“პირველი - ეს საქმე სერიოზული დარბევით დასრულდება და ამ გზას ორივე მხარე საკუთარი სურვილით მიუყვება. მეორე - ხელისუფლება ამ დარბევით აუცილებლად დამარცხდება, იდეა კი მომავალში გაიმარჯვებს და მესამე - სახალხო კრება ამ გამარჯვებას ვერ მიიღებს, არ შეგხვდება” - ეს სიტყვები გიორგი ყარყარაშვილმა მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ბათიაშვილს დარბევამდე 5 საათით ადრე, რუსთაველის გამზირზე უთხრა. აფრთხილებდა გენერალ უჩავაზე, სახალხო ათობით და ასობით შეგზავნილ თუ “დავერბოვკებულ” ადამიანზე, მაგრამ... ბოლო დროს განვითარებულ თითქმის ყველა პოლიტიკურ პროცესს ზუსტად იმდენი “მაგრამ” აქვს, რამდენიც “ვერსიასთან” მოსაუბრე გიორგი ყარყარაშვილს, ადამიანს, რომელიც 20 წლის შემდეგ ძალას იკრებს და აცხადებს: “მე ჩემს ტვირთს ვზიდავ, მათ კი თავისი ტვირთის ზიდვა მოუწევთ, ოღონდ ჩემსა და ყველა დანარჩენს შორის ერთი სხვაობაა - ჩემს ნაბიჯებზე სინანულს მე საჯაროდ გამოვთქვამ”...
- მთლად გარეშე მაყურებელი არასდროს ვყოფილვარ. ამ ვნებათაღელვაში მუდმივად შორიახლოს ვტრიალებ. ვარ ყველგან, სადაც ადამიანები დგანან, სადაც ჩემი მეგობრების ბედი წყდება და, ამავდროულად, არ ვარ იქ, სადაც “პოლიტიკური ნისლია”, ხელისუფლების, თუ ოპოზიციის რომელიმე ჯგუფის თავზე. უბრალოდ, ვფრთხილობ, როცა ეს ნისლი გაიფანტება, სწორ ადგილას ვიდგე ქვეყნისთვისაც და მეგობრებისთვისაც.
ამ სიტუაციაში, ალბათ, რჩევისთვის აქციების წინაც და შემდეგაც თქვენთან ბევრი მოდიოდა.
- არა, რჩევისთვის რატომ? თუმცა, დიდი ნაცნობობა მაქვს, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში ბევრი ნაცნობი და მეგობრები მყავს, ერთმანეთს ინფორმაციასა და მოსაზრებებს ვუცვლით. გამოცდილება მავალდებულებს, მქონდეს გარკვეული პოზიციაც.
და როგორია ეს პოზიცია?
- პირადად ჩემთვის, კითხვის ნიშნები 21 რიცხვამდეც ჩნდებოდა და მას შემდეგაც, რადგან, თითქოს, უკვე ნანახ სერიას ვუყურე, რომელსაც ბოლოს, სწორედ გადატრიალების მცდელობად შეაფასებდნენ. უბრალოდ, როცა პოლიტიკური მიზნები გაქვს, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და ამ მიზნის, როგორიც უნდა იყოს, პატივისცემა გმართებს. სამწუხაროდ, იმ ტენდენციებით, რასთანაც საქმე გვაქვს, ამ ადამიანების საუბრებს, ჩვენებებსა და მოქმედებებს გადატრიალებად და ამის მცდელობად კი არა, სურვილადაც ვერ შეაფასებ. მით უმეტეს, ვხედავთ, როგორ აკავებენ ადამიანს გაურკვეველ ვითარებაში და კაცის აყვანიდან აღიარებითი ჩვენების მიცემა რა უცებ ხდება.
ყოველ შემთხვევაში, უჩავამ ოქრუაშვილის ვადა ნამდვილად გააუმჯობესა.
