლები შესასყიდი გვექნება ელექტროენერგია, თუკი ქვეყანა მას ყიდულობს ზამთრის პერიოდში. ამდენი იმპორტი აღარ დაგვჭირდება, თუკი ადამიანები ენერგორესურსებს დაზოგავენ. იმავე დათბუნებაზე როცა ვსაუბრობთ, თუკი დავათბუნებთ სახლს და გარკვეულ დამატებით ღონისძიებებს გავატარებთ, მაშინ ნაკლებ გაზს მოვიხმართ. შესაბამისად, გაზის იმპორტიც შემცირდება.
ალბათ, ყველაზე დიდი ხარჯი თბილისზე მოდის. თუ გაქვთ დაჯამებული, რა თანხა დაიზოგება ენერგორესურსების მოხმარების შემცირებით?
- ამის თქმა რთულია. ჩვენ სადემონსტრაციო პროექტები განვახორციელეთ და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირად ღირებული ინვესტიცია და ღონისძიება არის სხვენისა და კედლების დათბუნება. მათი უკუგების პერიოდი სადღაც 10 წელია. ეს კარგი მაჩვენებელია. სამაგიეროდ, 30%-ით შეგვიძლია შევამციროთ ჩვენი ენერგოდანახარჯები. სხვენს თუ დავათბუნებთ (ეს ბოლო სართულს შეეხება), მაშინ შეიძლება დანახარჯები 20-25%-ით შემცირდეს. გააჩნია, რა მასალას გამოვიყენებთ, რა სისქის. ეს ყველაფერი უნდა დაითვალოს.
რა მასალას ანიჭებთ უპირატესობას?
- ამ მხრივ ჩვენს ბაზარზე ფართო არჩევანია. მინერალური ბამბაც იყიდება, ექსტრუდირებული, პოლისტიროლიც არის. სხვადასხვა მასალებია, იმის მიხედვით, ვის რამდენი თანხის გაღება შეუძლია.
ენერგიის უყაირათოდ ხარჯვა მხოლოდ ქართველებისთვისაა დამახასიათებელი, თუ მსოფლიო პრობლემაა?
- ეს მსოფლიო პრობლემაა. ზოგადად, მოხმარებული ენერგიის სადღაც 40% შენობებზე მოდის. შესაძლოა, ჩვენთან უფრო მაღალი იყოს ეს მაჩვენებელი და 50%-ს აღემატებოდეს შენობებში მოხმარებული ენერგია. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენი შენობები ისე შენდებოდა, რომ მაშინდელი კედლების თბოდანაკარგი მაღალი იყო, არც კედლის სისქე იყო შესაბამისი. მოგეხსენებათ, მაშინ ძალიან იაფი ჯდებოდა ენერგორესურსები. ამითაა განპირობებული, რომ ენერგოდანახარჯები ჩვენთან უფრო მაღალია. უცხოეთში კი ცოტა სხვანაირადაა. ახლა იქითკენ მივდივართ, რომ ნორმები შევცვალოთ, ჩვენს კლიმატურ პირობებს შევუსაბამოთ. ამის მერე ჩვენც ვისწავლით ენერგიის დაზოგვას.
ენერგორესურსების ხარჯვის თვალსაზრისით, ტრანსპორტსა და საყოფაცხოვრებო მოწყობილობებს რა ადგილი უჭირავს?
- ტრანსპორტი და შენობები ერთმანეთს ეჯიბრებიან ენერგომოხმარების კუთხით. საყოფაცხოვრებო ტექნიკას რაც შეეხება, თუ ოჯახებში არის ძველი მაცივარი, ტელევიზორი, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან მაღალხარჯიანია ასეთი ტექნიკა. ტექნიკის შეძენისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ეტიკეტს, ენერგეტიკულ იარლიყს.
A+ კლასს გულისხმობთ?
- დიახ, A+ კლასს. იარლიყს თუ შეხედავთ, იქ სხვადასხვა სიგრძის ხაზებია, რომელთაც ასოები აწერიათ. A3+ ყველაზე კარგია და A+-სთან შედარებით შეიძლება 30%-ით ნაკლები ენერგია მოიხმაროს. მაგრამ A+-ის შეძენა უფრო ძვირია, ვიდრე A-სი.
- ამიტომ მყიდველმა თავად უნდა გათვალოს, რა უფრო იაფი დაუჯდება. შესაძლოა, თავიდან იაფი დაგიჯდეთ A კლასის ტექნიკის შეძენა, მაგრამ შემდეგ ამ ტექნიკის შენახვა გადასახადების სახით უფრო მეტი დაგიჯდებათ.
ენერგოეფექტურობის ჩარჩო-კანონმდებლობით დათქმული ვადები 2018-2019 წელს მოიცავს. ამ პერიოდისთვის მოესწრება ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება საქართველოში?
- ამ მხრივ უკვე დაწყებულია მუშაობა, რასაც ევროკავშირთან შეთანხმება გვავალდებულებს. აუცილებელია სხვადასხვა საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა ქვეყანაში. მართალია, კანონის ამოქმედება ყოველთვის რაღაც სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი ამოქმედდება.