„მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის შესვლა 26 მაისის გაგრძელებად აღიქმება

„მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის შესვლა 26 მაისის გაგრძელებად აღიქმება

"მედიაპალიტრის" ეზოში სოლიდარობის აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა "მედიაპალიტრის" კუთვნილ საწარმოებში შემოსავლების სამსახურის შესვლა მედიასახლის მიერ 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გაშუქებას დაუკავშირეს. როგორც ჟურნალისტებმა განმარტეს, აქცია პრევენციული ხასიათისაა, რათა მსგავსი ფაქტები სხვა მედიასაშუალებებშიც არ განმეორდეს.

 

თავის მხრივ, შემოსავლების სამსახური პოლიტიკურ პარტიებს თემის პოლიტიზირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სასაქონლო ინვენტარიზაცია „მედიაპალიტრის“ ოთხ ორგანიზაციაში მიმდინარეობს, რომელიც დაფუძნების დღიდან არ შემოწმებულა და ის ხანმოკლე პროცედურა იქნება.

 

ამ განცხადების მიუხედავად, არ კონკრეტდება, როდის დასრულდება ეს „ხანმოკლე პროცედურა“, რაც „მედიაპალიტრის“ ჟურნალისტებისთვისაც უცნობია.

 

ცალკეულ პოლიტიკოსთა მიერ უკვე გაკეთდა მკვეთრი განცხადებები, სადაც ისინი თავისუფალი მედიის ზეწოლას დაუშვებლად მიიჩნევენ და ხელისუფლებას მედიასაშუალებების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

 

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტ ნანა ლეჟავას არ უკვირს, რომ სწორედ 26 მაისის შემდეგ ხდება მედიასაშუალებაზე სადამსჯელო ღონისძიების გატარება.

 

„მედიაპალიტრა“ ერთ-ერთი იყო, ვინც ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს. ამდენად, ეს მთელ საზოგადოებას ეჭვის საფუძველს აძლევს, რომ ყველაფერი კარგად არ არის. უბრალოდ, მეშინია, რომ ძალიან მალე ყველასთან მივლენ და ცოტა ხანში ამ ქვეყანაში გამპროტესტებელი არავინ დარჩება“, - აცხადებს ნანა ლეჟავა.

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ოფიციალურად დიქტატურა გაფორმდა. მისი აზრით, 26 მაისის შემდეგ ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერი ურთიერთკავშირშია.

 

„მედიაპალიტრაში“ შესვლა ამ დიქტატურის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რა თქმა უნდა, დიქტატურა ცივილიზებული სახის მიღებას ცდილობს. იგი შეეცდება, ფასადი გალამაზებული იყოს და კონკრეტული პრეტენზიები დარღვევებით დაასაბუთოს, მაგრამ, მე მგონი, ამის არავის სჯერა“, - განმარტავს ბურჯანაძე.

 

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა აცხადებს, რომ მომხდარი მიმართულია იმისკენ, საყოველთაო ტერორი და დაშინება, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოკვლა დასრულების სტადიაში შევიდეს.

 

მისი აზრით, ხელისუფლება ცდილობს, ამას მოჰყვეს ისეთი ტიპის აღშფოთება, რომელიც შედეგს არ მოიტანს, მაგრამ დაძაბავს სიტუაციას. ამის ფონზე მიხეილ სააკაშვილი სტაბილურობისა და დემოკრატიის ერთადერთ გარანტად უნდა გამოჩნდეს მსოფლიოს თვალში.

 

გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ შემოწმების თაობაზე „მედიაპალიტრა“ ერთი თვით ადრე უნდა გაეფრთხილებინათ, ხოლო მისი ინვენტარიზაცია დალუქვის გარეშე უნდა მომხდარიყო. „ქრისტიან-დემოკრატი“  ინგა გრიგოლია კი მომხდარს „პალიტრის“ გაჩერების მცდელობად აფასებს:

 

„იქიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი როგორც ექცევიან ჟურნალისტებს, ვისი ინფორმაციაც არ მოსწონთ, ვერ დავიჯერებ, რომ ეს არის რიგითი შემოწმება. 26 მაისის შემდეგ ეს შემთხვევითი არაა,“ - აცხადებს გრიგოლია.

 

შალვა რამიშვილის აზრით კი, „მედიაპალიტრაში“ შესვლა იმის გაგრძელებაა, რაც 25-ე არხთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ბათუმში გათიშეს და, რომლის აღდგენასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

 

თინა ხიდაშელი თვლის, რომ „მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის შესვლა 26 მაისის მოვლენების გაგრძელებაა. მისი აზრით, ხელისუფლება ცდილობს, ყველას გააგებინოს, რომ მისთვის ბარიერი არ არსებობს. 

 

პრესაგე.ტვ. ესაუბრა „მედიაპალიტრის“ ჟურნალისტებს. როგორც გაირკვა, 7 ივნისს "მედიაპალიტრის" ექვს შეზღუდულ პასუხისმგებლობის საწარმოში შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების ერთდროულად დაწყება მათში გარკვეულ ეჭვებს იწვევს. თუმცა ამ ეტაპზე მათ მიზეზების დააკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.

 

კომპანიის კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთდროულმა შტურმმა მედიასახლში ვითარება დაძაბა.

 

შემოსავლების სამსახურის შემოსვლა „მედიაპალიტრის“ მუშაობაზე როგორ აისახა?

- „მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის მხრიდან განხორციელებულმა შტურმმა შიდა სამუშაოების წარმართვის პროცესი დაძაბა. გაზეთების ბეჭდვისა და გავრცელების რითმი შეფერხდა. „მედიაპალიტრაში“ არა  მარტო ჩვენი, არამედ სხვა გაზეთებიც იბეჭდება. ამ ექვს განსხვავებულ შპს-ში მათი ერთდროული შემოსვლა, ცხადია, საეჭვოა.

