„სინოდზე მთავარი თემა იყო არა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, არამედ მისაყვედურეს აქტიურობის გამო“

„სინოდზე მთავარი თემა იყო არა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, არამედ მისაყვედურეს აქტიურობის გამო“

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმე განუხილავთ. სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჭყონდიდის მიტროპილიტ პეტრეს მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები იყო. პირადად პატრიარქისა და სინოდის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სკანდალური განცხადებების ავტორი მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს.

პატრიარქს გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ „ერთსულოვნების“ თანამშრომლები. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასრულებენ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოხატავენ პოზიციას და ამავე დროს, გამოთქვამენ პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტისადმი, რომელიც რვა წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას.

„იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზიის განვითარების საქმეში, მომავალში დაფასდება. უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზიის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლების მიმართვაში, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, სინოდის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

ასევე, for.ge-ს ინფორმაციით საპატრიარქოში მიმდინარე წმინდა სინოდის სხდომაზე, სინოდის წევრებმა მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთა მოითხოვეს. თუმცა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე მედიასთან განცხადებების გაკეთება აეკრძალა. იმ შემთხვევაში, თუკი მეუფე არ დაემორჩილება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, მეუფის ეკლესიიდან განკვეთის საკითხი დადგება. შესაბამისი გაფრთხილება მეუფემ უკვე მიიღო.

რამდენად დაემორჩილება სინოდის განაჩენს მეუფე, ამის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან, მისივე განცხადებით, ქვეყანას როგორც დასჭირდება, ისე გააკეთებს. ამბობს, რომ ურჩევნია სიმართლისთვის დაისაჯოს, ვიდრე ტყუილით გამართლდეს.

„გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. ჩემი რეაქცია არის ძალიან მშვიდი. როგორც სულ ვამბობდი, მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. მოვიდა დრო, რომ სხვამ უფრო მეტი გააკეთოს საპატრიარქოს ტელევიზიისთვის. მე რაც შევძელი, გავაკეთე. უწმინდესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა ვინმე სხვამ, ვინ - ჯერ არ ვიცი.

არის ასეთი სიბრძნე - თუ ადამიანმა დაკარგა თანამდებობა, არაფერი არ დაუკარგავს. თუ დაკარგა ფული ან ქონება, არაფერი არ დაუკარგავს. თუ ადამიანმა დაკარგა ჯანმრთელობა, არა უშავს, შეიძლება დიდხანს იცოცხლოს. მაგრამ თუ დაკარგა მადლი, ყველაფერი უკვე დაკარგული აქვს. ამას თვითონ უწმინდესი ქადაგებს ხშირად, მე ვცდილობ მადლი არ დავკარგო“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამასთან, მეუფე ადასტურებს, რომ სინოდის სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უსაყვედურეს და ამბობს, რომ სინოდის სხდომა მიკერძოებული იყო.

„მე ვფიქრობ, ეს მიკერძოებული იყო. მიმაჩნია, რომ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ, გამოიკვეთა ისე, რომ სინოდზე მთავარი თემა იყო არა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, არამედ მისაყვედურეს აქტიურობის გამო. მიმაჩნია, რომ არსებობს სხვა პრობლემები და ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

სინოდის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ მეუფეს მხარდამჭერი სასულიერო პირები. მღვდელ-მონაზონი ანდრია, რომლიც სოციალურ ქსელში მეუფე პეტრეს მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა, წერს, რომ უსახსრო, მცირე ოთახში „შეჩეხილი“ ანდრიაძის ტელევიზია, მეუფე პეტრემ ფეხზე დააყენა.

„ღმერთმა შეუწიროს მეუფეს მისი ღვაწლი, რომელიც საქართველოს ეკლესიის წინაშე გაწია და სწევს. უსახსრო, მცირე ოთახში „შეჩეხილი“' ანდრიაძის ტელევიზია (რასაც პოლიტიკისა და პირადი პიარისთის იყენებდა), მეუფე პეტრემ ფეხზე დააყენა. კაციშვილმა არ იცოდა, რომ იგი გენერალური დირექტორი იყო... სხვებისგან განსხვავებით თავს არ აპიარებდა... ღმერთმა გაგაძლიეროთ, მეუფეო. ღრმა პატივისცემა ჩემგან“, - წერს მღვდელ-მონაზონი ანდრია.

საკამოდ მკაცრია თავის შეფასებებეში მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი იღუმენია თამარ გამრეკელიძე და აცხადებს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი კორუფციას, მამათმავლობას, უზნეობას და ნარკომანიას ებრძვის.

„ეკლესიაში კორუფცია, მამათმავლობა, უზნეობა, ნარკომანია, ძველბიჭობა და ა.შ. პრობლემა არ არის?! სამაგიეროდ პრობლემა არის ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ვინც ამ ყველა უზნეობას ებრძვის!“, - წერს იღუმენია.

საპატრიარქოში დაპირისპირებას უარყოფს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებს რუსთავის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი.

„მეუფე პეტრემ თქვა, რომ ეკლესიაში შფოთი დაპირისპირებაა, მაგრამ ამის არგუმენტები არ მოუყვანია. ამიტომ მსჯელობა მარტო ემოციურ სიტყვებზე ძნელია. საპატრიარქოში შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. თქვენ ყველას სკოლაშიც და ინსტიტუტშიც გისწავლიათ და ყველგან არის სამეგობრო წრეები. 2-3 ადამიანი სარგებლობს კარგი ურთიერთობით და ეს კლანი ხომ არ არის? რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, ის პატრიარქის მდივანია და რაც ევალება იმას ასრულებს. მისი მხრიდან ჩემზე ზეწოლა არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა მეუფე იოანე გამრეკელმა