„შეჩერდეს შემდეგ შეტყობინებამდე!“,- აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მექანიზმი უვადო არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში მხარე საქართველოს ხელისუფლებაა, მან უნდა უზრუნველყოს სტრასბურგში დამატებით ახალი გარემოებების გაგზავნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენასმა სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს „პანორამა“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა, რაც მისი თქმით ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.
„საქმე „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“ შევიდა ევროპის მართლმსაჯულების ისტორიაში. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გაგრძელების შესახებ ერთხმად და უვადოდ იქნა დაკმაყოფილებული. „რუსთავი 2“ ჩვენია, ყველა იმ ადამიანის, რომელიც აქ ვართ. ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ „რუსთავი 2“-ის უფლებები დაირღვა სამართლიანი სასამართლოსთან მიმართებით, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი საქართველოში პროცესის ხელახლა დაწყების. თუ არ დადგინდება, მოიხსნება ეს შეზღუდვა. რა დრო დასჭირდება ამ ყველაფრის გარკვევას, სალია ვადებს ვერ აკონკრეტებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა და ხალვაშის მხარე გაიმარჯვებს. პაატა სალიას განცხადებით, სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ქიბარ ხალვაშს არ ექნება შესაძლებლობა მოახდინოს წილების აღრიცხვა საჯარო რეესტრში.
„საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი, შესაბამისად უფრო ადრე იქნება განხილული, ვიდრე სხვა საქმეები, რომლებიც წარდგენილია საქართველოდან. რაც შეეხება იმას, ორ სუბიექტს შორის დავაში ჩარევის უფლება რამდენად ჰქონდა სასამართლოს, ამ შემთხვევაში ჩემმა მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს მიმართა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ვინაიდან აპირებს წარადგინოს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, სადაც სავარაუდოდ მიუთითებს, რომ პროცესის მსვლელობისას დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული უფლება სამართლიანი სასამართლოსი და ეცდება დაამტკიცოს, რომ ეს უფლება ნამდვილად დაირღვა.
თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ეს უფლება დარღვევულია, ეს საქართველოში პროცესის დაწყების საფუძველი გახდება. თუმცა, კონვენციიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არ არის კერძო პირი, ანუ ქიბარ ხალვაში. მოპასუხე არის სახელმწიფო, ვინაიდან გადაწყვეტილება საქართველოს სახელით არის გამოსული. შესაბამისად სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი გადაწყვეტილება. განმცხადებელი კი არის ის პირი, ვინც თვლის, რომ მისი უფლება შეილახა“, - აცხადებს პაატა სალია.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს, დარწმუნდება რომ არანაირი უფლება არ დარღვეულა, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს სიტყვის თავისუფლების ხელყოფა ხდება. პაატა სალია დარწმუნებულია, რომ რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამ ყველაფრის გარკვევას, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ისე მოიქცევა, რის საშუალებასაც მას კანონი მისცემს. თუ კანონმა სხვა საშუალება არ მისცა, კომპანიაში შესაძლოა სტუმრის სტატუსით იყოს. ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას ხალვაში აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კანონის ჩარჩოში ვიყოთ. რის საშუალებასაც მოგვცემს კანონი, იმას გავაკეთებთ. დაველოდებით შემდგომ ინსტანციებს. მე არ ვფიქრობ, რომ სტრასბურგის სასამართლო რამე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. გადაწყვეტილება მიღებულია და მე გავიმარჯვე - „რუსთავი 2“ მეკუთვნის მე. თუ კანონმა საშუალება არ მომცა, კომპანიაში შეიძლება ვიყო სტუმრის სტატუსით. ძალით ხომ ვერ დავიპყრობ იქაურობას“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.