- გვარებით არავის ვადარებ, ახლა გია უჩავაზე ვსაუბრობ, მით უმეტეს, ამ კაცს ვიცნობ, იმას კი - არა. ნუთუ, მისგან სხვა რამეს მოელოდნენ? რა დასამალია, რომ შეფიცულთა რაზმებში ძალიან ბევრი ყოფილი მეომარი იყო. ბევრი მათგანი, მათ შორის - ჩემი ყოფილი თანამებრძოლები, თვეების განმავლობაში ჩემს ოფისს ახლოსაც არ ეკარებოდნენ. გეუბნებით - შორიახლოს ვერ მოდიოდნენ, არც ვეტერანების იანვრის აქციაზე გასულან, რათა „ავ თვალს” არ დაეფიქსირებინა. აი, შეფიცულთა რაზმებში კი, ბევრ მათგანს ხელისუფლებისგან ყველაზე შერისხულ და რადიკალურ ლიდერებთან ერთად უშიშრად, სახის დაუფარავად, ჯოხით შეიარაღებულს ვხედავდი. არადა, არც ისე ნათლად ჩანდა იოლად მოსაპოვებელი გამარჯვება, რომ მეფიქრა, წარმატების გზას ხედავენ, აღარ ფრთხილობენ და სულ ტყუილად ვეჭვობ-მეთქი. ამას ვფიქრობდი და არც მიკვირდა, რადგანაც მუშაობს ერთი სტრუქტურა, მუშაობს, ზოგჯერ - წესებით, ზოგჯერ - წესების გარეშე. სულმოკლე ადამიანზე იოლი საპოვნელი რა არის?
პირგაუტეხლობა არ ფასდება, თორემ დასმენითა და ცრუ ამბის მიტანით ერთ დღეში იპოვი სამუშაო ადგილსაც და თავისუფლებასაც, მაგრამ მე არ უნდა მეფიქრა ამაზე, სხვასაც უნდა ეფიქრა! უნდა იფიქრო, როცა ხალხის, თუნდაც ერთი კაცის პასუხისმგებლობა გაკისრია. არ იფიქრეს, სხვამ იფიქრა მათ მაგივრად და ამიტომაც შეფასდა ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, ხოლო მსხვერპლად შეეწირა გულწრფელი, სხვადასხვა მიზეზების გამო ქუჩაში გამოსული ასობით და ათასობით უკმაყოფილო, გაჭირვებული ადამიანი, მათ შორის - ბევრი ღირსეული ვეტერანი, ყოფილი პოლიციელი, რომელიც გარეთ უსამართლობამ და უპერსპექტივობამ გაიყვანა.
კი მაგრამ, ეს რუსული კვალი, რუსეთის გენერალიტეტი, გრუ, მოსკოვში გააქტიურებული ქართული ძალა, ნაწყვეტები სატელეფონო საუბრებიდან - „ქართული ჯარი მთხლეა, ნინო” - ყველაფერი ერთმანეთში აირია. თქვენ რა დასკვნა გამოგაქვთ იქიდან, რაც ყველამ ვნახეთ და მოვისმინეთ?
