ექსპერტთა ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის 25% სიღარიბის უკიდურეს ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ბევრად უარესი მდგომარეობა სოფლადაა, სადაც ეს უარყოფითი მაჩვენებელი 50%–ს აღწევს. სპეციალისტები უმძიმესი პრობლემის მოგვარების ერთ–ერთ გზას საზოგადოების გადამზადებასა და ბიზნეს–უნარების გამომუშავებაში ხედავენ.
ექსპერტები საქართველოში სასურსათო დეფიციტსაც არ გამორიცხავენ. უცხოელი სპეციალისტების პროგნოზით კი, საქართველოში სიღარიბე მოიმატებს და შესაძლოა 60%–ს მიაღწიოს. ჩვენზე მძიმე ვითარებაში ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაა.
„ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ოპერაციების მენეჯერის გიორგი ღლონტის განცხადებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 25% იმყოფება.
ამის შესახებ ღლონტმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე „სიღარიბე საქართველოში – თავისებურებები, გამომწვევი მიზეზები და რეაგირება“ განაცხადა.
„ჩვენი ორგანიზაციის კვლევის მიზანს სიღარიბის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო პროგრამების შემუშავება წარმოადგენს. სიღარიბის მრავალი კრიტერიუმი არსებობს, რომელთაგან მთავარი ადამიანის შემოსავალსა და ხარჯებს შორის უარყოფითი ბალანსია. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლობით 25% სწორედ ასეთ მდგომარეობაშია“, - აცხადებს ღლონტი.
ამასთან, მისივე თქმით, ქალაქებთან შედარებით, ბევრად უარესი მდგომარეობაა სოფლებში, სადაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის დაახლოებით 50% იმყოფება.
პრობლემის მოგვარების გზას „ქეა“ საზოგადოების გადამზადებასა და ბიზნეს-უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხედავს.
ცნობისთვის, შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაზღვევის სამინისტროს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს არცთუ დიდი ხნის წინ გაკეთებული გაფრთხილებები, რომ საქართველოს სურსათის დეფიციტი ემუქრება. ასეთ დასკვნამდე სწორედ ქართველი ექსპერტები მივიდნენ. უკეთეს მომავალს არც უცხოელი სპეციალისტები გვიწინასწარმეტყველებენ. მათი პროგნოზით, საქართველოში სიღარიბე მოიმატებს და შესაძლოა 60%-ს მიაღწიოს, ხოლო ღატაკთა რაოდენობა ყოველი მეოთხე ადამიანით განისაზღვრება.
სომხეთში მსოფლიო სავალუტო ფონდის წარმომადგენლმა ნინკეომესმა განაცხადა, რომ მსოფლიო კრიზისის რეციდივების შედეგად, სომხეთში, საქართველოში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, სოციალურ პროგრამებზე გაწეული ხარჯების მიუხედავად, სიღარიბის დონის გაზრდა არის მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში – აზერბაიჯანში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყაზახეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების შედეგად, სიღარიბე შემცირდება.
თავის მხრივ გაერო აფრიკის 8 უღარიბეს ქვეყანას, ტაჯიკეთს, მონღოლეთს, სომხეთსა და საქართველოს სურსათის კრიზისს უწინასწარმეტყველებს. ექსპერტებიც ინფორმაციით კი, სურსათზე ფასების 40%-ით ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა რაღა მოსალოდნელია, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ბოლო ხანს ფასების ზრდა აშკარა და თვალშისაცემია.
– მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ საკვების შენახვა დაიწყოს, რადგან ქვეყანას მძიმე წელი ელოდება. წლის ბოლომდე სურსათზე ფასები 30-40%-მდე გაიზრდება. ადრე ამ სფეროში კრიზისი არ იგრძნობოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს უფრო ნათლად გამოჩნდება.
საქართველო შედის იმ ცამეტ ქვეყანათა შორის, ვისაც სასურსათო კრიზისი ემუქრება. სურსათის გაძვირების ტენდენცია უკვე აღინიშნება. უცხოელი ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ გადაიდგმება. ასე რომ, ქვეყანას სასიხარულად საქმე ნამდვილად არ აქვს, – ამბობს პაატა კოღუაშვილი.
ექსპერტი ნოდარ კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიღარიბის შემცირების არანაირი პერსპექტივა არსებობს.
– სიღარიბის ზრდა გარდაუვალი პროცესია. ქვეყნის მთავარი პრობლემა სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა მაღალი მაჩვენებელია, რომელიც დასაქმებულების 50%-ზე მეტს აჭარბებს. მშპ-ს დინამიკას თუ შევხედავთ არაფერი იცვლება. ეს კატასტროფაა. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბრობს ყველა, მაგრამ როგორ ამას არავინ ამბობს. რეალობა ერთია, ჯოჯოხეთში სამოთხეს ვერ ააშენებ, – ამბობს კაპანაძე.
ამასობაში, მსოფლიო ბანკის გათვლებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი ღარიბია, 17 პროცენტი კი - ღატაკი. პირველი მაჩვენებელი 60%-ს მიაღწევს, ხოლო ღატაკების რაოდენობა 25%-მდე ავა. ჩვენზე მძიმე ვითარებაში ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაა. მაგალითად, ტაჯიკეთში აბსოლუტური სიღარიბის დონე 70 პროცენტია.
მსოფლიო ბანკის გათვლებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და უთანასწორობის შემცირების შედეგად სიღარიბეს თავი, დაახლოებით, 40-მა მილიონმა ადამიანმა დააღწია. საქართველოში კი სიღარიბის მაჩვენებელი უცვლელია.