უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებამ ყველაზე მეტად „ნაციონალები“ და არასამთავრობოები ააღელვა. ზურაბ ჭიაბერაშვილის ინტერპრეტაციით, „ქართული ოცნების“ მიდგომა გააიაფებს მიწას და მას ხელში ჩაიგდებენ ივანიშვილები, ფარცხალაძეები, კალაძეები. ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კი მიწასთან დაკავშირებით პოპულისტური ნაბიჯის გადადგმაში ადანაშაულებს ხელისუფლებას, რადგან თვლის, რომ ქართულ მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს, როგორც ეს მიწა ვერ წაიღო ჩვენმა ოკუპანტმა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე დგას და რაღაც მომენტში მოუწევს დატოვოს ჩვენი ტერიტორია.
მიწის გასხვისებაზე შეზღუდვის დაწესებას არც „ახალგაზრდა იურისტები“ იწონებენ და ინვესტიციების შემცირებას პროგნოზირებენ.
რეალურად, მორატორიუმის დაწესება წინგადადგმული ნაბიჯია, თუ თვითდამშვიდების საშუალებაა?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.
მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება და მიწა უცხოელებზე არ გასხვისდება, მაგრამ უფრო უმთავრესია მეორე ნაბიჯი-მოჰყვება თუ არა ამას ქართველების დასაქმება? თუ მიწა უბრალოდ ხელშეუხებელ სიმდიდრედ დარჩება? რა გეგმები აქვს ამ მხრივ ხელისუფლებას?
- ამ საკითხის მოწესრიგება კონსტიტუციაში იმის საფუძველი გახდება, რომ მიწის კანონმდებლობა შეიქმნას საქართველოში. დღეს სავალალო მდგომარეობაა, რადგან სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით ერთადერთი კანონი გაგვაჩნია. ეს არასაკმარისია. თანაც, ისეთი გამოშიგნული და გაუბედურებული კანონია, რომ თავის მოვალეობას არ ასრულებს. ამიტომ უნდა შეიქმნას მიწის კოდექსი და ამ კოდექსმა მთლიანად მოუყაროს თავი ყველა საკანონმდებლო ნორმას მიწის სარგებლობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, უნდა არსებობდეს ვალდებულება, რომ მიწის საკუთრება გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი სიკეთისთვის.
სწორედ ეს უნდა იყოს ძირითადი პრინციპი. მიწის ყიდვა-გაყიდვა კი არ იკრძალება, რატომღაც ასე გაპიარდა, თითქოს მიწის გაყიდვა აიკრძალა. როგორ შეიძლება, მიწის გაყიდვა აიკრძალოს? უბრალოდ, შეიქმნება მიწის შიდა ბაზარი და, ევროპული ქვეყნების მსგავსად, ეს იქნება მოწესრიგებული ბაზარი. სასოფლო-სამეურნეო მიწა ვალდებულებითაა დატვირთული, რომ მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ უნდა მოხდეს. ეს ქართველებმა ძალიან კარგად იცოდნენ ადრეული ნეოლითიდან დაწყებული. თუნდაც ძველი 1921 წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლი რომ ნახოთ, იქაც პირდაპირ წერია, რომ მიწის დამუშავება შეადგენს მიწათმფლობელის ვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ამიტომ მიწა გაიყიდება ისე, როგორც ის თავის დროზე საქართველოში იყიდებოდა. კერძოდ, მიწას რომ ჰყიდდა თემში ვინმე, პირველად სახლიკაცთან მიდიოდა-ძმასთან, ბიძაშვილთან და მის შეძენას სთავაზობდა. თუ უარს მიიღებდა, მერე თემის რომელიმე წევრი ყიდულობდა მიწას. თუ ესეც არ გამოვიდოდა, მაშინ თემს მიჰქონდა მიწა თავის საკუთრებაში. ხოლო უკანასკნელი პრიორიტეტი იყო, რომ უცხოელს ეყიდა ეს მიწა. ახლაც დაახლოებით ასეთი წესი იქნება და ამას მიწის კოდექსი დაარეგულირებს.
ანუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უნდა გაიყიდოს მხოლოდ იმ ადამიანზე, ვისაც შეუძლია ამ ვალდებულების ზიდვა, რომ მიწას მოუაროს, მოსავალი მოიყვანოს და საზოგადოებრივი სიკეთე შექმნას?
- სხვანაირად არ შეიძლება. თორემ მიწა არ გაიყიდება, მიწის ფასი დაეცემა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასს ხელოვნურად დაბლა სწევენ ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რადგან, თუ მიწა გაძვირდება, საჭმლის ფასიც მოიმატებს. აქ მთავარია, უპატრონოდ მიგდებულ მიწას პატრონი გაუჩნდეს. ეს არ მოხდება, თუ მიწაზე სათემო საკუთრება არ აღდგება. საქართველოში ოდითგან არსებობდა მიწაზე საკუთრების ორი ტრადიციული ფორმა - კერძო საკუთრება და სათემო საკუთრება. დღეს მიწის სათემო საკუთრება აღარ არის და ესაა მთავარი უბედურება. მიწას რომ ყიდიან, მით უმეტეს, უცხოელებზე, ვისას ყიდიან? მიწა ხომ სოფლის არის? თუ გაყიდვაა, სოფელმა უნდა გაყიდოს. სოფლის დაუკითხავად მისი გაყიდვა არ შეიძლება. სოფელი თვითონ მიხედავს თავის მიწას.
თუ სოფელს ფული არ აქვს, ხომ შეიძლება, შეელიოს თავის მიწას?
- დამიჯერეთ, სოფელი მიწას არ გაყიდის. გასაყიდი რომ ყოფილიყო, აქამდე გაყიდდნენ, აიყრებოდნენ და სოფელი აღარ იქნებოდა. უბრალოდ, სოფელი ამ მიწას ან იჯარით გასცემს, ან სიკეთისთვის, დოვლათისთვის გამოიყენებს. თვითონაც ისარგებლებს და ქვეყანასაც ასარგებლებს. ქართველებმა მიწის ფასი და ყადრი თუ დაივიწყეს, ერთხელ გაყიდიან მიწას, შეჭამენ იმ ფულს და ცარიელ-ტარიელები დარჩებიან. რასაკვირველია, უცხოელებს ქართული მიწა იმისთვის არ უნდათ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა ააყვავონ. ეს მეორე სისულელეა, რასაც რატომღაც გვიმტკიცებენ. უცხოელებს ეს მიწა უნდათ ან სპეკულაციისთვის, ან რეზერვისთვის. ვინ ყიდულობს ჩვენს მიწას? ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში არ ეცხოვრებათ. არაბები, ინდოელები, პაკისტანელები ყიდულობენ მიწას სპეკულაციისთვის. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, ირანელმა თავის ქვეყანაში ერთი ჰექტარი მიწა გაყიდა, აქ ჩამოვიდა და იმ ერთი ჰექტრის ფასად ასი ჰექტარი იყიდა მცხეთაში, მერე დაყო ეს თითო-თითო ჰექტრად და ისევ თავის თანამემამულეებს მიჰყიდა ირანში იმავე ფასად. წარმოგიდგენიათ, რამხელა მოგება ნახა? ამის დაშვება შეიძლება?
კიდევ ერთ ისტორიულ მაგალითს მოგიყვანთ. თავის დროზე ვაჩნაძეებმა თელავში საქონლის სამწყემსად ჩამოიყვანეს სამი აზერბაიჯანული ოჯახი, ის სამი ოჯახი ისე მომრავლდა, რომ დღეს უკვე თელავის სოფელ ყარაჯალას შეადგენენ. წარმოგიდგენიათ, ქართული მიწის ასე გაყიდვა? თუმცა, ვერც გავყიდით მიწას, რადგან არ ვიცით, რა გვაქვს გასაყიდი. მიწის სტატისტიკური მონაცემები, მიწათასარგებლობის კადასტრი 2004 წლიდან აღარ არსებობს.