- რუსული კვალი, შესაძლოა, მართლაც სადღაც არის, ამიტომაც ვფრთხილობ. სასაცილოა, რომ სატელეფონო საუბრის დანაშაულად შეფასება უკვე სენად გადაიქცა. ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ იმდენი კი მესმის, რომ პირიდან ამოსროლილი სიტყვა ხშირად უსწრებს საქმესაც და ნააზრევსაც. სად გაგონილა, უცბად, რამდენიმე კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვით ადამიანი დამნაშავედ შერაცხო?! ხშირად, დაუფიქრებლად, ზერელედ ნათქვამს თან მარტო ბაქი-ბუქი ახლავს, ზოგი - გაბრაზებით, ზოგიც - ამპარტავნებით წამოსროლილი. დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვა აღსარებისას ითვლება ცოდვად, სისხლის სამართლის კოდექსით კი - არა. ამ კოდექსით, აფექტის დროს რამის თქმა კი არა, კაცის მოკვლაც ეპატიება გაბრაზებულ ადამიანს. აბა, სხვა როგორ განვსაჯო, ქალბატონი ნინო იქნება ეს, თუ ნებისმიერი, როცა მეც მაქვს ახლგაზრდობაში ბევრი ამგვარი სიტყვა ნათქვამი, როცა ერთი დამონტაჟებული კადრით, ზუსტად ერთ წინადადებაში ასი ათასობით კაცის სიკვდილის ბრალდებით უნდა მასამართლებდნენ. რეალობა ისაა, რომ ასი ათასი მოწამის ჯალათი მე კი არა, სხვა ჰყავდათ ქართველებს 800 წლის წინ. მაგ ლოგიკით, რასაც ქართველები გაბრაზებისას საგინებელად ხმარობენ, 80% მოსახლეობაში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით უნდა იყოს გასამართლებული. მოკლედ, ურიგო არ იქნება, თუ ფსიქოლოგები ლექციებსა და სემინარებს ჩაატარებენ და ახსნიან, რა სხვაობაა სიტყვასა და საქმეს შორის, თეორიასა და პრაქტიკას შორის, სურვილსა და დანაშაულს შორის.
და ყინწვისში რომ აიყვანეს შეიარაღებული ჯგუფი მამაოებთან ერთად, ეს ხალხი კი მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან, მათ შორის, ხაჩიშვილთან იყვნენ დაკავშირებულნი, ესეც არაფერს ნიშნავს?
- როგორ არ ნიშნავს?! ნიშნავს! ამიტომაც ვფრთხილობდი. მე მქონდა ეს ინფორმაცია მათ შესახებ და შსს-ს არ ექნებოდა? გამიკვირდა, უცბად, სარწმუნოების სახელით, აქციებამდე ორი კვირით ადრე, რაღაც ორგანიზაცია რომ გამოჩნდა. არც თავის ვინაობას მალავდა, არც წარმომავლობასა და მიზნებს. აი, შესაძლებლობებისა რა მოგახსენოთ - ოცნი იყვნენ და იძახდნენ, ორიათასნი ვართო! უცბად, საიდანღაც აღმოცენდნენ და თურმე, გადატრიალებას აპირებდნენ. შესაძლოა, ერთი-ორი კაცი მართლა ასე ლაპარაკობდა მიტინგების დაწყებამდე საქვეყნოდ, სახალხოდ, ვეტერანებსაც სმენიათ და მეც, მაგრამ რა უნდოდათ? საიდან გამოჩნდნენ? რა შეეძლოთ? ერთი-ორს მეც ვიცნობდი ახლოს, რადგან ბრძოლის დროს გვერდით ყოფილან და მათ სიმამაცეს მამალივით ერთხელაც არ უყივლია. 20 წლის მერე რამ შეცვალა, ზუსტად ეგ მიკვირდა. რომ გეკითხათ, სახალხო კრებას ემიჯნებოდნენ და, ამავდროულად, კრებასაც და მის ლიდერებსაც დაუფარავად ლანძღავდნენ. აქაც იგივეს ვაწყდებით - იყო ნათქვამი სიტყვები და არაფერი მის უკან, მითქმა-მოთქმისა და ჰაერის გარდა. ასეთების მონაწილეობა არაფერს მატებს სახალხო გამოსვლებს და გულწრფელი ხალხის ღელვასა და გულისტკივილს ჩრდილს აყენებს, პოლიტიკურ იდეებს კი დისკრედიტაციას უკეთებს.
წეღან ერთი საინტერესო ტენდენცია ახსენეთ - შეფიცულების ლიდერი, გენერალი უჩავა აქციის პირველივე დღეს საკუთარ რაზმელებს ცხვირწინ მოსტაცეს და რეკორდულ დროში მისი აღიარებითი ჩვენებაც მოვისმინეთ. მინდა, თქვენ გვიამბოთ მასზე და ზუგდიდში დატრიალებულ იმ ტრაგედიაზე, რომელსაც უჩავას სახელს უკავშირებენ.
