[მანანა ნოზაძე]
„შერონ სტოუნს საქართველოში ჩამოსვლისთვის 5 მილიონი დოლარი გადაუხადეს“, - ამ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით, „ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე ავრცელებს. თუმცა პრესაგე.ტვ-სთან საუბარში საკუთარი წყაროს ვინაობას არ აკონკრეტებს.
მისივე თქმით, რომ ჰოლივუდელ სექსსიმბოლოს ასეთი კოლოსალური თანხა გადაუხადეს, მის ხელთ არსებული სხვადასხვა წყაროც ადასტურებს.
„ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფალის მხრიდან შერონ სტოუნისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდა ისეთივე სანდოა, როგორც გავრცელებული ინფორმაცია, რომ პუტინმაც ამავე მსახიობს მეტად სოლიდური თანხა გადაუხადა. თუმცა პუტინის მიერ შერონ სტოუნისთვის გაღებული თანხის ოდენობას ვერ დაგიკონკრეტებთ“, - აცხადებს შალამბერიძე.
რაც შეეხება „აგვისტოს ხუთი დღის“ შემქმნელების საქართველოში ვიზიტისთვის გაღებულ თანხას, ამ ინფორმაციას შალამბერიძე არ ფლობს.
„5 მილიონი მარტო შერონ სტოუნის ვიზიტი დაჯდა. ჩვენი პრობლემაა, რომ ერთი კაცის ხელშია მთელი ძალაუფლება და ბიუჯეტის გაკონტროლების საშუალება არ გვაქვს. ამიტომ, ციფრების მოპოვება სპონტანურად ხდება. იძახიან, თითქოს, ეს თანხა კერძო პირებმა, მათ შორის, კობა ნაყოფიამ გადაიხადა. თუმცა, საიდან აქვს ნაყოფიას ამდენი ფული? როცა მისი მადნეულის ოქროს საბადოს საწარმო, 100%-ით სახელმწიფო წილია. შერონ სტოუნისთვის თანხის გაღება პრეზიდენტის სპეციალური ფონდიდან არ მომხდარა, არამედ ეს კერძო ბიზნესმენებს დაეკისრათ“, -აღნიშნა ალექსანდრე შალამბერიძემ.
დეტალური ინფორმაცია, თუ რა დაჯდა მისთვის საყვარელი მსახიობის, შერონ სტოუნის საქართველოში ვიზიტი „ქრისტიან-დემოკრატ“ ინგა გრიგოლიასაც არ აქვს. თუმცა იგი აცხადებს, რომ, როგორც საკრებულოს წევრი, ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.
„ეჭვი მეპარება, რომ მისი ვიზიტი გაცილებით მეტი დაჯდებოდა, ვიდრე საქველმოქმედო ვახშმიდან შესული თანხა იყო. იმ ვახშამზე შეგროვილი მილიონნახევარი ლარი ბევრად ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ეს პომპეზური ვიზიტი და მისი მოსამზადებელი სამუშაოებია. დარწმუნებული ვარ, ხუთჯერ უფრო მეტი დაუჯდათ მთელი ამ დელეგაციის ვიზიტი და პრემიერა,“ - აცხადებს ინგა გრიგოლია პრესაგე.ტვ-სთან საუბარში.
გრიგოლიას თქმით, 5 ივნისს პროვინციალურად მოჩანდა ყველაფერი, რადგან ხელისუფლების წევრებს შორის, არავის სურდა, გაეხსენებინა, რომ სანამ შერონ სტოუნი აქ ჩამოვიდოდა, მანამდე მოსკოვში იმყოფებოდა.
„შეინიღბნენ, თითქოს ეს ყველაფერი ეროვნული და ქართული მოვლენა იყო. ძალიანაც მიხარია, როცა ჩემს ქვეყანაში საინტერესო პრემიერები იმართება, სერიოზული დელეგაცია ჩამოდის ჰოლივუდიდან, მაგრამ კომიკური იყო, როცა ხელისუფლებამ ისე დადგა ეს ყველაფერი, თითქოს, ჰოლივუდის ვარსკვლავი მათთან უშუალოდ ჩამოვიდა და არა მოსკოვიდან. თავისთავად, კომიკური გახლდათ, რომ იქ მისული ხალხი იჯერებდა, თითქოს ეს იყო ამ ქვეყნის ელიტა. ტრაგიკული გახლდათ, რომ პრემიერის პარალელურად, იქვე დაიჭირეს ადამიანები, რომლებსაც პლაკატები ეჭირათ და სწორედ იმას აპროტესტებდნენ, მიშამ შოუდ რომ აქცია ამ ქვეყნის ტრაგედია აგვისტოს ომთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.