 

შემოსავლების სამსახურის რამდენი თანამშრომელი ამოწმებს თქვენს ორგანიზაციებს?

- ჩვენს სხვადასხვა ობიექტში არიან შესული და მათი რიცხვი ზუსტად არ ვიცი. იოსებიძეზეც არიან, ზოგიერთი კი  სტამბაში, საწყობში გადანაწილდა.

 

თანამშრომლებთან კონტაქტში შედიან?

- ჩვენთან არ საუბრობენ. ჯერჯერობით ინვენტარიზაციას ამოწმებენ, რასაც არც ისე დიდი დრო ჭირდება, შემდეგ ალბათ საბუთების რევიზიაზე გადავლენ. როგორც თვითონ განაცხადეს, ეს მალე მოხდება და არ გახანგრძლივდება. მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა „მალე“ და როდის დასრულდება, არ ვიცით.

 

ბუღალტერიასაც ამოწმებენ?

- ჯერჯერობით არ ვიცით.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მხრიდან „გეგმიური“ შემოწმება 26 მაისს „მედიაპალიტრის“ ობიექტურმა მუშაობამ განაპირობა. თქვენც ამას უკავშირებთ?

- იცით რა, ჩვენ ბევრი ეჭვი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულად არაფერს ვუკავშირებთ. პოლიტიკოსები რას განაცხადებენ, ეს მათი საქმეა. ჯერჯერობით ეჭვები და კითხვები ბევრი გვაქვს, რომელზეც პასუხები არ არსებობს და არც ეჭვია გაქარწყლებული.

 

ვითარების გასარკვევად საქმის კურსში დიპლომატებს ჩააყენებთ ?

- ალბათ არავის. ნორმალური, შემოწმება რომ ჩატარებულიყო, თითოეულში შპს-ში  სხვადასხვა დროს - დეკემბერში, მარტში ან თებერვალში რომ შემოსულიყვნენ, არავითარი რეაქცია არ გვექნებოდა. ძალიან ღია და გახსნილი ორგანიზაცია ვართ. შემოწმება შემოწმებაა. უბრალოდ, ეჭვი ამ ერთდროულმა შტურმმა გააჩინა.

 

მედიასახლის ჟურნალისტმა იზო რიკაძემ პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აღნიშნა, რომ გუშინ გამომავალი გაზეთების დაბეჭდვა შეფერხდა, გვიან დაიბეჭდა „ვერსია“, ჟურნალი „გზა“.

 

- გვარწმუნებდნენ, რომ მუშაობაში ხელი არ შეგვეშლებოდა. ამის მიუხედავად, პრობლემა მაინც დადგა და გაზეთი რამდენიმე საათის დაგვიანებით მიეწოდა მკითხველს. თავად ჟურნალისტები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ, გადაადგილების პრობლემა არ გვაქვს. ამ წუთებში ჩემს თვალწინ მზადდება „ჯორჯიან ჟურნალი“. ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. ოღონდ, ცხადია, არსებობს იმის განცდა, რომ რაღაც მოულოდნელი და არასახარბიელო ხდება. ასე უცებ ექვს ობიექტში საგადასახადო შემოსავლების სამსახურის შესვლა და შემდეგ მათი მხრიდან მტკიცება, თითქოს ეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა,  სულ მცირე, ეჭვს მაინც ბადებს. მაინცდამაინც „პალიტრის“ ობიექტების შემოწმება რატომ დაიწყო?! წინასწარი შეფასებების გაკეთება ნაადრევად მიმაჩნია, რადგან არ ვიცით, რა მოხდება.

 

ცალკეული პოლიტიკოსების მსგავსად, მომხდარს „მედიაპალიტრის“ ჟურნალისტებიც 26 მაისის მოვლენების გაშუქებას უკავშირებთ?

- ჩვენი ჰოლდინგის ამოცანა ყოველთვის იყო, ობიექტურად გაეშუქებინა მოვლენები. ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე პრეტენზია აქვს, ასეთი მედიასაშუალება არ უნდა ზარალდებოდეს. პირიქით, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ობიექტურ მუშაობას, თუკი ამაში ხელს არ შეგვიშლიან. რაც შეეხება 26 მაისთან დაკავშირებას, ეს პოლიტიკური განცხადებაა, რაც პოლიტიკოსების პრეროგატივაა. პირადად მე ამას ვერ ვიტყვი. ფაქტია, რომ „პალიტრა. ტვ“ ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური საშუალება იყო, რომელმაც ეს მოვლენები გააშუქა.

 

ჩვენი საზოგადოება ნაკლებად სოლიდარულია. ამის მიუხედავად, მედიაპალიტრის ეზოში გამართულ სოლიდარობის აქციას როგორ შეაფასებთ?   

- საერთოდ, „მედიაპალიტრის“ პრინციპია, რომ ყველა მისი ქმედება გამჭვირვალე იყოს. ალბათ სამომავლოდ დიპლომატიურ კორპუსსაც მივაწვდით ამის შესახებ ცნობებს. სოლიდარობის აქციაზე ძალიან ბევრი მედიასაშუალების ჟურნალისტი მოვიდა, რომელთაც თანადგომა გამოგვიცხადეს. სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ჩვენი კოლეგები ჩვენს საქმიანობას ობიექტურად აფასებენ. გარკვეული სიამაყის განცდა მქონდა. მათ შორის, იყვნენ სახელისუფლო მედიის წარმომადგენლებიც.