კვარიათში უდენობით ტურისტული სეზონი ჩაშლის პირასაა

კვარიათში უდენობით ტურისტული სეზონი ჩაშლის პირასაა

[ნანა მაისაშვილი]

დღეიდან, 11 ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, ტენიანობა „გრადუსებში“ მისხალ-მისხალ არის შემოწმებული, ფიქსირებულია ყველაზე საუკეთესო ტემპერატურა, ზღვა მდგრადად წყნარია და მშვიდი, ამინდი ნაციონალურად საუკეთესო... ჯერჯერობით, ასეა და სეზონიც გაიხსნა... თუ რაიმე არადაგეგმილი მოხდება, ზღვის ნაცვლად მაღალხარისხიანი თოვლის ფონზე შეგიძლიათ გაირუჯოთ... „ზაგარი“, „ზაგარია...“  ეს იმათთვის ვისაც შეუძლია ზღვიდან მთაში და პირიქით იმოგზაურონ...

წელს ზღვაზე დამსვენებლებს შარშანდელთან შედარებით გარუჯვა გაცილებით ძვირი დაუჯდებათ. ბათუმში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბულვარი კი გააშენეს, მაგრამ ჯერ კიდევ გზები აყრილია და საზღვრისპირა ზოლში დასვენების მსურველები კვარიათს მიაწყდება. შურიანებისთვის თურქეთში ვარო იტყვი, სახლში ეცოდინებათ კვარიათის მზეზე რომ გაირუჯეთ... ივნისში საწოლი 10-15 ლარი ეღირება, აგვისტომდე ფასი 25-30 ლარამდე გაიზრდება. ეს კოტეჯებში, სასტუმროში დასვენება კი გაცილებით ძვირი სიამოვნებაა. იქ ფასები 50-დან იწყება და 150-დმე იზრდება, რა თქმა უნდა, კვების გამოკლებით, კვება ცალკე ხარჯია. ეს რაც ეხება დამსვენებლებს.

რაც შეეხება მასპინძლებს, სააკაშვილმა რაც უნდა თქვას, რეალობა არის სხვა - წელს შეიძლება სეზონი ჩავარდეს! თუ რატომ, ამას პრესაგე.ტვ-ს კვარიათში მცხოვრები გულო დავითაძე ასე უხსნის:

- შარშან ძალიან დაბალი ძაბვის დენი იყო, ხშირად ითიშებოდა და გავწვალდით. წელს სეზონის გახსნის წინა დღეებში გვითხრეს, თუ გადაიხდით მოვაწესრიგებთ ყველაფერსო. გადასახადების გადამხდელები ჩვენ ისედაც ვართ, მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარადაა. ანუ, ჩვენ გვიდგას ორი მრიცხველი, ერთია კომერციული, მეორეს სამფაზიანს ეძახიან და არის ჩვეულებრივი. სიცხეები როცაა 70 ან 50 კილოვატი შეიძლება დაწვა დღეში, კომერციული სტრუქტურა გვეუბნება: 50 კილოვატზე გადაიხადეთ 50 ლარი, თავად იყიდეთ კაბელი და გამოიყვანეთ, დადგით „სოჩიკი“ და რასაც დაწვავ ისიც გადაიხადეთო, თუ არ გადაიხდით დაგაჯარიმებთო. ასეთი რამ შეიძლება? ვისაც სასტუმრო აქვს, კი ბატონო, გადაიხდის და მე სასტუმრო არ მაქვს და როგორ გადავიხადო ამდენი თანხა?

ვერ გავიგე, ანუ, ზედმეტ თანხებს გახდევინებენ?

