კინომსახიობები შოუ-ბიზნესის იმ კასტას მიეკუთვნებიან, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. ამ სფეროს წარმატებული მოღვაწეები იყენებენ რა საკუთარ სახელსა და ადრე გამომუშავებულ თანხებს, ბიზნესითაც ინტერესდებიან.
მსახიობთა ნაწილი კულინარიული საქმიანობით დაინტერესდა და სარესტორნო ბიზნესითაც დაკავდა. საკუთარი კვების ობიექტები მორგან ფრიმენმა, ბილ მიურეიმ, ეშტონ კატჩერმა, ჯონი დეპმა და ჟან-პოლ ბელმონდომ გახსნეს. ამ ხალხს კარგი კვება ყოველთვის იტაცებდა და ამ სფეროშიც ჩინებულად ერკვევიან. მათი „საზკვების“ ობიექტები მთელ მსოფლიოშია მოდებული და გვარიან მოგებასაც იძლევა.
მსახიობები: ბრიუს უილისი, დემი მური, სილვესტერ სტალონე და არნოლდ შვარცენეგერი, მართალია, ამავე სფეროში დასაქმდნენ, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულება აირჩიეს. მათ „მაკლდონალდსის“ ტიპის სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „პლანეტა ჰოლივუდი“ ჩამოაყალიბეს. სამწუხაროდ, ეს თაოსნობა წამგებიანი აღმოჩნდა და თავდაპირველად გახსნილი 65 ობიექტიდან დღეისათვის მხოლოდ 30 ფუნქციონირებს.
გემრიელ კერძებზე კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაც არ ამბობს უარს. მაგრამ სამეწარმეო საქმიანობის სფეროდ სასტუმროების მშენებლობა ამჯობინა. კოპოლას ოტელების ქსელი მთელ დუნიაზეა მოდებული.
21-ე საუკუნეს ტექნოლოგიების ერად მოიხსენიებენ. იციან რა ამის შესახებ, კინორეჟისორები სტივენ სპილბერგი და ჯორჯ ლუკასი კომპიუტერებით დაინტერესდნენ და სხვადასხვა თამაშების რეჟისორებადაც მოგვევლინენ.
კუნთმაგარი ჯეელები დოლფ ლუნდგრენი, ჟან კლოდ ვან დამი და ჩაკ ნორისი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები არიან და, რა გასაკვირია, რომ საქმიანობის სფეროც შესაბამისი აირჩიეს. ისინი სპორტული საქონლისა და საკვები დანამატების მწარმოებლები არიან. მათი აზიელი კოლეგა ჯეკი ჩანი კი ზემოთ დასახელებულ ტრიოს გამჭრიახობითა და მოხერხებულობით აშკარად სჯობს. კარატისტ ჯეკს საკუთარი რესტორნების ფართო ქსელი არ აკმაყოფილებს და ძალებს სხვა სფეროებშიც ცდის.
თავად განსაჯეთ. მისი სავაჭრო ნიშნით გამოდის სხვადასხვა ტანსაცმელი, დამატენიანებელი მალამოები, ზურგჩანთები, რვეულები, ბლოკნოტები. ამათგან განსაკუთრებული პოპულარობით ჯეკი ჩანის წარმოებული და თინეიჯერებისათვის განკუთვნილი ტანსაცმლის ხაზი სარგებლობს. ეს სამოსი საკმაოდ იაფია და მთელს მსოფლიოშიც ჩინებულად იყიდება.
წინა საუკუნის ქალების კერპი, ალენ დელონი განსაკუთრებული მოვლენაა და სტატისტიკოსი ეკონომისტების გამოთვლებით, მისი ქონება რამდენიმე მილიარდ დოლარს აღემატება. როკოს უკვდავი როლის შემსრულებელი ჩინებული ბიზნესმენიც გამოდგა. მას გააჩნია საკუთარი ავიაკომპანია, ავეჯის მაღაზიების ქსელი, ცხენსაშენი, შამპანურის ჩამოსასხმელი ქარხანა, საათებისა და პარფიუმერიის საწარმოები. მისი უძრავ-მოძრავი ქონება მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული, გამოშვებული პროდუქცია კი 89 ქვეყანაში ვრცელდება.