რეკლამა უინტერესო გახდა, სარეკლამო ბაზარი - ინდიფერენტული

რეკლამა უინტერესო გახდა, სარეკლამო ბაზარი - ინდიფერენტული

[გიორგი ბექაური]

საქართველოში რეკლამების ოდენობაც იკლება და მისი მაყურებელთა რიცხვიც. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს სარეკლამო ბაზარი ჩიხში შეჰყავს. ერთ-ერთი საინტერესო გამოკითხვით დგინდება, რომ სატელევიზიო რეკლამის მაყურებელთა რიცხვი მცირდება. თბილისში გამოკითხული რესპონდენტების თქმით, როდესაც ტელევიზორში რომელიმე არხზე რეკლამა იწყება, ისინი სხვა არხზე რთავენ. გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ რეკლამებს თავიდან ბოლომდე უყურებს, ხოლო 15% ამბობს, რომ ისინი რეკლამის დროს ტელევიზორს ხმას უწევენ.

გაზეთმა FINANCIAL-მა 18 დან 35 წლამდე ასაკის 100 ადამიანი გამოიკითხა. სამიზნე ჯგუფს სთხოვეს აეხსნათ, თუ რა ხდის რეკლამას დასამახსოვრებელს, როგორ მოქმედებს ის მათზე.  გამოკითხულთა ნახევარზე მეტის თქმით, რეკლამას დასამახსოვრებელს მისი შინაარსი ხდის, ხოლო დანარჩენმა ნაწილმა თქვა, რომ მას დასამახსოვრებელს რეკლამის „საუნდტრეკი“, ცნობილი ადამიანის მონაწილეობა ან გრაფიკა ხდის.

„სატელევიზიო სივრცეში სარეკლამო ბლოკები იმდენად დიდია, განსაკუთრებით რეიტინგულ გადაცემებში, რომ შესაძლებელია ადამიანს დაავიწყდეს რას უყურებს“, - აცხადებს „ტერრა მედიას“ აღმასრულებელი დირექტორი გივი ხაჭაპურიძე.

ექსპერტების თქმით, მაყურებელთა ყურადღების მისაპყრობად, მარკეტოლოგებმა მათ კრეატიული რეკლამა უნდა შესთავაზონ, რადგან სტანდარტული რეკლამები მათთვის საინტერესო აღარ არის.

„სარეკლამო თეორიის თანამედროვე ავტორები თვლიან, რომ სარეკლამო სიხშირე აღარ არის ეფექტური ჩვენს რეალობაში. ამის მიუხედავად, რეკლამის ტრანსლირების სიხშირე კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად სარეკლამო კამპანიის ეფექტურობისათვის“, - ამბობს ხაჭაპურიძე.

საერთოდ, საქართველოში სარეკლამო ბიზნესი ზრდის ნაცვლად, კლებისკენ წავიდა და რეკლამის ბიზნესში კრიზისის დაძლევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. წლის პირველ 4 თვეში სარეკლამო აქტივობა შემცირებულია. 2010 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კლებაა. 

„სარეკლამო აქტივობა რეალურად შემცირებულია, დაახლოებით, 15-18 პროცენტით. მსხვილი კომპანიები სარეკლამო კამპანიების აქტიურად განხორციელებისაგან თავს იკავებენ. გააქტიურდა სადაზღვევო სფერო, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, რეკლამის მოცულობები საკომუნიკაციო სექტორმა შეამცირა. 25 პროცენტით არის გააქტიურებული ინტერნეტრეკლამა „ფეისბუქსა“ და სხვა სოციალურ ქსელებზე“, - აცხადებს მარკეტინგისა და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი.

შესაძლოა ეს მართლაც იმის ბრალია, რომ ადამიანებმა რეკლამისადმი ინტერესი დაკარგეს. უფრო სწორად, მათ აღარ სჯერათ რეკლამაში გახმაურებული საუკეთესო შემოთავაზების, მაღალი ხარისხის და უპრეცედენო აქციების შესახებ. ამას გარდა, ბაზარზე თითქმის აღარ ჩნდება ახლი კომპანია და ნაწარმი. სარეკლამო აქტივობს ძველი კომპანიები ეწევიან თავი პროდუქტის მოდერნიზებით. ამ ყველაფრის მიზეზი კი ინვესტიციებია, რომელიც ქვეყანაში საოცრად შემცირდა.

„როდესაც ინვესტირება მაღალი იყო, შესაბამისად, სარეკლამო ბიუჯეტშიც მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. მთლიანობაში, თუ ბაზრის განვითარების ტენდენციას დავაკვირდებით, ცალსახად თქმა იმისა, რომ კრიზისი დაძლეულია, გამიჭირდება.

მოლოდინი ნამდვილად იყო, რომ ვითარება გაუმჯობესდებოდა, თუმცა რეალობამ სხვა სურათი წარმოგვიდგინა. აქტივობა შეამცირეს ისეთმა კომპანიებმაც, რომლებიც წინა წლებში სარეკლამო კამპანიის ლიდერები იყვნენ. ვფიქრობ, უკეთესი მდგომარეობა გვექნება. ამისთვის ხელსაყრელი იქნება კიდევ ერთი ფაქტორი - თუ განცხადდება სად და რომელ სექტორში დახარჯავს სახელმწიფო ევროობლიგაციით მიღებულ 5 მილიონ ევროს, რაც ჯერჯერობით უცნობია“, - აღნიშნავს გალუმაშვილი.