„სასამართლომ - ვენახს არ შეეხო იმათია, მიწა კიდევ შენიაო“

„სასამართლომ - ვენახს არ შეეხო იმათია, მიწა კიდევ შენიაო“

[ნანა მაისაშვილი]

ჩემს წინ გლეხი იჯდა და ტიროდა... ტიროდა მიწას, რომელიც მისია, მაგრამ მისი არაა... ტიროდა მიწას, რომელიც ხელისუფლებამ წაართვა და ვერც წაართვა... ეს კაცი მიწას შეეზარდა, მიწაში უდგას ფესვები... ეს კაცი, მთელი ცხოვრება მიწას ამუშავებდა, მაშინაც კი, როცა სკოლის მოსწავლე  იყო და მაშინაც, როცა სტუდენტი ერქვა... მიწა მისი საარსებო წყარო იყო ყოველთვის, ბავშვობასა და ახალგაზრდობაში და ახლა, შუა ხნის ასაკში, მას მუშაობა აუკრძალეს! დიახ, აუკრძალეს - ნაციონალურმა და არანაციონალურ პირობებში რეფორმირებულმა სასამართლომ ასე გადაწყვიტა, გამგეობამაც, პროკურატურამაც და პოლიციამაც. რატომ? იმ „უბრალო“ მიზეზით, რომ მისი საარსებო მიწა ყვარელში, მიშას „აშენებულ საკურორტო ზონაში“ კონსულს მოეწონა.

ჩემს წინ ნუგზარ ტუხაშვილი იჯდა, ყვარლელი გლეხი და მართლა, ცრემლებით ტიროდა:

- სახელმწიფომ პრივატიზაცია რომ გამოაცხადა, მაშინ, ავიღე მიწის ნაკვეთი ყვარლის რაიონში, ეს იყო ჯერ კიდევ 1995 წელი. მეორე წელსავე დავიწყე მიწის დამუშავება, შესაბამისად, ვიხდიდი გადასახადს მანამ, ვიდრე სააკაშვილმა არ გამოაცხადა რომ 5 ჰექტრამდე ვისაც ქონდა ნაკვეთი, ისინი თავისუფლდებიან გადასახადისგანო. 2000-2001 წლებში ყვარელში ჩამოვიდა ყაზახეთის რესპუბლიკაში კუნსული მიხეილ სებუა, მისი მარჯვენა ხელი იყო სოფელ გავაზის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბაკურ სებუა. ჯამბაკური ყიდულობდა მიწებს, კონსული არც გამოჩენილა სოფელში, ჯამბაკურის ხელის ბიჭები დადიოდნენ. ჩემთანაც მოვიდნენ და ჰექტარ ნახევარ მიწაში 200 ლარი შემომთავაზეს. გინახავთ თქვენ ქართველი კაცი, ორას ლარად მიწას რომ ყიდდეს? საშუალებაც რომ არ მქონოდა მიწას როგორ გავყიდდი? საქონელი მყავდა, მიწას ვამუშავებდი.  ვიცოდი მაინც არ მომეშვებოდნენ და ვუთხარი 3 ათას დოლარზე ნაკლებად მიწას არ მოგყიდით-მეთქი, - ბევრიაო.

გავიდა დრო, კიდევ მოვიდნენ, მე ვუთხარი ვის უნდა ეს მიწა ის კაცი მაინც მანახეთ-მეთქი. ერთხელაც ჩამოვიდა სოფელში ჯამბაკურ სებუა. სებუამ მითხრა 1000 დოლარს მოგცემო, მე ვუთხარი ტრაქტორი მიყიდეთ და მიწას მოგცემთ-მეთქი. მეორედ დამიბარეს, სებუა მეუბნება ჰექტარ ნახევარ მიწას მოგცემ სხვაგან და ეს მიწა დამითმეო. მე ისევ უარი ვუთხარი და ტრაქტორი მოვითხოვე. პარალელურად, ნელ-ნელა მპარავდნენ მიწას და სამი ათას მეტრზე თავთავი დათესეს. მესამედ ჯამბაკურმა თავისი დაცვის წევრები გამომიგზავნა და მითხრეს ტრაქტორი უნდა გიყიდოთო. მოიყვანეს ტრაქტორი, რომელსაც არც აკუმულატორი ქონდა, არც „პრიცეპკა“, სკამი არ ქონდა, გუთანი არ ქონდა. პატარა ბიჭი ვიყავი რული მეტრიალებინა და მეთამაშა თუ რა?