- გია უჩავა ვინ იყო და დაჭერის შემთხვევაში როგორ მოიქცეოდა, ეგ წინასწარ უნდა ეფიქრათ, ან ეკითხათ, ან როცა უთხრეს, მაშინ მაინც დაეჯერებინათ, მაგრამ მოდით, ყველაფერს დაჭერილ კაცს ნუ შევახოცავთ. ახლა, ზუგდიდში 1992 წელს ქაღალდის კომბინატის დაწვასაც მას აბრალებენ... თურმე, ფაბრიკის სასტუმროში შეჭრილა და გადაუწვავს... ზოგიერთები 20 წლის შემდეგ კიდევ კეკლუცობენ. რეალურად, ეს 1992 წლის მარტის თვეში მოხდა, როცა ექს-პრეზიდენტის მომხრეები თავს დაესხნენ ზუგდიდში, ქაღალდის კომბინატის სასტუმროში განლაგებულ დროებითი საბჭოს ქუთაისის ორმოცამდე გვარდიელს. რამდენიმე მოკლეს, დანარჩენები კი ტყვედ აიყვანეს. თავდასხმისას სასტუმროს ცეცხლი მოეკიდა და დაიწვა. მეორე დღეს მათ გამოსახსნელად ჩაფრენილი გიორგი ყარყარაშვილის ტყვედ აყვანა, სხვებთან ერთად, უჩავასაც ჩაეთვალა. ეგ ერთი სიკეთე მაინც ხომ ჰქონია გაკეთებული ამ კაცს ზუგდიდისთვის? ამასაც ნუღარ ჩაუთვლიან ცოდვად.
უჩავა მონაწილეობდა გვარდიის შექმნაში, არცთუ მაღალი ჩინით, მერე განდგომილების, ამბოხებულების მხარეს აღმოჩნდა, შემდეგ მეორე მხარეს გადავიდა. ვიღაცისთვის ავტორიტეტი იყო, ვიღაცისთვის - არა. როცა ტყვედ ვიყავი, უჩავა მეორე მხარეს იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ერთია, როცა პოლიტიკურ იდეა, თუნდაც რადიკალური, რომელსაც ნიადაგი ხალხში აქვს, მეორე - მოხერხებულობა, საკუთარი შესაძლებლობების შეფასება. როცა საზოგადოება ხედავს, რომ შესაძლებლობები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები გათვლილი არაა, ამიტომაც არ გადის ქუჩაში და მხარს არ უჭერს არც ლიდერს და არც იდეას. თანაც, როცა რაღაცას გეგმავ, ყველაფერს პირველივე დღეს კი არ უნდა ხედავდე, არამედ - ბოლოს და ისიც, სასურველია, უსისხლოდ.
ვიდრე სისხლიან 26 მაისსზე ვისაუბრებთ, მანამდე ამ იდეაზე მინდა გკითხოთ. ვთქვით, რომ არის გადატრიალების სურვილი, ნიადაგი, მაგრამ კონკრეტული გეგმა სადმე, ლიდერების რომელიმე მოქმედებაში დაინახეთ?