სავარაუდოდ, ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს უცხოელი ჩამქრალი თუ მოქმედი ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანას. კვლავაც კითხვა კითხვად დარჩება, თუ რა უჯდება გაჭირვებულ ქვეყანას ოდესღაც პოპულარული ადამიანების ვიზიტი.
საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პირველი მომღერალი უკრაინელი რუსლანა იყო. იგი სააკაშვილმა თბილისში 2005 წლის 26 მაისს ჩამოიყვანა და სოლიდური თანხით გაისტუმრა. ასევე, მომადლიერებული წავიდა საქართველოდან კოლუმბიური წარმომავლობის მომღერალი შაკირა, რომელმაც რიყეზე კონცერტი გამართა.
2007 წლის ივლისში აჭარის სამკერვალო ფაბრიკის ახალაზრდა თანამშრომელი ქალის თხოვნა საქართველოს პრეზიდენტმა გაითვალისწინა და ბათუმში იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო ჩაიყვანა, რაც ბათუმის ბიუჯეტზე აისახა. უფრო ადრე კი, იმავე წლის 26 მაისს ტოტო კუტუნიოს კონცერტი თბილისში გაიმართა.
მოგვიანებით, „ეროვნული ფორუმის“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა დააჯამა, რომ კრის დე ბურგის კონცერტი ჩვენს ქვეყანას 1,683 მილიონი ლარი დაუჯდა. პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტზე სახელმწიფომ 737,5 ათასი ლარი, მერაია ქეის შოუ-კონცერტზე კი 371,3 ათასი ლარი დახარჯა.
რაც შეეხება ბრიტანელ კომპოზიტორსა და მომღერალს კრის დე ბურგს, მან მოცეკვავე შადრევნიდან სოფო ნიჟარაძესთან ერთად სიმღერა „ლედი ინ რედ“ დაგვიტოვა. სოფო ნიჟარაძემაც ჩინებულად მოირგო წითელკაბიანი ლედის იმიჯი. სხვათა შორის, აქვე სიმღერის ისტორიასაც გავიხსენებთ. კრის დე ბურგის თაყვანისმცემლებს დიდხანს სჯეროდათ, რომ ეს სიმღერა კრის დე ბურგმა პრინცესა დაიანას მიუძღვნა.
სულ ახლახანს, ეს ვერსია კრის დე ბურგმა ჟურნალ „ვივასთვის“ მიცემულ ინტერვიუში უარყო და აღნიშნა: „სიცრუეა, თითქოს მე ის პრინცესა დიანას მივუძღვენი, ეს უბრალოდ ლედი დის საყვარელი პოპ-კომპოზიცია იყო“.
სინამდვილეში, კრის დე ბურგმა განმარტა, რომ ეს სიმღერა უზომოდ დაკავებულ მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ცოლისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ვერ ამჩნევდა, რა ეცვა მას და საერთოდ, როგორ გამოიყურებოდა. ერთხელაც წვეულებაზე შემთხვევით წითელ კაბაში ჩაცმული ულამაზესი ქალი დაინახა. მიახლოება სცადა, მაგრამ ქალი თაყვანისმცემლებით იყო გარშემორტყმული. მამაკაცმა ამოიოხრა და უცნობი ქალის ცქერით ტკბებოდა. ქალმა მოიხედა და კაცმა აღმოაჩინა, რომ ეს მისი ცოლი იყო. ეჭვიანობამ და სიბრაზის გრძნობამ შეიპყრო და ცოლს უთხრა:
„მაპატიე, რომ სათანადო ყურადღებას არ გაქცევდი, მაგრამ ასეთი ლამაზი არასოდეს მინახიხარ“.