„თავიდან შესაძლებელია, ევროპაში წასვლის ბევრი მსურველი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება“

„თავიდან შესაძლებელია, ევროპაში წასვლის ბევრი მსურველი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება“

„უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევებთან მიმართებით საქართველო შეურიგებელი იქნება, რათა ერთი ან ორი მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის წესების დარღვევამ არ უზრუნველყოს ამ დიდი სიკეთის შეჩერება სხვა მოქალაქეებისთვისაც“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

მისივე თქმით, სახელმწიფო აპირებს, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს იმ ზიანის შესახებ, რომელიც მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა შენგენის ზონის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, რათა მესაზღვრეების მხრიდანაც მოხდეს მოქალაქეებისთვის შესაბამისი რეკომენდაციის მიცემა.

„ჩვენ ვხედავთ პრობლემებებს ძირითადად იმ კუთხით, რომ ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფარს ითხოვენ. ხშირ შემთხვევაში, ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა და არანაირი პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაცია ამ მოქალაქეების არ ხდება“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

რა პროცესებია მოსალოდნელი 28 მარტის შემდეგ, როცა ჩვენს მოქალაქეებს შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობა მიეცემათ?! ამის შესახებ For.ge-ს დემოგრაფი ანზორ სახვაძე ესაუბრა.

უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევებთან მიმართებით საქართველო შეურიგებელი იქნება. რა ბერკეტები გააჩნია ჩვენს სახელმწიფოს უცხოეთში ჩასული საკუთარი მოქალაქეების გულწრფელობის გასაკონტროლებლად?

- უვიზოდ და უწესოდ აქედან არავინ მიდის. უვიზოდ და უწესოდ უცხოეთში რჩებიან უკვე მოგვიანებით, როცა ვადაზე მეტხანს აღმოჩნდებიან ევროპაში. ეს არის პრობლემა, თორემ აქედან სუყველა მიდის ლეგალურად, იღებენ ვიზებს, აგროვებენ დოკუმენტებს და ისე ჩადიან ევროპაში. ვთქვათ, ადამიანს ეკუთვნის უვიზოდ ყოფნის 90 დღე და ამ დროს კიდევ დიდხანს რჩება ევროპაში, მაშინ ის ხდება არალეგალი, ანუ არაკანონიერად მყოფი მიგრანტი. ეს პრობლემები, ალბათ, მომავალშიც იქნება, რადგან ჩვენთან ემიგრაციის ძირითადი მიზეზი უმუშევრობაა. ყველა, ვინც მიდის, სამუშაოს საძებნელად მიდის, თორემ იმდენი ქართველი არ მეგულება, საექსკურსიოდ ჰქონდეს საქმე. შეიძლება, თითო-ოროლა პროცენტს ჩონგურივით ჰქონდეს აწყობილი ცხოვრება და მოგზაურობდეს, მაგრამ ემიგრანტების უმეტესი მასა ძირითადად დასაქმების საძიებლად მიემართება. ყველა შემთხვევაში, ეს დარღვევას გამოიწვევს ამა თუ იმ ქვეყანაში, რადგან იქაც გამკაცრებულია დასაქმების საკითხები და თავიანთი მაცხოვრებლებისთვისაც არ ჰყოფნით სამუშაო ადგილები. ბუნებრივია, ევროპელები უფრო გაამკაცრებენ თვალყურის დევნებას უცხო ქვეყნიდან ჩასულ ადამიანებზე, რომლებსაც დასაქმებას შეამჩნევენ. ამიტომ იმის იმედი, თითქოს უცხოეთში ჩასული ყველა ქართველი კანონს დაიცავს, ილუზორულად არ უნდა გვქონდეს. მით უმეტეს, რომ კარგად გვახსოვს, ევროპის ბევრი ქვეყნის ციხე სავსეა ქართველებით. სპეცოპერაციებს როცა ატარებენ ხან ესპანეთში, ხანაც ავსტრიაში ან სხვაგან, ძირითადად ქართველთა ბანდებს იჭერენ, რომლებიც აქედან ვითომც საემიგრაციოდ, სამუშაოდ არიან წასულნი, იქ კი თურმე ქურდობენ და მაქინაციებში არიან გახვეულნი.

პოლიტიკური დევნის საბაბით თავშესაფრის მოთხოვნა და დისკრიმინაციის მომიზეზება რამდენად რეალურია?