მოკლედ, აშკარა იყო მიწის წართმევა უნდოდათ, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი ასეთი უსამართლობა თუ შეიძლებოდა მომხდარიყო. მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და ყვარლის აღმშენებლობაზე დაიწყო ლაპარაკი. სებუას ხალხი ისევ მოვიდა მიწისთვის, რეესტრში დამიბარეს და საბუთები მიმატანინეს. რეესტრში სებუა დამხვდა და ისევ დამიწყო ვაჭრობა მიწაზე. თუმცა, ამ დროისთვის უკვე, ჩემს მიწას არ მამუშავებინებდნენ, მათ ვენახი ჰქონდათ გაშნებული.

იძულებული გავხდი, რომ სასამართლოსთვის მიმემართა. სებუას ადვოკატმა სასამართლოს გაყალბებული დოკუმენტები წარმოუდგინა, რომლის თანახმადაც, ჩემი მიწის ნაკვეთი თითქოს, დურუჯის ყოფილ ფეხბურთელს თემურ ტალახაძეს ეკუთვნოდა. ტალახაძემ ეს ამბავი რომ გაიგო, გადაირია - იქ მიწა არასდროს მქონიაო. „იუესაიდის“ წარმომადგენელი ოტიაშვილის სიძეც ყოფილი ფეხბურთელია, ტალახაძის ძმაკაცი და იფიქრეს, რომ ტალახაძე ხმას არ ამოიღებდა, ამიტომ გააკეთეს ყალბი დოკუმენტი მის სახელზე.

სასამართლომ რა გადაწყვიტა?

- მოსამართლემ ყველა დაკითხა და გადაწყვიტა, რომ მიწის ნაკვეთი ჩემი იყო, მაგრამ ზარალი არ ამინაზღაურეს, მე ხომ ვეღარ ვამუშავებდი ამ დავის გამო მიწას. იმათ ვენახი რომ ჩაყარეს თქვენს მიწაზეო, ვერ მოიფიქრეს ზარალი რომ მოგადგებოდა და ამიტომ, ზარალი არ უნდა აგინაზღაურდეთო. ვენახს არ შეეხო იმათია, მიწა კიდევ შენიაო. სებუებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, სააპელაციომ სებუას წარმოდგენილ ყალბ დოკუმენტებს ყურადღება არ მიაქცია და ჩვენს დაუსწრებლად წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება არ გაგვისაჩივრებია, პროკურატურას მივმართეთ და მოვითხოვეთ ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენებისათვის გამოძიება დაეწყოთ. ყურადღება არ მოგვაქციეს.

მაშინ ოქრუაშვილი იყო გენპროკურორი განცხადება რომ გამოვაგზავნეთ, მერე ადეიშვილთან მოხვდა ეს განცხადება, ადეიშვილმა, როგორც ჩვევიათ, კარუსელი დაატრიალა. მოკლედ, სამხარეოსა და გენერალურს შორის „იარა“ კარგა ხანს ამ განცხადებამ. იტრიალა საქმემ და არ გამოიძიეს, ბოლოს პროკურატურამ არაღძვრა გააკეთა - პარატა უზუსტობაა მომხდარი და დანაშაულის ნიშნები არააო. ვერ გავიგე, ყალბი საბუთების დამზადება და გამოყენება პატარა უზუსტობაა? მე რომ იგივე გამეკეთებინა ხომ ჩამსვამდნენ ციხეში?

