აზარტული ბიზნესი სარეკორდო მოგებით „ამაყობს“

აზარტული ბიზნესი სარეკორდო მოგებით „ამაყობს“

სათამაშო ბიზნესმა მომგებიანობით ყველა სექტორი უკან ჩამოიტოვა. აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით. 2015 წელს აზარტული თამაშის შემოსავალი 3,121,744,711 ლარს შეადგენდა.

2016 წელს აზარტული თამაშების ინდუსტრიის მოგებამ 363 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 50 მილიონით მეტია 2015 წელთან შედარებით. აზარტული თამაშების ბაზარზე ამჟამად 252 კომპანიაა.

სათამაშო ბიზნესი ყველაზე მომგებიანია ამჟამად საქართველოში და ამ სექტორის შემოსავალმა კომერციული ბანკების შემოსავალსაც კი აჯობა - 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. მოგების მაჩვენებლითაც იგი უპირობოდ იკავებს მოწინავე პირველ პოზიციას.

ამ დროს ბიუჯეტი ამ კუთხით მნიშვნელოვან სარგებელს ვერ იღებს. მართალია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა წელს 89,3%-ით გაიზარდა, მაგრამ მისი მასშტაბები მაინც მცირეა. შემოსავლების სამსახურის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, თუ 2016 წლის პირველ კვარტალში ამ ბიზნესიდან ბიუჯეტმა 17,882 მილიონი ლარი მიიღო, წელს 3 თვეში ამ თანხამ 33,858 მილიონი ლარი შეადგინა. ბიუჯეტის შემოსავლებში სათამაშო ბიზნესის წილი 1,4%-ს არ აღემატება. კიდევ უფრო მცირე იყო 2016 წლის 3 თვეში - 0,8%.

რაც დრო გადის საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოპულარობა მუდმივად იზრდება და სახიფათო მასშტაბებსაც იძენს. ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 6% მუდმივად ჩაბმულია აზარტულ „საქმიანობაში“. მოთამაშეთა უმრავლესობა უპირატესობას ონლაინ ტოტალიზატორებს ანიჭებს.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ აზარტული ბიზნესიდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი ძალიან ცოტაა, თუმცა მან ტურიზმის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. მაგალითად, აჭარაში 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, სწორედ კაზინოების გამო აშენებენ, ვინაიდან სათამაშოდ უამრავი ადამიანი ჩამოდის მეზობელი ქვეყნებიდან.

„კაზინოების ტურიზმთან მიბმამ გაამართლა, ვინაიდან ბიზნესმენებმა სასტუმროების მშენებლობა დაიწყეს. ბათუმში სასტუმროების მშენებლობის მთავარი მიზანი არის კაზინოს გახსნა, მის გარეშე სასტუმროს ბიზნესი მომგებიანი აჭარაშიც კი არ არის. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში აღნიშნული ბიზნესი გამსხვილდა, მაგრამ მას შემოსავლების სახით დიდი არაფერი მოუტანია“, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 52,652 მილიონი ლარი შევიდა, 2012 წელს - 52,767 მილიონი ლარი, 2013 წელს - 54,122 მილიონი ლარი, 2014 წელს - 63,143 მილიონი ლარი, ხოლო 2015 წელს - 66,486 მილიონი ლარი. შემოსავალი მკვეთრად მხოლო 2016 წელს გაიზარდა და 109 მილიონ ლარს მიაღწია.

პარლამენტში ფიქრობენ სათამაშო ბიზნესის მხრივ კიდევ ბევრი რამ არის დასარეგულირებელი.

„ერთია ამ ბიზნესის ეფექტიანად ადმინისტრირება და მეტი სარგებელი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, მაგრამ, იმავდროულად, გასათვალისწინებელია სოციალური პრობლემა და დასათვლელია, რა ზიანი ადგება ამ ბიზნესით საზოგადოებას, როგორია ამ ყველაფრის ეკონომიკური შედეგი. ამიტომაც შევქმენით პარლამენტში ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის. არ გვინდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დეკორაციული იქნება და რეალურად ვერაფერს შეცვლის“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.