ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეს ჯერჯერობით ერთი ბრალდებული, მამა გიორგი მამალაძე ჰყავს. სკანდალურ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 5 აპრილს ჩაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლოშია, ამ ეტაპზე კვლავ დაუდგენელია, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი. მთავარი პროკურორის განმარტებით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები, რათა დადგინდეს კონკრეტრულად ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა ბრალდებულმა შხამიანი ნივთიერება.
საქმეში ასევე არის გამოძიების მიერ დაზარალებულად ცნობილი პატრიარქის მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი, რომლის ციანიდით მოწამვლას ბრალდების მტკიცებით დაკავებული მამა გიორგი გეგმავდა. ბრალდებულის ადვოტაკი, მიხეილ რამიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მარტის თვეში მეოთხედ დაიკითხა საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე, რომლის ჩვენებაში გამოჩნდნენ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, რომლებიც მამალაძის წინა ჩვენებებში არ ფიგურირებდნენ.
„რამდენჯერაც დაიკითხა ირაკლი მამალაძე, იმდენჯერ ახალ ამბებს ჰყვება. აბსოლუტურად ყველა ჩარჩოდან არის ამოვარდნილი და როგორც ჩანს, მამალაძეს ვარაუდები და ვერსიები არ მოაკლდება. უკვე მეუფეებს გადაწვდა და გაურკვევლად იძლევა ინფორმაციებს მათ შესახებ. ირაკლი მამალაძე სამჯერ დაიკითხა თებერვალში, მინდა გითხრათ, რომ პირველ სამ ჩვენებაში არ ახსენებს სოსო ოხანაშვილს და მეუფე დიმიტრის, მაგრამ მარტში განხორციელებულ მეოთხე დაკითხვაზე უკვე ფიგურირებენ მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი.
სოსო ოხანაშვილი ერთხელ დაიკითხა 11 თებერვალს, მას მერე არ დაკითხულა. არ გამოვრიცხავ მისთვის ბრალის წაყენებას, როდესაც გამოძება უშვებს ახალ-ახალ ვერსიებზე იზრუნოს და იფიქრონ, არაფერი არ არის გამორცხული. ამიტომ ამ ლოგიკით არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი სოსო ოხანაშვილი იყოს და ბევრი სხვაც, ეს უკვე ყვლენაირ სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მიხეილ რამიშვილი.
როგორც რამიშვილი აცხადებს, მისთვის უცნობია რამ განაპირობა ირაკლი მამალაძის მეოთხედ საკმაოდ მოცულობითი დაკითხვა, მაგრამ მისი თქმით, ეს უკვე ბადებს კითხვას.
„როგორც ჩანს, გამოძიება სხვადასხვა სუბიექტებს ეძებს და ახლა უკვე ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი გამოჩნდა, ვნახოთ რას იპოვის გამოძიება. როდესაც პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმე იძახის, რომ პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ამბობს, რომ საქმის მასალას მეტ-ნაკლებად იცნობს, ეს ნიშნავს, რომ გამოძიებასთან შეთანხმებით ხდება ყველაფერი. კანონის თანახმად მოწმეს არანაირი უფლება არ აქვს იცოდეს რა ვერსიებზე მუშობს გამოძიება.
პროკურატურის „ოქროს მოწმემ“ არაერთხელ განაცხადა, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და თვითონაც აყალიბებს ამ ვერსიებს. გადახადეთ მის გამოსვლებს ტელევიზიით და თქვენ თვითონაც მიხვდებით, რა ვერსიებს ავითარებს მოწმე და პროკურატურა. თანხმებიან, ერთი ვერსია თუ არ გამოვიდა, მეორეზე გადავლენ და როგორც ჩანს, ასე გააგრძელებენ, ვერსიები და ფანტაზია შეიძლება დაუსრულებელი იყოს“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
საკუთარ დაკავებას არ გამორიცხავს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომლის განცხადებით, იყო და ახლაც არის მცდელობები, რომ რამენაირად მოხდეს მისი ამ საქმესთან დაკავშირება.
„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს გეგმა იმდენად მძიმე შეიძლება იყოს, რომ არაფერს გამოვრიცხავ. ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. ჩემი და ყველას ვალია დავეხმაროთ გამოძიებას, რომ ამ დილემიდან, ჩიხიდან გამოვიდეს და ნათელი მოეფინოს ყველაფერს“, - აცხადებს სოსო ოხანაშვილმა.
ე.წ. ციანიდის საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის „რაიმე სახით ფიგურირებას“ უარყოფს მთავარი პროკურორი. ირაკილ შოთაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებამ მხოლოდ ერთი პირის მიმართ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე მისცა პასუხისგებაში ერთი პირი, სხვა პირებთან დაკავშირებით კი საქმეში არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება.
„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ეს არის ბრალდებული გიორგი მამალაძე. მას შესაბამისი მუხლით წაყენებული აქვს ბრალი. ამდენად მე სხვა პიროვნებებზე რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან საქმეში სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
რაც შეეხება ირაკლი მამალაძეს, რომლის განმეორებით ჩვენებაში სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი გამოჩნდნენ, ამბობს, რომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, რადგან როცა მამა გიორგი ჩანაწერში პირდაპირ ეუბნებოდა, რომ სოსო ოხანაშვილის და მეუფე დიმიტრი ბერლინში იმყოფებოდნენ, ეს მისი თქმით, ფურცელზე უნდა გადატანილიყო.
„სრულყოფილი ჩვენება გამოძიებას დაახლოებით, ორი კვირის წინ მივეცი. უფრო სწორად, აღვადგინე ჩანაწერების მთელი პროცესი. მთელმა საქართველომ იცის, რომ ბერლინში იმყოფებოდნენ სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი. მამა გიორგის ჰქონდა ოხანაშვილსა და მეუფე დიმიტრისთან კონტაქტი და იკითხონ, რა თემაზე ეკონტაქტებოდა მათ“, - აცხადებს ირაკლი მამალაძე.
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საპატრიაქროს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში, თუმცა რამდენად საკმარისია, ამას ქარჩავას განცხადებით, ეკლესია საზოგადოებასთან ერთად შეაფასებს. იურისტი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რატომ უთითებს საქმის მთავარი მოწმე სოსო ოხანაშვილსა და მეუფე დიმიტრიზე.
„კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ მოგახსენებთ. საქმის მოწმე რატომ უთითებს ამ ადამიანებზე და რა ინფორმაცია გააჩნია, ეს, ისევ და ისევ, გამოძიების პრეროგატივაა. ამიტომ, ჩვენ გაგვიჭირდება რაიმე ანალიზი ან შეფასება მოვახდინოთ ამ ვითარების“, - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.