პროკურატურამ პოლიციას გადმოუგზავნა თურმე ეს საქმე, მოვიდა ვინმე გამომძიებელი მამუკა რუაძე, ახლა თბილისში მუშაობს, დაზარალებულად გვცნო, დაიწყო გამოძიება, ერთხელაც მივაკითხე და ხელებგაშლილი მეუბნება - მიდი,ძმაო, შენს საქმეს მიხედე მე ვიცი კაპიკი არა მაქვს აღებული, სუფთა ვარ, რაც გინდა იქ გააკეთე, სუფთა ვარო... ამასობაში სებუა გააკოტრეს, ამათაც მიატოვეს ყველაფერი, ბალახმა შეჭამა მიწა, მე მიწას არ მიბრუნებენ, რაკი ჩემზეა გაფორმებული თავად ხელსაც ვერ ატოკებენ, მეც გამაკოტრეს, რაც საქონელი მყავდა გავყიდე, ერთი მეწველი ძროხა დავიტოვე, მშიერი რომ არ მოვკვდე. წლებია ვითხოვ, დამიბრუნეთ ჩემი მიწა, მუშაობა მინდა, მე სებუას ჩაყრილ ვაზს ვერ ავკაფავ, ვაზია ვერ შევეხები, ამიტომ თავად გადაწყვიტონ ვენახის ბედი, მე ნაკვეთში ვერ შევდივარ, გამაფრთხილეს შეხვალ და დაგიჭერთო.

გამგეობაში არ მიდით?

- გამგებელთან ვიყავი, მოიყვანა გამგეობის იურისტი, რომელმაც მითხრა პოლიციასთან და პროკურატურასთან ვერაფერს გავხდებითო. 2003 წლიდან მიწა არ დამიმუშავებია, შეხედეთ ჩემს ხელებს, მიწაზე მუშაობა მომენატრა. 2 წელია განცხადებას განცხადებაზე ვუგზავნი პრეზიდენტს - თქვენც არ მომიკვდეთ, კანცელარიის დონეზედაც კი არავინ მპასუხობს. ძალიან ხშირადაა სააკაშვილი ყვარელში, კვირაში ორჯერ მაინც ჩამოდის, მივწერე ამას წინათ 10 წუთი მომისმინე მეტი არ მინდა-მეთქი... ეჰ... პარლამენტარმა ჩახვაძემ ხმა რომ ვერ ამოიღო - შავ კატას ნუ ეძებო რომ უთხრეს... მე მყავს ეს კატა დაჭერილი და დააკავონ, არაა კორუმპირებული კონსული სებუა, რომლის ალი-კვალი უკვე თავადაც არ იციან? პროკურატურა, რომელიც გაყალბებულ დოკუმენტებს არ აქცევს ყურადღებას კორუმპირებული არაა? სად გაქრა ჩემი ნაკვეთი, ცხვირსახოცი ხომ არ არის ჯიბეში ჩამედო? იციან მიწა ჩემი რომ არის, მაგრამ კონსულის სასარგებლოდ გააკეთეს ყველაფერი და ახლა საკუთარ თავსაც ხომ არ დაიჭერენ?

სებუების ფულით საზრდოობდნენ... მიწებში დიდი ფული იჭრება, ახლა ჩემი მიწა 30 ათასი ღირს, ეყიდათ ერთი ტრაქტორი და ქონოდათ ის მიწა, მე სხვაგან ვიყიდდი მაშინ... შუაშია ჩაჩხერილი ჩემი მიწა, ირგვლივ ყველაფერი სებუებისაა და ხელისუფლება მათ მხარესაა და ტრაქტორის ყიდვას უფულოდ მიითვისონ ჩემი მიწა არ ურჩევნიათ?

ახლა რითი ირჩენთ თავს?

- ესენი ვინა ყოფილან... რითი ვირჩენთ თავს? ნუ მკითხავთ... ჯერ ძროხები გავყიდე... ახლა რითი ვცხოვრობ და დედაჩემს პენსია აქვს, ჩემი და მუშაობს სკოლაში... მე ვარ ასე, მიწისგან მოწყვეტილი. რას გვერჩიან? ვის რა დავუშავეთ, რატომ მიკრძალავენ მიწის დამუშავებას და რატომ მომწყვიტეს გლეხი კაცი მიწას? გამეცით პასუხი...