- თავშესაფრის მოთხოვნის საკითხი შესაძლოა, ადამიანმა დააყენოს, მაგრამ დააკმაყოფილებს თუ არა ამ მოთხოვნას, ეს დამოკიდებულია თითოეულ მიმღებ ქვეყანაზე. ყველას შეიძლება უნდოდეს ევროპაში თავშესაფრის მიღება, რადგან იქ არის სოციალური გარანტიები, ადამიანს გარკვეულ თანხას უხდიან განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, აძლევენ თავშესაფარს და შიმშილის პრობლემა არ აქვს. მეორე საკითხია, რამდენად დასაბუთებულად ჩათვლის ევროპული სახელმწიფო აქედან ჩატანილი საბუთების ნამდვილობას. კი, შეიძლება, მე ვიძახო, რომ საქართველოში მჩაგრავენ, მაგრამ იმ ქვეყანას უნდა დავუმტკიცო ჩემი სიმართლე და, თუკი ის ქვეყანა მარტო ჩემს მიერ ერთ ნათქვამ სიტყვას ენდობა, ეს ჩემი ბრალი ხომ არ არის? ე.ი. მე კარგად ვიარტისტე და მათ დამიჯერეს. მეორე ქვეყანამ კი შეიძლება არ დამიჯეროს და დამატებითი დოკუმენტები მომთხოვოს, ან თვითონ გადაამოწმოს საქართველოში ჩემი ყოფნის ისტორია და იმის მიხედვით იმსჯელოს.

როგორც ჩანს, საქართველოდან უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევთა გაკონტროლება ძნელი იქნება. რჩება ერთადერთი გზა, რომ ეს ადამიანები თვითონ ევროპულმა ქვეყნებმა გააკონტროლონ.

- რა თქმა უნდა. საქმე ისაა, რომ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ევროპამ შეიმუშავა ღონისძიებები, რათა საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს ან შეზღუდოს ჩვენი უვიზო მიმოსვლა. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან თითქმის მთელი წელიწადნახევარი სწორედ ამ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ელოდებოდნენ. თუ ჩვენი ქვეყნიდან ბევრი დამნაშავე, თავშესაფრის მაძიებელი, ან დამრღვევი ჩავა, მაშინ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერებენ უვიზო მიმოსვლას. ასეთი შემთხვევები კი ნამდვილად იქნება. ამიტომაც იყო ალბათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება, რომ საქართველოდან წასული ადამიანები გაუფრთხილდნენ თავიანთი ქვეყნის პრესტიჟს. როგორც „დათა თუთაშხიაშია“ ნათქვამი, ყოველი ადამიანი ოჯახის გარეთ თავისი ოჯახის დესპანი უნდა იყოს, ხოლო ქვეყნის გარეთ-ქვეყნის დესპანი. კარგი იქნება, თუ ყველა ემიგრანტი ამ წესს დაიცავს, თორემ რა უნდა გააკეთოს ახლა ჩვენმა ხელისუფლებამ? ვთქვათ, მე მივდივარ ევროპაში, გამაფრთხილებენ, ბიჭო, იქ არაფერი დაარღვიოო?!

თუკი არაერთმა სახელმწიფომ უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეგვიყვანა და, თუკი ჩვენთან ადამიანებს არ დევნიან, დისკრიმინაცია არ მიმდინარეობს, მაშინ ევროპელები წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდნენ და პოლიტიკური დევნილის სტატუსით არც უნდა მიიღონ აქედან ჩასული ადამიანი.

- ლოგიკურად ეს ასეა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, გამორიცხული არც ის იყოს, რომელიღაც ჩინოსანმა რომელიღაც ადამიანს პროვოკაცია მოუწყოს, დაჩაგროს და ამ ადამიანმა ჩათვალოს, რომ პოლიტიკური ნიშნის გამო დევნის ხელისუფლება. ამიტომაც მოითხოვოს ევროპაში თავშესაფარი.

ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ 28 მარტის შემდეგ, როცა ჩვენს მოქალაქეებს შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველო ახალგაზრდობისგან დაიცალოს. ამის საშიშროება არსებობს?

- ახალგაზრდების გადინების საშიშროება იქნება მანამ, სანამ საქართველოში მათი დასაქმების სერიოზული კერები არ გაჩნდება. დღესდღეობით უმუშევართა 25%-ს ის კატეგორია განეკუთვნება, რომელსაც არც ერთი დღე არ უმუშავია. წარმოიდგინეთ, უმუშევართა შორის ყოველ მეოთხე ადამიანს საერთოდ არ უმუშავია და ასეთებს ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ. შესაბამისად, თუკი მათ საქართველოში დასაქმების პერსპექტივა არ ექნებათ, ბუნებრივია, თავისი უნარების რეალიზაციას საზღვარგარეთ შეეცდებიან. ამიტომ გასამტყუნი არ არის, რომ სწორედ ახალგაზრდები მიდიან უცხოეთში სამუშაოს საძებნელად.