- სურვილი იყო, თუმცა ეს გადატრიალების მცდელობას არ ნიშნავს. ჯერ ერთი, სად გაგონილა ჯოხიან მონაწილეთა უმრავლესობა შემოგზავნილი ან “დავერბოვკებული” იყოს და მათი ჯოხების რტყმა მანქანებზე სახელმწიფო გადატრიალებად ფასდებოდეს?! მეორე მხრივ, მიტინგებამდე თვეების განმავლობაში არა ერთხელ ითქვა, რომ პოლტიკური ჯგუფები რევოლუციური და არჩევნების გზის მიმდევრებად დაიყო. ის სადღა გაგონილა, სოციალურ მოვლენას თუ მოვლენათა პოლიტიკურ განვითარებას, რომელიც ჯერ არ მომხდარა და რომლის მოსახდენად არც ძალაა, არც საშუალება, სახელი წინასწარ ერქმებოდეს? რევოლუცია იქნება ეს, აჯანყება თუ პუტჩი... არც ერთი იყო, არც მეორე და არც მესამე. ვერც იქნებოდა, რადგან ყველა ამ მოვლენას ძალა ესაჭიროება, რომელიც რევოლუციის არც ერთ დამაანონსებლებს არ გააჩნდა და ვერც ექნებოდა. დღეს რეალობაა ესაა - მოსახლეობის უმრავლესობის განწყობით, უახლესი ისტორიის მწარე გამოცდილებიდან, ხალხში გამეფებული შიშითა თუ ნიჰილიზმით, ამ სოციალურ-პოლიტიკურ მიმდინარეობას ბევრი მხარდამჭერი აღარ ჰყავს, მაგრამ სისხლის დაღვრას არც რევოლუცია ჭირდება, არც აჯანყება და არც პუტჩი. მას მარტო ძალა უნდა. ეს ძალა არ ჰქონდა ოპოზიციას, სამაგიეროდ, ჰქონდა ხელისუფლებას. გადატრიალების სურვილიც კი ხელისუფლებამ დანაშაულად ჩათვალა და საპასუხოდ ეს ძალა კიდევაც გამოიყენა.
ხელისუფლებას იმის თქმის უფლება აქვს, პრევენცია გავაკეთეო, სადაც სურვილია, იქნებ, საქმე ბოლომდე მიეყვანათ და გადავეტრიალებინეთო. მაშინ დაღვრილ სისხლზე ვინაა პასუხისმგებელი?
- ოპოზიციის, პოლიტიკური ლიდერებისა და აქციაში მონაწილეების პასუხისმგებლობის სიმძიმე უკვე იმხელაა, მეტი რაღა უნდა დააკისრო?! დაიჭირეს, გალახეს, დაამცირეს, შეურაცხყოფა მიაყენეს... ჭორად დადის, რომ ვიღაცები გააუპატიურეს. არ მჯერა, მაგრამ ასე ამბობენ. რუსთაველის მოედანზე რამდენიმე მიცვალებული და კვლავ დაღვრილი სისხლი დარჩა. არავის განვსჯი და არც არავის ვადანაშაულებ, ან როგორ უნდა განვსაჯო, როცა 20 წლის წინ სხვაზე უარესი ვიყავი, მაგრამ 26 მაისს ვნახე, რომ დღეს სხვები არიან ჩემზე უარესები. სურდათ თუ არა, სისხლი დაიღვარა, 6 ან მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მხრიდან! შენია თუ სხვისი, პასუხისმგებლობა ერთხელ და სამუდამოდ, და ყოველთვის, ხელისუფლებას ეკისრება! მხოლოდ მას შეუძლია სისხლისღვრის თავიდან აცილება. ატრიალონ ახლა “იმედმა” და “რუსთავმა” 1991 წელს, თეთრ ტულუპში გამოწყობილი გიორგი ყარყარაშვილის კადრები და, პარალელურად, 2011 წელს, დამოუკიდებლობის დღეს მუზარადასხმული კაცების მიერ “დუბინკებით” დაღვრილ სისხლზე ჩატარებული აღლუმი. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ჩემზე უკეთესები აღმოჩნდნენ. მე ჩემს ტვირთს ვზიდავ, მათ კი თავისი ტვირთის ზიდვა მოუწევთ, ადრე თუ გვიან. ოღონდ, ჩემსა და ყველა დანარჩენს შორის ერთი სხვაობაა - გინახავთ ვინმეს, თავის ქმედებაზე, თავის ნაბიჯზე საჯაროდ გამოეთქვას სინანული ჩემს გარდა და მეორე მხარის დაღვრილ სისხლზე მწუხარება გამოეხატოს? არც ახლა გამოუთქვამს არავის სინანული და რუსულ კვალზე გამარჯვებას აღნიშნავენ.