- 50 ლარი იქნება ერთჯერადი გადასახადი. ანუ, აგვისტოში ერთჯერადად მინიმუმ, 50 კილოვატი მჭირდება, კილოვატებს ვიყიდი, მაგრამ მეუბნებიან ტრანსფორმატორიდან კაბელი გამოიყვანე შენი ხარჯითო. ანუ, თვეში 2500 ლარი უნდა გადავიხადო - დენი რომ გამოვიყვანო, კაბელები უნდა ჩავყარო და რასაც დავწვავ ისიც გადავიხადო. ბევრმა გააკეთა ეს ასე, ვისაც სასტუმროები აქვთ, მე არ მაქვს სასტუმრო და ვერანაირად ვერ გავწვდები, ალბათ, ღამით ჩავრთავ მხოლოდ მაცივრებს, ან დამსვენებლებს ვეღარ მივიღებ და ეგაა. ან, იმ პირობით უნდა მივიღო, რომ აბაზანაში რიგი უნდა დავაწესო, კონდიციონერები ვერ უნდა ჩავრთო და მაცივარი მხოლოდ ღამით ვამუშაო, რადგან საერთო დენი სხვა საშუალებას არ იძლევა.

გამოდის დამსვენებლები არც გეყოლებათ?

- ასე გამოდის. ჩვენ ვეუბნებით მათ გააკეთეთ მრიცხველები, მოგვიყვანეთ მაღალი ძაბვის კაბელები და რასაც დავწვავთ გადავიხდით. ვისაც დიდი სასტუმროები აქვთ, ევრორემონტით და კომფორტით, იმათ ყველა პროცედურა 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე დაუჯდათ, ჩვენ ასეთ თანხებს ვერ გადავიხდით. ალბათ, გარეთ მზის აბაზანას გავაკეთებ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. დამსვენებლებს მანამ ვერ მივიღებ, ვიდრე არ ავუხსნი როგორი მდგომარეობა მაქვს, ვნახოთ რა იქნება.

შარშან ძალიან დაბალი დენი მოგვეწოდებოდა, გადაიწვა მაცივრები, კონდიციონერები, გამიფუჭდა პროდუქტი, ეს ყველაფერი ზარალში წავიდა. ჩემს მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რის გამოც ქუჩაში გამოვედით და მიტინგი მოვაწყვეთ. მოვითხოვეთ ზარალის ანაზღაურება. სადაც გინდათ იქ იჩივლეთო - გვითხრეს და ამით ამოიწურა თემა. პოლიციამ ერთ საათში თუ არ დაიშლებით დაგარბევთო, ამ დროს გავიგეთ რომ კვარიათში ვანო მერაბიშვილი ისვენებდა, რამდენიმე ადამიანი მივიდა და უთხრა მერაბიშვილს რაც ხდებოდა, ამის შემდეგ ჩაგვირთეს დენი. ახლა რა იქნება არ ვიცით...

მე ვფიქრობ სასტუმროებში დამსვენებლების ნაკადის გადაქჩვის მიზნით აკეთებენ ამას. არ ვიცი ვინ ვის მფარველობს, მაგრამ რაც დღეს კვარიათში ხდება სხვა ახსნას ვერ ვუძებნი, აქ ინტერესთა სფერო გადაიკვეთა, როგორც ჩანს. ბევრ სასტუმროზე ამბობენ ადგილობრივის რომ არის და ვიღაცეები მფარველობენო... ახლა ისე ვართ გამწარებულები, ვიფიქრეთ გადავკეტავთ გზას, მოვლენ ჟურნალისტები, გააშუქებენ მომხდარს და ეგებ გვეშველოს-მეთქი, მაგრამ ზოგმა თავი შეიკავა და რა ვქნათ? ხელის შეწყობის ნაცვლად, ბარიერებს გვიქმნიან...

