ინვესტიციები იზრდება, ეკონომიკა ერთ ადგილს ტკეპნის

ინვესტიციები იზრდება, ეკონომიკა ერთ ადგილს ტკეპნის

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით გაიზარდა და 403.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მთავრობა მიღწეული შედეგით ამაყობს, ეკონომისტები კი ამბობენ, რომ ქვეყანას წინსვლის დიდად არაფერი ეტყობა.

ამ პერიოდში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი (24.1%) იყო, თუმცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ ქვეყნიდან ინვესტიცია 30%-ით არის შემცირებული; მეორე ადგილზეა თურქეთი - 20.2%-ით (ზრდა 40%), მესამე ადგილზე კი - გაერთიანებული სამეფო, 19.8%-ით.

ათეულში არიან ოფშორული ზონების მქონე ქვეყნები, - მაგალითად, პანამა, მალტა, კვიპროსი, - საიდანაც შემოსული ინვესტიციების რეალური წარმოშობის დადგენა საკმაოდ რთულია და, შესაძლოა, ქართული ინვესტიციაც იყოს, შესაძლოა, რუსულიც და ა.შ.

ყველაზე მსხვილ ინვესტორებს შორის არ ჩანს ჩინეთი, რომელიც საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა სამეულში უკვე დამკვიდრდა და არც რუსეთი.

რაც შეეხება სფეროებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 141.1 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35%-ია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი - 80.3 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე საფინანსო სექტორი - 79.6 მილიონი დოლარით.

2017 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საერთოდ არ განხორციელებულა. 2016 წელს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 10 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ რეგიონის ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა, უცხოური ინვესტიციები მცირდება. ამიტომ პირვალი კვარტალის მონაცემები მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია.

„კავშირგაბმულობა, ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა, ვაჭრობა გაზრდილია. ენერგეტიკაში შემცირებაა, რაც ენერგომატარებლებზე, მათ შორის,  ელექტროენერგიაზე ფასების შემცირების ფონზე ობიექტური და გასაგებია“, - განაცხადა გახარიამ.

მართალია ინვესტიციები საქართველოში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, მაგრამ ქვეყანა ვითარება არ უმჯობესდება. ეკონომიკა პროგრესის ნაცვლად, უკუსვლას განიცდის. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის განმარტებით, ეკონომიკის რამდენიმე სექტორში გამოცოცხლება შეიმჩნევა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ეს ქვეყანას ეგრძნო.

„სტატისტიკურად ინვესტიციების მატება შეიმჩნევა, თუმცა ამით მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან ქვეყანაში შემოსავლების არაპროპორციული გადანაწილება მიმდინარეობს. კაპიტალის დაბანდებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ გამოუწვევია. ინვესტიციები ხვდება მცირე ჯგუფის ხელში და ამით ხალხი სარგებელს ვერ იღებს. საზოგადოების უმნიშვნელო ნაწილს ძალიან დიდი შემოსავალი აქვს და უმრავლესობას – ძალიან დაბალი ან საერთოდ არ აქვს შემოსავალი”, – აცხადებს სილაგაძე და დასძენს, ინვესტიციების ზრდის მიუხედავად, მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბალ ხელფასსა და პენსიებზე დამოკიდებული რჩება.

ამიტომ ექსპერტი ფიქრობს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა შესაცვლელია. საჭირო და აუცილებელია ეროვნული წარმოების განვითარებაზე ზრუნვა, სხვა შემთხვევაში, ყოველთვის სხვისი ხელის შემყურე ვიქნებით.