სინანული არც ერთი მხარისგან არ მოგვისმენია, მაგრამ ახლა დაგვიანებულ სინანულს რა აზრი აქვს, როცა ერთმა მხარემ მომიტინგეები უეჭველ განსაცდელს არ აარიდა, მეორემ კი ხალხი ოთხმხრივ ალყაში მოაქცია და ჩახოცა.
- კიდევ უარესი - გამარჯვებულმა მხარემ მოწინააღმდეგე ჯერ სასტიკად დაამარცხა, შემდეგ დაამცირა!!! მტერთან, რბილად რომ ვთქვათ, სუსტნი, საკუთარ მოქალაქეებთან - ხისტნი, სასტიკნი და შეუვალნი აღმოჩნდნენ. ადამიანს ნადირივით არ უნდა მოექცე, თორემ თუ ადამიანური ურთიერთობები ზღვარს გადადის და უკან დასახევ გზას არ უტოვებ, ჯერ შენ მისდევ, როგორც მწევარი ნადირს და მერე ნუღარ გიკვირს, თუ პირიქით, ნადირი გამოგეკიდება. მე, პირადად, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლას არ ვაპირებ. როცა გამოვჩნდები, მაშინვე ახალ ძალადობასთან მაიგივებენ. იმ ყარყარაშვილსა და ამ ყარყარაშვილს შორის სხვაობას თუ ვერ ხედავენ, კარგად ყოფილა მათი საქმე. 5-6 საათით ადრე, 25 მაისს, სასტუმროს მხრიდან რუსთაველზე მოვლენათა ეპიცენტრის სანახავად მივედი. იქაც სიფრთხილისაკენ მოვუწოდე ბათიაშვილს, უცხო ჯგუფი ტრიალებს და ყურადღება მიაქციე-მეთქი. ზოგიერთებს ისეთი მაგარი ვგონივარ, მისვლა და ბათიაშვილის ნახვა, მისთვის თავდაცვის გეგმების მიწოდებად ჩამითვალეს. გეფიცებით, სიტყვასიტყვით გეტყვით, რაც ვუთხარი ბათიაშვილს. მკითხა, როგორ უყურებ მოვლენების განვითარებასო და სამი რამ ვუპასუხე: პირველი - ეს საქმე სერიოზული დარბევით დასრულდება-მეთქი, სწორედ აქეთკენ მიდის ეს გზა და მას ორივე მხარე საკუთარი სურვილით მიუყვება. მეორე - ხელისუფლება ამ დარბევით აუცილებლად დამარცხდება, იდეა კი მომავალში გაიმარჯვებს და მესამე - თქვენ ამ გამარჯვებას, ვერ მიიღებთ, არ შეგხვდებათ-მეთქი. დღეს კი ჩემი როლი ასეთია: ვზივარ, ვუყურებ, ვაფასებ და სიტყვას ვამბობ მანამ, სანამ მას თუნდაც ერთი ადამიანისთვის ფასი ექნება.
სად იყო უსისხლო გამოსავალი, ლიდერებს ხალხი უნდა დაეშალათ თუ ხელისუფლებას უნდა ეთქვა უარი აღლუმის ჩატარებაზე?
- ორივე მხარეს ჰქონდა თავისი არგუმენტი და თავისი სიმართლე. შეიძლება, სჯობდა კიდეც, აღლუმი არ ჩატარებულიყო, იქნებ, 6 კაცით მეტს ეცოცხლა.
და, ამ შემთხვევაში, ოპოზიცია რა სტრატეგიულ გამარჯვებას მოიპოვებდა?