სააკაშვილის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი უბედურება ესეც იყო. მართალია, დღეს მიმდინარეობს მიწაზე უფლებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაგრამ რა ხდება იმ მიწაზე, რისთვის გამოიყენება, ბაღია, ვენახია, საძოვარია, ბოსტანია, ჩაის პლანტაციაა, თუ რა არის, კაციშვილმა არ იცის. როგორ შეიძლება, ქვეყანა განვითარებაზე ფიქრობდეს და ეს მონაცემები არ ჰქონდეს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა მოწესრიგდეს. უნდა არსებობდეს მიწის მფლობელობა, თუ ვინ შეიძლება ფლობდეს მიწას. ამისთვის ასამოქმედებელია ფერმერის, მიწათმოქმედის სტატუსი. მიწას ევროპაში არავინ მოგყიდის, თუ გამოცდილება არ გაქვს და არ შეგიძლია ამ მიწის დამუშავება.
ანუ სათემო საკუთრება უნდა აღდგეს?
- დიახ, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მიწის რეფორმისა, რომელიც ამ კონსტიტუციის მერე უნდა დაიგეგმოს, სწორედ ეს იქნება. სახელმწიფოს რისთვის სჭირდება მიწა, თუ მას კონკრეტული უფლებამოსილების განსახორციელებლად არ იყენებს, ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ან სტრატეგიულ-ეკონომიკური პროექტისთვის არ სჭირდება?! მიწა უნდა იყოს მუნიციპალიტეტის, თვითმმართველობის სარგებლობაში და შესაბამის თემს მუდმივად და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს. ქართველისთვის მიწა არ არის ეკონომიკური კატეგორია. ეს არის სამკვიდრო, ამ მიწაზე ჩვენ ვცხოვრობთ, ვსახლობთ. მიწა და მიწაზე მოყვანილი კარტოფილი სხვადასხვა რამეა. როგორ შეიძლება, მიწა ისე იყიდებოდეს, როგორც კარტოფილი? ხვალ ხომ დარჩები იმ კარტოფილის გარეშეც და სახლ-კარის გარეშეც.
ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ მიდგომაა, მიწა გააიაფოს და ეს მიწა ხელში ჩაიგდოს ივანიშვილმა, ფარცხალაძემ, კალაძემ...
- ამით თავის თავს ეწინააღმდეგება ჭიაბერაშვილი. ახლა რა უშლით ხელს, რომ ეს მიწა ხელში „ჩაიგდონ“? ივანიშვილს ფული არ აქვს? ვინმე წინააღმდეგობას გაუწევს, თუ რა? პირიქით, მთავრობა ამბობს და კონსტიტუციაშიც წერს, რომ მიწის ბაზარი იქნება მკაცრად რეგულირებადი. ყველას არ შეეძლება მიწის ყიდვა. განსაკუთრებით, უცხოელს. უცხოელზე იმიტომ კეთდება აქცენტი, რომ უცხოელების პრობლემა აისბერგის წვერია. მიწა უნდა გაიყიდოს მხოლოდ მასზე, ვისაც შეუძლია მიწის პატრონობა და მოვლა. ქართველს ეს მოვალეობა ყოველთვის გაცნობიერებული ჰქონდა. გალაკტიონის ლექსია „ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა, მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია“.
მართალია, ისტორიულად ქართველები ცდილობდნენ, საბოლოოდ თემის ხელში გადასულიყო მიწა და არა ვინმე უცხოტომელის, მაგრამ ძნელბედობის გამო ქართულ თემს არ ჰქონდა მიწის შესყიდვის საშუალება. შესაბამისად, უცხო ტომელები მომრავლდნენ, მათ შორის, სასაზღვრო ზონებშიც.
- როგორც კი ინდუსტრიალიზმმა ფეხის მოკიდება დაიწყო საქართველოში (თანაც, ეს ხდებოდა რუსული იმპერიის პერიოდში), იმ წუთასვე გაჩნდა უზარმაზარი საფრთხე, რომ ქართველების ხელიდან წავიდოდა ქართული მიწა. ანუ ქვეყნის მთავარ რესურსს, სამკვიდროს დავკარგავდით. ნიკო ლორთქიფანიძის „იყიდება საქართველო“, ეს სულის შემძვრელი ტექსტი გაიხსენეთ. მაჟრიალებს, როცა მახსენდება. ამ დროს ჭიაბერაშვილს დავიწყებია, ვინ არის, საიდან მოდის. ჩვენ ხომ ქართველები, გეორგიანელები გვქვია. ჩვენი ცივილიზაცია ხომ გეორგიანული, ანუ მიწაზე დაფუძნებული ცივილიზაციაა. ამას თუ დავკარგავთ, რაღად გვინდა ფული? მაშინ არაფერიც აღარ გვინდა.
