ფინანსურმა პირამიდებმა საქართველოში ფეხი მყარად მოიკიდა და მათთან ბრძოლა თანდათან რთულდება. საქმე ისაა, რომ კანონი არ იძლევა იმის საშუალებას მაქინაციებით დაკავებული ორგანიზაციები გამოვლინდეს და სათანადო სანქიცები დაეკისროს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ქვეყნის საფინანსო სექტორში ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში ფინანსური პირამიდების მომრავლების, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, არსებული კანონის მოუქნელობა და საკანონმდებლო ხვრელებია, რომლითაც თაღლითური სქემით მომუშავე კომპანიები სარგებლობენ.
„მოქმედი კანონით, ფინანსური კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებზე თამასუქებს გასცემენ, ეროვნული ბანკის რეგულირების მიღმა არიან დარჩენილნი და ეროვნულ ბანკს მათი დოკუმენტაციის შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი ორგანიზაციას სცნობს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად. თავის მხრივ კი კომპანიას იმისთვის, რომ ასეთი სტატუსი მიენიჭოს, ფინანსური სახსრები მოზიდული უნდა ჰქონდეს 4-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ან მოზიდული თანხების ოდენობა, უნდა აღემატებოდეს 5 მლნ ლარს.
დღეს აღსრულების მექანიზმები პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებს. თუ საქმე გვაქვს თაღლითური სქემით მომუშავე ორგანიზაციასთან, ის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების შემდეგაც არ წარადგენს თავის ფინანსურ დოკუმენტაციას ეროვნულ ბანკში, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი ფინანსური მაქინაციების შესახებ ცნობილი გახდება. არსებული კანონით კი მსგავსი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სებ-ს ერთადერთი ბერკეტი გააჩნია და ეს არის 1000-ლარიანი ჯარიმა. მსგავსი დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა არც-კი იზრდება. აქედან ცხადია, კომპანიას, რომელიც პირამიდის სისტემით მოქმედებს, ურჩევნია 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა, ვიდრე თავისი სქემის შესახებ მარეგულირებლისთვის ინფორმაციის მიწოდება“, - აცხადებს ბაირახტარი.
აფბა მიიჩნევს, რომ გაურკვეველი წარმომავლობის საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან მსგავსი დაუმორჩილებლობა საფუძვლიან ეჭვს აჩენს, ამ უკანასკნელის არაკეთილსინდისიერ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სახელმწიფოს პასიურ როლზე საუბრობს სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი, რომელიც მთავრობას საკანონმდებლო ბაზის მოგვარებას ურჩევს. მისი თქმით, პარლამენტი სირაქლემას მდგომარეობაშია და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს.
„იმედი მქონდა, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება გავრცელდებოდა ყველა იმ ფინანსურ სქემაზე, რომელიც რეალურად მოუწესრიგებელია ქვეყანაში. ხარვეზის გამოსწორებას ნამდვილად ველოდი, რაც არ მოხდა. პარლამენტმა უარი თქვა კანონმდებლობის შესწორებაზე. გამოდის, რომ ასეთი დამოკიდებულებით წაახალისა კრიმინალი, ფინანსური პირამიდები და გზა გაუხსნა ახალ დანაშაულს.
ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია - არც ხალხისთვის და არც საკანონმდებლო კუთხით არაფერი შეცვლილა. რეალურია საფრთხე, რომ კომპანია „საქართველოს“ მსგავსი სხვაც გამოჩნდეს“, - დასძენს ექსპერტი, რომლის განმარტებით, დანაშაულის პრევენცია ვერ ხერხდება, საკანონმდებლო ნორმა კრიმინალურ ქმედებას არ ეწინააღმდეგება.
აფბა-ში ამბობენ, რომ „ფინანსური პირამიდის სქემის ნიშნების შემჩნევისას აუცილებელია დაუყოვნებლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ისეთების როგორიცაა, დაუყოვნებლივი დადგენა, თუ რა წყაროებიდან იზიდავს კომპანია ინვესტიციებს, საკმარისია თუ არა არსებული ვალდებულებების დასაფარად, აღემატება თუ არა კომპანიის ვალდებულებები მფლობელობაში არსებულ აქტივებს, იფარება თუ არა კომპანიისა და ინვესტორების ვალდებულებები ახლადშემოსული ინვესტიციებით. „ამის დადგენა კი დღეს არსებული კანონით პრაქტიკულად შუძლებელია - აღნიშნა ბაირახტარმა.