მეტსაც გეტყვით, ჩვენს წინ არის პლაჟი, შარშან კვადრატულ მეტრზე ფასი დაგვიწესეს, მე 90 ლარს ვიხდიდი თვეში. წელს გამოაცხადეს ტენდერი, ვიღაცამ მოიგო ეს ტენდერი და 2000 ლარს ითხოვენ. მოკლედ, იმის საშუალებას არ გვაძლევენ, რომ დამსვენებელმა შეზლონგი გაშალოს პლაჟზე. მოსახლეობამ გადავწყვიტეთ ამ ფირმას, არც წყალი, არც კანალიზაცია არ მივცეთ და ვნახოთ რას იზამენ... ფაქტიურად, მე ჩემს დამსვენებელს შეზლონგიც ვერ უნდა დავუდგა, იმიტომ, რომ ვიღაცამ იყიდა ეს პლაჟი. მოსახლეობას  უბრალოდ უთხრეს თუ გინდათ მიიღეთ მონაწილეობა ტენდერში და არც გამოჩენილან მერე.

დამსვენებელი პლაჟზე ჩასვლით კი ჩავა, მაგრამ ვერც მაგიდას დავდგამ გარეთ და ვერც შეზლონგს. როცა გადასახადი იყო ხელმისაწვდომი ვიხდიდით, მაგრამ ქვიშაზე როგორ გადავიხადო 2000 დოლარი?

ვინ იყიდა ეს პლაჟი?

- ადგილობრივია. როგორც გავიგეთ „ლაზურმა“ და „ნეპტუნმა“ გადაიხადა 2000 ლარი, ჩვენ ვერ შევწვდით, ეს ბიძაშვილებისაა ნარაკიძეების. ჩვენ პატარა კოტეჯები გვიდგას და 2000 დოლარი ქვიშაში როგორ გადავიხადოთ? მაქსიმალურად გვახრჩობენ. ყველას გვაქვს ეს პრობლემა, ვისაც კოტეჯები გვაქვს. დაახლოებით 15 მოსახლე ვართ ასე.

სხვა შემოსავალი გაქვთ რამე?

- არანაირი სხვა შემოსავალი არა გვაქვს. სეზონის დასაწყისში ვიღებთ სესხს ბანკიდან, აქ ნესტია და კოტეჯი მოსაწესრიგებელია, სეზონზე ვფარავთ ამ თანხას. კვარიათი ძირითადად, ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული. ასე თუ გაგრძელდება და ეს სეზონი ჩაგვივარდება, გამოდის, მთელი წელი მშიერი დავრჩებით, ან 15 ათასი სესხი რომ გამოვიტანეთ ბანკიდან ეს როგორ დავფაროთ... მოკლედ პრობლემები თავზე საყრელად გვაქვს. ისიც კი გვითხრეს „სოჩიკები“ შეიძლება გააკეთონ რომელიც ვიწრო „პროვოდებზეა“ და მაღალ ძაბვას ვერ უძლებსო, იწვება, ან მოვლენ და ჯარიმას მოგვაკრავენ. დენს როდის გათიშავენ რა ვიცით და ხომ შეიძლება აბაზანაში ვიღაცა საპნიანი დარჩეს? როგორც გინდათ ისე იფიქრეთ, მაგრამ შეიძლება ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებენ, ჩვენ ჩაგვძირავენ და სხვებს გაეხსნებათ ხელ-ფეხი... ახლა სესხს რომ ვერ გადავიხდი ბანკი ქონებას გამიყიდის. სხვა შემოსავალი მე არა მაქვს და რა უნდა ვქნა?

ასეთია ერთი რიგითი კვარიათელის ყოფა, რომელიც ისევე მოტყუვდა საკუთარი პრეზიდენტის დაპირებებით, როგორც მისი ბევრი თანასოფლელი. სააკაშვილმა სამეგრელოში მთავრობის წევრებთან და გუბერნატორებთან შეხვედრისას ბრძანა: „ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე საქართველოში 5 მილიონზე მეტი ტურისტი იქნება, ანუ იმაზე მეტი ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებელია“... ერთი უნებლიე შეცდომა მოუვიდა პრეზიდენტს, თუ ასე გაგრძელდება საქართველოში მხოლოდ ნაციონალები და ტურისტები დარჩებიან...