ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცნობილი კინორეჟისორი პიტერ გრინუეი უახლოეს მომავალში ახალი სურათის გადაღებას შეუდგება. რომანტიკული კომედიის სახელია “ოთხი შტორმი და ორი ბავშვი”.
ამ ფილმის მთავარი გმირი მარტოხელა ქალბატონია, რომელიც ერთდროულად ორი მამაკაცისაგან ორსულდება და მომავალი შვილის მამის ვინაობის დადგენას ცდილობს.
სურათის სცენარი თავად ბრიტანელ რეჟისორს ეკუთვნის. ფილმის სამსახიობო შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის.
პიტერ გრინუეი ამჟამად მუშაობს მხატვრულ სურათზე “გოლსიუსი და პელიკანების საზოგადოება”. ფილმი მეთექვსმეტე საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი გრავიორის ჰენდრიკ გოლსიუსის ცხოვრებას ეხება. გოლსიუსმა თავის დროზე ბიბლიურ და ანტიკურ მოტივებზე გრავიურების სერია შექმნა.
სურათში “გოლსიუსი და პელიკანების საზოგადოება” მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ასრულებს.
ფილმის გადაღებები ჰოლანდიასა და ხორვატიაში მიმდინარეობს. მსოფლიო კინოგაქირავებაში მის გამოჩენას მიმდინარე წლის დეკემბერში ან 2012 წლის იანვარში უნდა ველოდოთ.