გასულ კვირას კვლავ შეგვახსენა თავი საქართველოს ერთ-ერთმა სტრატეგიულმა პრობლემამ, რომელიც მემკვიდრეობად დაგვრჩა გასული საუკუნის მოვლენებიდან.
ახლა ეპოქის სულისკვეთება თითქოს არ ცნობს წარსულის აჩრდილებს, მაგრამ არსებული ჭრილობების ხელახალი გაღვივება ადასტურებს, რომ ვირტუალური „ახალი ხანა“ თავისთავად ვერ გადაჭრის რეალურად არსებულ, ურთულეს და მტკივნეულ კონფლიქტებს.
გასულ შაბათს, საღამოს, ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფელ თამარაშენში საზარელი მკვლელობა მოხდა. ოსი ეროვნების კრიმინალმა ცეცხლი გაუხსნა და სასიკვდილოდ დაჭრა ორი ადამიანი. მათგან ერთ-ერთი, ელგუჯა ვახტანგიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო თამაზ ყავლაშვილი მძიმედ დაიჭრა, მეორე დღეს ისიც გარდაიცვალა. მართალია, ოსური მხარე აცხადებს, რომ მკვლელის ვინაობა ცნობილი არ არის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საეჭვოა, ოფიციალურმა ცხინვალმა რამე ქმედითი ნაბიჯები გადადგას მის დასაკავებლად.
შეიძლება ვივარაუდოთ, მას არათუ დასჯიან, არამედ არაოფიციალურად „ქართველ აგრესორთა წინააღმდეგ მებრძოლად“ გამოაცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ვახტანგიშვილი ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმში მუშაობდა და ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს მომხდარის მნიშვნელობას, ვინაიდან გვინდა თუ არა, მე-19 საუკუნეში მცხოვრები შესანიშნავი ქართველი მოღვაწის სახელი ჯერ კიდევ 1988 წლიდან მჭიდროდ უკავშირდებოდა თვით კონფლიქტს და მის ცნობიერ თუ იდეოლოგიურ საფუძვლებს.
მკვლელობები ცხინვალის რეგიონში (კონფლიქტის დასრულების შემდეგ) ადრეც ხდებოდა, მაგრამ ასეთი მძაფრი რეაქცია არასდროს ყოფილა, ვინაიდან ამჯერად შეტაკებას მკაფიოდ გამოკვეთილი ეთნიკური შეფერილობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, ეს 1988-1992 წლების საზარელი სისხლიანი კონფლიქტის ექო იყო, რაც კვლავინდებურად გვახსენებს, რომ კონფლიქტის მიზეზები აღმოფხვრილი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ მის შედეგებზე
ამჟამად, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო-პოლიტიკური დისპოზიციის თვალსაზრისით, დაახლოებით ისეთივე ვითარებაა, როგორიც 1992 წლის ივლისში იყო, როცა „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის ეგრეთ წოდებული „სამშვიდობო ჯართა“ ქვედანაყოფები შევიდნენ.
ამით შეწყდა კონფლიქტის შეიარაღებული ფაზა. იგი გადავიდა ლატენტურ ფაზაში, რაც დღემდე გრძელდება და, ალბათ, კიდევ განუსაზღვრელ ხანს გაგრძელდება, ვინაიდან არავითარი ნიშანწყალი პრობლემის გადაწყვეტისა არ ჩანს.
გავრცელებული აზრის მიუხედავად, „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემა არანაკლებ რთულია, ვიდრე აფხაზეთისა. უფრო მეტიც, - სოხუმის რეჟიმი, თუნდაც თვალის ასახვევად, თუნდაც დიპლომატიური მოსაზრებებით, ამ წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ მზად არის საქართველოსთან გააფორმოს კონფედერაციული (მანამდე ფედერაციული) ხელშეკრულება.
მათგან განსხვავებით, ოსი სეპარატისტების პოზიცია აბსოლუტურად შეუვალი იყო: მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან შეერთება „ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების გზით“. საბედნიეროდ (ამას მიზეზად ობიექტური ფაქტორებიც ჰქონდა) სეპარატისტებმა სამაჩაბლოდან (აფხაზეთისგან განსხვავებით) ვერ შეძლებს ქართული მოსახლეობის მასობრივი გამოდევნა.
გამონაკლისია მხოლოდ ქალაქი ცხინვალი. აგრეთვე, ყორნისის რაიონის ნაწილი, სადაც შერეული მოსახლეობა ცხოვრობდა. გარდა ამისა, ვითარების სპეციფიკურობას განსაზღვრავს ქართულ და ოსურ ეთნოსთა განსახლების „მოზაიკურობა“.
აქედან გამომდინარე, ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე ქართული სოფლებია განლაგებული, ანუ ცხინვალს მხოლოდ მათი გავლით შეუძლია რუსეთთან დაკავშირება, მაგრამ ლიახვის ხეობიდან „დიდ ქართულ მიწაზე“ გასასვლელიც ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის.
რეგიონს, ძალისმიერი თვალსაზრისით, აკონტროლებენ სამმხრივი (რუსულ-ქართულ-ოსური) შეიარაღებული ძალები. ეს კიდევ ერთი განსხვავებაა აფხაზეთის კონფლიქტისაგან, რაც 1992 წლის ივლისისთვის არსებული ვითარების ანარეკლია.
აფხაზეთშიც ამგვარი ვითარება რომ შექმნილიყო 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, აფხაზური მხარე უეჭველად დაგვთანხმდებოდა სამმხრივი სამშვიდობო ძალების შეყვანას აფხაზეთში. მოლაპარაკება „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსის თაობაზე, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. რეგიონის ოსური მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და ქართული მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ბრუნვაშია რუსული რუბლი, ცხინვალის გავლით საქართველოს ტერიტორია ივსება კონტრაბანდული საქონლით, რაც უდავოდ რუსეთის ეკონომიკური დივერსიაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა იგი ვერ შედგეს, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო.
კონფლიქტის გადაწყვეტის რაიმე სახელმწიფოებრივი კონცეფცია, ჯერჯერობით, არავის უნახავს და, როგორც ჩანს, ყველა მხარეს ხელს აძლევს (რაკი სხვა გზა არ ჩანს) „სტატუს-კვოს“ შენარჩუნება.
ამდენად, თამარაშენში მომხდარი ტრაგედია მხოლოდ „ჭრილობის შეხსენებაა“, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ურთულესი სტრატეგიული პრობლემები აქვს სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე და მათი გადაჭრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) რთული იქნება.