შესაბამისად, უცხოელებზე დაქორწინებულ ქართველთა ფიქტიური და არაფიქტიური ქორწინებებიც გახშირდება, რათა ისინი ამ მეთოდით დარჩნენ ევროპაში და 90 დღეს გადაამეტონ?

- ფიქტიური ქორწინებები ცოტა რთული იქნება, რადგან ფიქტიურ ქორწინებაშიც ფული უნდა გადაიხადონ და არა მგონია, ამდენი ფული აქედან წასულ უმუშავარს ჰქონდეს. რაც შეეხება რეალურ ქორწინებებს, ევროპაში ასე მარტივად არ ხდება, რადგან გაღლეტილი იქაც არავის უნდა. სიყვარულის უარყოფას არავინ ცდილობს და ათასში ერთი შეიძლება უცხოელს გაჰყვეს, მაგრამ დღეს ახალგაზრდებს აინტერესებთ მატერიალური უზრუნველყოფა. თუნდაც ჩვენს მაგალითზე ავიღოთ. ვთქვათ, საქართველოში ჩამოვიდა ვიღაც საწყალი, საცოდავი გადამთიელი. არა მგონია, რომელიმე ახალგაზრდა გოგოს სურდეს მასზე დაქორწინება, ან რომელიმე ვაჟს მისი ცოლად მოყვანა, თუკი იშვიათ შემთხვევაში, მართლა სიყვარული, ან ერთი ნახვით შეყვარება არ არის. ასე რომ, საქართველო აქ მცხოვრები ახალგაზრდებისგან არ დაიცლება, მაგრამ თავიდან შესაძლებელია, წასვლის ძალიან ბევრი მსურველი აღმოჩნდეს. ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან დასავლეთშიც ასე ხელგაშლილად არავინ გველოდება. ამიტომ ძალიან მალე გაუნელდებათ ჩვენს ახალგაზრდებს სურვილი, რომ ევროპაში იპოვიან საკუთარ ბედს და ჩვეულებრივ ფორმატში ჩადგება ეს ტენდენცია.

უცხოეთში წავა ის, ვისაც საქართველოში დარჩენის არანაირი შანსი არ აქვს, ან უბრალოდ, აკვიატებული აზრი აქვს, რომ მაინცდამაინც ევროპაში ისწავლოს, იმუშაოს, რადგან სამშობლო არაფრად მიაჩნია. ეს არ იქნება დიდი მასშტაბის. ახლა მთავარია, ჩვენთან სამუშაო ადგილები შეიქმნას, სახელმწიფომ გარკვეული ღონისძიებები გაატაროს და საკუთარი ხარჯით შექმნას სამუშაო ადგილები. თუნდაც განავითაროს მშენებლობა, მეტროს მშენებლობა და ბევრი სხვა რამ. სახელმწიფომ თავისი როლი და ფუნქცია უფრო ეფექტურად უნდა შეასრულოს და არ დაელოდოს მაინცდამაინც უცხოელ ინვესტორს, რომელიც შემოიტანს ორ კაპიკს და შექმნის სამუშაო ადგილს. ვის შეიძლება გაუჩნდეს მაინცდამაინც საქართველოთი დაინტერესების სურვილი, რომ გამოიქცეს და აქ შექმნას სამუშაო ადგილი? ამიტომ სახელმწიფომ უნდა ააწყოს მრეწველობის დარგი, შექმნას საწარმოები და ამის შემდეგ, თუ არ უნდა ამ საწარმოების მართვა, უკვე გამართულის პრივატიზაცია მოახდინოს. თანაც, ჩემი აზრით, უნად მოახდინოს არა ინდივიდუალურად მიყიდვა, არამედ მიყიდვა სააქციო საზოგადოების სახით, რომ რაც შეიძლება მეტი მესაკუთრე იყოს და უფრო ინტენსიურად აამუშაონ საწარმოში დასაქმებული ადამიანები.

სამწუხაროდ, ჩვენთან მრეწველობის განვითარების ტემპი ძალიან ნელია. სოფლის მეურნეობაშიც შეიძლება ინდუსტრიალიზაცია განხორციელდეს, გადამამუშავებელი საწარმოები გაიხსნას. თუმცა ისეთი სფერო, სადაც მასობრივად მოხდება ადამიანების დასაქმება, არც ერთი არ არის. ყველგან შემცირება, ეპიზოდური სამუშაოებია, ყველგან კოტრდებიან, იყიდებიან. ეს მაშინ, როცა ინდუსტრიის, მრეწველობის განვითარების გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბარი წარმოუდგენელია. თუ ყველაფერში სხვა ქვეყანას შეჰყურებ, მაშინ არ ხარ დამოუკიდებელი. ამიტომ სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა გამოიჩინოს თავი სამუშაო ადგილების შექმნაში.