- წესით, ეს პოლიტიკურ კლიმატსა და ძალთა ბალანსს ვერ ცვლის. ალბათ, ამას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად შეაფასებდა, თუმცა შეიძლება, კეთილი ნება და აღლუმის ადგილის გამართვის შეცვლა, ხელისუფლების სისუსტედ შეფასებულიყო, რასაც შეიძლება, კიდევ უფრო გაუთვალისწინებელი შედეგები მოეტანა. არავინ იცის... ალბათ, ბევრს ვლაპარაკობ დაღვრილ სისხლზე. თითქოს, ძალიან მიკვირდეს ან არ მენახოს, მაგრამ ყველაზე მეტად, ხელისუფლების მხრიდან ის მაკვირვებს, რომ მისგან გარდაცვლილის, თუნდაც - ოპოზიციონერის გამო, სინანულს ვერ ვხედავ. სიძულვილი მეტია, მარტო პოლიტიკური ლიდერი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანიც კი სძაგთ. ამ ქვეყანაში ბევრი უდანაშაულოდ დახოცილი, დაპატიმრებული, ქონებაჩამორთმეული, სასოწარკვეთილი ხალხია და მათ ჯოხებით ცემა კი არა, მოვლა უნდა. არიან შვილმკვდარი მშობლებიც, რომლებიც თავის გულისტკივილს აქარვებენ, დემოკრატიული ფორმებით საზოგადოებრივ დარბაზებსა და მოძრაობებს აყალიბებენ. ხოლო იმის ნაცვლად, მათ კრიტიკას გული და გონება გაუსწორონ, უსამართლობა აღკვეთონ, ფეხებზე იკიდებენ. მადლობა უთხრან მათ და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ერთხელ ისეთი შვილმკვდარი მამა, დამცირებული, სასოწარკვეთილი ადამიანი მოვიდეს, რომელიც სამართლის ძიებას სხვა გზებით დაიწყებს.
იმ “სხვა გზებთან” კიდევ ერთი გზაცაა - “რვიანის” გზა. არც ისინი ცვლიან პოლიტიკურ კლიმატს ქვეყანაში და აქვე, თქვენი მხარდაჭერა ისევ თუ აქვს ირაკლი ალასანიას?
- ხომ გითხარით, ყველგან ვარ, სადაც ძველის გაუმჯობესების, უკეთესობისკენ სწრაფვაა და არსად არ ვარ, სადაც ბურუსით მოცული პოლიტიკაა. ამ კითხვას ალასანიამ უპასუხა და, ერთხელ და საბოლოოდ, მინდა განვმარტო: ირაკლი ჩემთვის ჭუბერგამოვლილი ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც უკან უდიდესი ტკივილი დატოვა, დაახლოებით, ისეთივე ტკივილიანი გზა, როგორიც მე გაგრიდან მაქვს გამოვლილი. აქედან გამომდინარე, მას ყოველთვის ექნება ჩემი კეთილგანწყობა და გულშემატკივრობა, მიუხედავად იმისა, რას და როგორ მიაღწევს ან რა ნაბიჯს გადადგამს პოლიტიკურად. ისევე, როგორც ირაკლი ბათიაშვილს, ჩემს მეგობარს აფხაზეთის ომიდან, რომელთან ერთადაც ბოლო ბრძოლა წითელ ხიდზე მომიწია, იქნება ის „სახალხო კრებაში” თუ სხვაგან. ისევე, როგორც ლევან გაჩეჩილაძეს, ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობებიდან გამომდინარე. მთავარი ის კი არაა, ადამიანთან ერთად იყო, მთავარია, მის გადაწყვეტილებასა და ნაბიჯებს სცე პატივი. სხვადასხვა მხარესაც რომ აღმოვჩნდეთ, მათი მარცხი და წარუმატებლობა, არც მაშინ გამეხარდება.
რაც შეეხება “რვიანის” გეგმებს... პატივს ვცემ, ყველას ერთად და ცალ-ცალკე, მაგრამ მიზანს მაშინ უწერია წარმატება, თუ ლაპარაკთან ერთად ბევრი შრომა და ბევრი ბრძოლაა. რად უნდა ამდენი საუბარი, 1500 ამომრჩეველი ხომაა ერთ რომელიმე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული? რვავე პოლიტიკური პარტია თავისი ავტორიტეტული ლიდერებით, მათთან ერთად კომისიაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ღირსეული ახალგაზრდებით, უბნის ინსპექტორების მონაწილეობით, სამ დღეში მოახერხებს ისეთი ხარვეზების გამოაშკარავებას, პარლამენტში სამი აქტიური დეპუტატი რომაა, მათაც კი ვერ შეძლონ შეწინააღმდეგება. ამას კომისიაში ცნობილი არასამთავრობოების წევრები და ჟურნალისტები სჭირდება, რათა ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრმა ქალბატონმა, რომლის სახლშიც 40 მაცხოვრებელია რეგისტრირებული, ისინი ცოცხით არ გამოყაროს.