„ნაციონალები“ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი ხედვა არ აქვს, სიღარიბიდან გამოიყვანოს სოფლის მოსახლეობა. საამისოდ რა უნდა გაკეთდეს?
- როგორ არ აქვს ასეთი ხედვა ჩვენს ხელისუფლებას?! პირველ რიგში, სოფლის მოსახლეობა უნდა გამოვიდეს დეპრესიული მდგომარეობიდან და მიწა დაუბრუნდეს. მიწის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შინაარსი მიწაზე სათემო საკუთრების აღდგენაა. რასაკვირველია, ამას ემატება ყიდვა-გაყიდვისა და მიწათსარგებლობის მოწესრიგება. პირველ რიში, მიწათსარგებლობის ბალანსი, კადასტრი უნდა შედგეს. სოფლის განვითარება იმის მიხედვით უნდა დაიგეგმოს, რაც შეიძლება, მეტი სიკეთე შეიქმნას. ქვეყანა ახლა საკვების 70%-ს საზღვარგართიდან ყიდულობს. ეს პროპორცია უნდა შეიცვალოს და პირიქით იყოს.
ოდითგანვე საქართველო აგრარულ ქვეყნად ითვლებოდა. საჭმელს კი არ ყიდულობდა, არამეც ყიდდა. რუსეთის იმპერიის პირობებშიც ასე იყო. კი ბატონო, ხორბალს ვყიდულობდით, მაგრამ, სამაგიეროდ, უამრავ სხვა რამეს ვყიდდით-თაფლს, ღვინს, მოგვიანებით ამას ჩაი დაემატა. დღეს ჩვენი ეკონომიკის მოცულობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება 5-7%-ს არ აღემატება. ეს ნიშნავს, რომ მიწას ვერ ვიყენებთ, ვერ ვპატრონობთ, ვერ მოგვყავს ის, რაც უნდა მოდიოდეს. ჯერ ერთი, სააკაშვილმა მორიგი სისულელე ჩაიდინა, როცა 5 ჰექტრამდე მიწა გადასახადისგან გაათავისუფლა.
განა შეიძლება, მიწას თავისი რენტა არ ჰქონდეს? რაც ღმერთმა მოგვცა, რაც მემკვიდრეობით გვაქვს წინაპრისგან მიღებული, იმას უნდა მოვუაროთ, სიკეთით გამოვიყენოთ და შთამომავლებს დავუტოვოთ. ერთ გოჯ მიწას ვერ ნახავთ ევროპაში, ადამიანის ხელი არ ეტყობოდეს. შენ თუ მიწას უცხოელს მიჰყიდი, ეს გამყიდველობაა. ილია ჭავჭავაძეს უთქვამს, ყველაფერი შეიძლება ეპატიოს კაცს, მაგრამ მიწას რომ უცხოელს მიჰყიდის, ეს არ ეპატიებაო. ილიასვე ეკუთვნის სიტყვები, ქართველებისთვის უცხოა ის სიტყვა, რასაც რუსეთში „ბრადიაჩესტვოს“ ეძახიანო. მკვიდრი ერია ქართველი და საკუთარ ქვეყანაში ბოგანო უნდა გავხდეთ? ეს უნდათ? ამიტომ მიწა კი არ უნდა გავყიდოთ, არამედ ვისიც არის, იმას დავუბრუნოთ. სახელმწიფოს ეს მიწები საიდან აქვს? კომუნისტების დროინდელი სახელმწიფოსგან მიიღო მემკვიდრეობით, მაგრამ კომუნისტებმა საიდან მიიღეს? - ხალხს წაართვეს. ამიტომ ვისიც არის, იმას მივცეთ მიწა და მერე იმან თვითონ იცის, გაყიდის თუ არა. სამკვიდროს რომელი ნორმალური გაყიდის? ათასი წლები გავიდა და ჩვენს ერს საკუთარი მიწა არ გაუყიდია.