შალვა გორდელაძის მონათხრობის მიხედვით, 21-26 მაისის საპროტესტო აქციამდე 4 დღით ადრე, 17 მაისს, ”სანზონაში”, გურამიშვილის გამზირზე, №31 სამარშრუტო მიკროავტობუსის ბოლო გაჩერებაზე, დისპეტჩერთან ორი ახალგაზრდა კაცი ასეთი წინადადებით მივიდა - ”ბათუმში ხალხის გადასაყვანად ნორმალური ”მარშუტკები” გვჭირდება. ისეთები, გზაზე, რომ არ გაფუჭდება. თითოეულს 600-600 ლარს გადავუხდითო”. დისპეტჩერმა მათ ექვსი მიკროავტობუსის სამანქანე ნომრები და მძღოლების კოორდინატები ჩააწერინა.
19 მაისს ექვსივე მძღოლს მიკროავტობუსები ჩამოართვეს; ამ დღეს ხუთი მათგანი თბილისში იყო. მათ მიკროავტობუსები მოგვიანებით უკან დაუბრუნეს, მაგრამ 400-400-ლარით დააჯარიმეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით (”სამართალდამცველ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა”).
”მითხრეს, მანქანა დაკავებაზეა გადაცემულიო. რატომ-მეთქი - ვკითხე და, ჩვენ არაფერი ვიცით, ეგ თელავში გაარკვიეო, - მომიგეს. მანქანა ევაკუატორით წაიღეს. სიმთვრალეზე შემოწმება მოვითხოვე და - აპარატი გაფუჭებულიაო”, - იხსენებს შალვა გორდელაძე.
მან ნარკოლოგიურში შემოწმება მოითხოვა, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო - აბა აქ ნარკოლოგიურს სად ნახავო?! ამბობს, რომ ოქმში სიმთვრალე და დაუმორჩილებლობა გაუფორმეს, რაზეც ხელი არ მოუწერა. თბილისში წამოვიდა, ნარკოლოგიურში მივიდა და ოქმის გაფორმებიდან ზუსტად საათსა და 40 წუთში აიღო ცნობა, რომ ის ნასვამი არ იყო. უკან, თელავში გაბრუნდა, მანქანის ბედი რომ გაერკვია, მაგრამ ვერაფერს გახდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის მთავარ სამმართველოში უთხრეს - თავი, რომ არ გაასინჯინე, დაუმორჩილებლობაზე სამწლიანი ”ლიშენია” გაქვსო”.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შეიტყო, რომ ჩამორთმეულ მანქანებს საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ დაუბრუნებდნენ. ამბობს, რომ ამის გამო მშვიდად იყო და არანაირი ზომებისთვის არ მიუმართავს, მაგრამ როცა დანარჩენ მძღოლებს ჩამორთმეული მანქანები უკან დაუბრუნეს და მას არა, 30 მაისს საპატრულო პოლიციის უფროსის სახელზე განცხადება დაწერა, თან ნარკოლოგიურიდან აღებული ცნობა დაურთო და ჩააბარა.