რა მნიშვნელობა აქვს სად ხარ, ხელისუფლებაში, თუ ოპოზიციაში! რომელ ბლოკსა და პოლიტიკურ მიმდინარეობაშიც უნდა იყო, ყველაფერს შრომა უნდა. სადაც უნდა იყო, ხალხისთვის და ქვეყნისთვის უნდა იყო. თუნდაც, ერთი, კონკრეტული საარჩევნო უბანის მაგალითზე, ამოიწიოს მთელი ის ხარვეზები და ჭუჭყი ნამუსიანად, რომ თვით კუბლაშვილმაც ვერ შესძლოს სიმართლესთან შეწინააღმდეგება. ბოდიში, არ მიყვარს ხოლმე გვარის ხსენება...
ხალხს კი, სწრაფი ცვლილებები უყვარს და “რვიანის” გზა ზოგს არცთუ სწორად და მისაღებად ესახება.
- თვითდარწმუნება, რომ “რვიანი” ერთიანია და ასე იქნება ბოლომდე, საჭირო არაა. ხშირად, საკურთხეველთან დადებული ცოლ-ქმრის ფიცი ირღვევა ხოლმე და ნურც ხელისუფლებას ჩათვლით ასე სუსტად. რვა პარტიაში კი არა, შეფიცულთა ხუთ ხელმძღვანელში ვინ ვისი იყო, ის ვერ გარკვეულა. ამიტომ, სანამ ერთად არიან, მანამ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რაც შესაძლებელია. თორემ, მოულოდნელად, იტყვის ერთი, ორი, ან სამი პარტია განსხვავებულს და მოკვდება მერე იმედი საზოგადოებაში, არჩევნებით შეიძლება ხელისუფლების შეცვლაო. ისევე, როგორც ის დაპირება კვდება, რომ მთავრობა მიტინგით შეიცვლება. მერე, ნუღარ გეწყინება, როცა იტყვიან, დათვი რომ მოგერევა, ბაბა დაუძახეო.
მეტი კი არაფერი უქნია მარგოს - ჯერ ნათლიმამას, შემდეგ ქმარს და ბოლოს ბატონს რომ ეძახდა ჯაყოს. თავდაპირველად, ისიც ეწინააღმდეგებოდა, შემდეგ ზიზღით ეგუებოდა და ბოლოს სიამოვნებისგან კრუსუნებდა. რა სხვაობაა ერთხელ, ათჯერ თუ ასჯერ ძალით ნახმარ და გაუპატიურებულ მარგოსა და დაუფიქრებლად, არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო წაქცეულ, მიწაზე დავარდნილ კაცს შორის, რომელსაც წამოდგომის ძალაც კი აღარ შესწევს?! მერე უკვე იჯექი და, თუ გინდა, იკრუსუნე.
ე.ი. რა გამოდის, გაიმარჯვა მოძალადე ხელისუფლებამ და ოპოზიცია დამარცხების შემდეგ ვითარებას უნდა შეეგუოს?
- საკუთარ ხალხთან ან მის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება, არ არსებობს - ორივე მარცხდება. მე არავის განვსჯი და ვასამართლებ. მუდმივი და მარადიულიც არაფერია. ხომ თქვა ჯავახიშვილმა 100 წლის წინ, სამართალი ყველასთან მოდის, ზოგთან - ადრე, ზოგთან - გვიანო. ნელა მოდის, მაგრამ მაინც მოდის და თავისას ყველას მოჰკითხავს!