ქართული ცხვრის დასაცავად კანონი იცვლება

ქართული ცხვრის დასაცავად კანონი იცვლება

ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა მკაცრად გაკონტროლდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ამოქმედდება რეგულაციები, რათა ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა არ მოხდეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას სხდომაზე „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი წარადგინეს.

„საკითხი უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. სამწუხაროდ, იყო პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა საქართველოში უცხო ქვეყნიდან (ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან) ცხვრის შემოყვანა, ზოგჯერ ქართულ ცხვარში შერევაც ხდებოდა. ეს კი ვეტერინარიული თვალსაზრისით, რისკის შემცველია. კარანტინის წესების დარღვევა საკმაოდ მკაცრად დაისჯება. შესაბამისად, გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი ქართულს შეერევა და საქართველოდან გავა ექსპორტზე იმიტომ, რომ საქართველოს განსაკუთრებით მაღალი ნდობა აქვს ვეტერინარიული თვალსაზრისით. ჩვენს ცხვარს ასევე აქვს ხარისხობრივად საკმაოდ კარგი თვისებები.

მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ საკუთარი ინდუსტრიის დაცვა. მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები გავითვალისწინოთ და, შესაბამისად, იმ ბაზრებზე წვდომა, რომელიც ბოლო წლებში გაუჩნდათ ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად. ეს ცვლილებები ამას უზრუნველყოფს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეობის სექტორის განვითარებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მეცხვარეები უცხო ქვეყნიდან პირუტყვის შემოყვანაზე წლებია საუბრობენ. პრობლემა მოგვარების ნაცვლად უფრო გამწვავდა. ბოლო პერიოდში პირუტყვი შემოჰყავდათ არა მარტო სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, არამედ რუსეთიდან და უკრაინიდანაც კი.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს, პირველ რიგში, დაავადებების გავრცელების საშიშროება იქმნება.

„მთავრობა ძალიან დიდ ფულს ხარჯავს ვაქცინაციაში, რომ ჩვენს ქვეყანაში საშიში დაავადებები არ გავრცელდეს, მაგრამ რა გამოდის? - ერთი ხელით პირუტყვს ვიცავთ, კარგ საქმეს ვაკეთებთ და მეორე ხელით ამავე საქმეს ძალიან დიდ საფრთხეს ვუქმნით. ზოგ-ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ სომხეთიდან საქართველოში სანაშენე პირუტყვი შემოდის, მაგრამ თუ ვინმეს სანაშენე პირუტყვის შემოყვანა უნდა, ბარემ ევროპიდან შემოიყვანოს. მე კარგად ვიცი, რომ სომხებს თვითონ არა ჰყავთ წესიერი საქონელი“, - განუცხადა „ბიპიენს“ გონაშვილმა.

მისი თქმით, ქართულ საქონელს მსოფლიოში ინდობიან, კარგი რეპუტაცია აქვს და მეზობელი ქვეყნებიც სარგებლობენ ამ სახელით.

„მაგალითად, იორდანია არაფრით არ იღებს სომხურ ცხვარს, რომლის იმიჯი არაბულ ქვეყნებში ძალიან შელახულია. ამის მიზეზი გაყალბებული დოკუმენტებია, რის გამოც სომხეთს არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევენ. საქართველო კი ვეტერინარული თვალსაზრისით საიმედო ქვეყნად არის აღიარებული და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. საყურადღებოა ისიც, რომ რეექსპორტი ადგილობრივი, ქართული პროდუქციის რეალიზაციასაც ხელს უშლის. ჩვენ კი ამ მხრივ სერიოზული უპირატესობა გვაქვს, რადგან ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ქართული პროდუქცია საიმედოა და პატივს გვცემს“, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივა მისასალმებელია და რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს.